ავტოსპორტი

0:38 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფორს ინდია“ უკვე მომავალი სეზონისთვის მზადებას იწყებს

ფორმულა 1-ის გუნდებს მუდმივად უწევთ საკუთარი ბიუჯეტის იმგვარად განაწილება, რომ მიმდინარე სეზონში ბოლიდის დახვეწაც შეძლონ და მომდევნო სეზონისთვის მზადებაც ადრე დაიწყონ, რათა მოწინავეთა შორის დაიმკვიდრონ ადგილი. „ფორს ინდიამ“ კი გადაწყვიტა, რომ მეტი ყურადღება მომავალი სეზონისთვის მზადებას დაუთმოს.

მას შემდეგ, რაც გუნდმა ესპანთის ეტაპზე ბოლიდს სოლიდური განახლება ჩაუტარა, მისმა პილოტმა სერხიო პერესმა ორჯერ (სამ რბოლაში) შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ეს იმის დადასტურება იყო, რომ ავტომობილი კონკურენტუნარიანია. სწორედ ეს გარემოება უბიძგებს გუნდს იქით, რომ ადრევე დაიწყოს ახალი სეზონისთვის მზადება.

„სხვების მსგავსად, გარდამავალი ეტაპი ჩვენც დავიწყეთ. მიგვაჩნია, რომ ამ მანქანის განვითარებაზე დიდი ძალისხმევა საჭირო აღარაა. მომავალ სეზონში დიდი გამოწვევა გველის, რადგან ტექნიკურ რეგლამენტში ბევრი სიახლეა. ეს იმის შანსს გვაძლევს, რომ ჩვენი ინჟინრების გამორჩეულად კარგ გუნდით, ბევრს მივაღწიოთ. მომავალ სეზონს ყველა სუფთა ფურცლიდან დავიწყებთ და ეს ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს“, - ამბობს „ფორს ინდიას“ შეფის მოადგილე ბობ ფარნლი.

ახლანდელი გადმოსახედიდან, ინდური გუნდის მიზანი შესაძლოა მეოთხე ადგილისთვის ბრძოლა იყოს, რაც ძალიან ძნელი იქნება, რადგან ეს თითქმის ტოპ გუნდების დონეა. თუმცა ფარნლი ამბობს, რომ გუნდისთვის მთავარი მეხუთე ადგილის შენარჩუნება იქნება. ეს ნიშნავს, რომ „ფორს ინდია“ ისევ „უილიამსის“ უკან დარჩება და თავისი ადგილის შესანარჩუნებლად, „ტორო როსოსთან“ მოუწევს პაექრობა. თუმცა ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კრიზისიდან თავის დაღწევას „მაკლარენი“.

0.12427