ფეხბურთი

0:55 | 4.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სრულ გაუგებრობაში (+VIDEO)

მხოლოდ ორწუთნახევარი რომ არის გასული და უკვე ორი ბურთით აგებ, ასეთი რამ ეზოებშიც აღარ ხდება. თამაშს ნახავდით და სასიხარულო რა უნდა დავწეროთ, ან იმედი მაინც მოჩანდეს რაიმე. რუმინეთი ევროპის ჩემპიონატზე კი არის გასული და კონტინენტზე სიძლიერით მეთხუთმეტე-მეოცე ნაკრები კი ჰყავთ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს აღარაა გეორგე ჰაჯის, ფლორინ რადუჩოიუს, გეორგე პოპესკუს და დან პეტრესკუს დროინდელი რუმინეთის დარი გუნდი. მათ ვარსკვლავი არ ჰყავთ. და ასეთმა ნაკრებმა საწყის 15 წუთში ორჯერ გაგვიტანა (უფრო ჩვენ გავიტანეთ საკუთარ კარში), ამასთან, ჯერ ხარიხას, მერე ძელს მოარტყა ბურთი.

ვლადიმირ ვაისმა 6 ნომინალური მცველი დააყენა სასტარტო შემადგენლობაში, ოღონდ გურამ კაშია საყრდენ ნახევარმცველად იყო გადაწეული. ვერ მივხვდით, რატომ დაეთმო ასეთი მცირე დრო გიორგი ქვილითაიას, რომელიც სლოვაკეთთან მეორე ტაიმში საკმაოდ აქტიური იყო. ან, სლოვაკეთთან ერთადერთი და თანაც ლამაზი, ინდივიდუალური გოლის გამტანი ლევან ყენია საერთოდ არ იმსახურებდა თამაშს? გასაგებია, ამხანაგური მატჩია და მწვრთნელს სხვადასხვა ფეხბურთელების ნახვა სურდა საქმეში, მაგრამ არც მთლად ასე იყო. ეს თავის მართლების საბუთად ვერ გამოდგება.

გოლების დეტალურად აღწერას ვერ შევუდგებით. ეგაა, პირველ შემთხვევაში ლაშა დვალი უხეშად შეცდა, მეორეში ალეკო ამისულაშვილმა საკუთარ კარში ჩაჭრა ფლანგიდან ჩაწოდებული, მესამე გოლის მომენტში გიორგი აბურჯანიამ გააკეთა უკან ცუდი პასი, მეოთხეზე მთელი დაცვა ჩავარდა და უადვილესად გაიტანეს რუმინელებმა, მეხუთე კი რიკოშეტი იყო, კლაუდიო კეშერუს დარტყმული ალეკო ამისულაშვილს მოხვდა და როინ კვასხვაძე უძლური გამოდგა.

ჩვენი ერთადერთი გოლი კი დებიუტანტ ზურაბ ცისკარიძის ჩაწოდებასა და ლევან მჭედლიძის დასწრებაზე თამაშს მოჰყვა. ცისკარიძე პირველ მატჩს ატარებდა ნაკრებში და მოედანზე შემოსვლიდან ოთხ წუთში მიითვალა საგოლე პასი, მოგვიანებით კი თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ვარდნაში მოუწია დარტყმა და ზუსტი ვერ გამოუვიდა.

მომდევნო შეხვედრა 7 ივნისს ესპანეთთან, “ხეტაფეს” სტადიონ “ალფონსო პერესზე” გაიმართება. იმედიანი შიმშილიც კარგიაო, ნათქვამია, მაგრამ რაც სლოვაკეთთან და განსაკუთრებით რუმინეთთან ვნახეთ, იმედის საფუძველს საერთოდ ვერ გვაძლევს. შიმშილი კი არც აქამდე გვაკლდა.

რამდენიმეწუთიანი გამონათებები არ კმარა. იყო მომენტები, როცა ნაკრები რაღაცას ცდილობდა, შეტევაში მაინც მიდიოდა, მაგრამ ცუდი იმდენი ვნახეთ, რომ ეს მცირე გამონათებები მთლიანად გადაფარა...

3 ივნისი. 2016. ბუქარესტი. “არენა ნაციონალე”

რუმინეთი-საქართველო 5:1 (2:0) (VIDEO)

რუმინეთი: ტეტერუშანუ, სეპუნარუ, მოცი, გრიგორე, რაცი, ჰობანი (პრეპელიცა 64), პინტილი (სანმარტიანი 84), პოპა (კეშერუ 71), სტანჩიუ (ალიბეკი 83), სტანკუ (ტორჟე 71), ანდონე (კიპჩუ 64)

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

საქართველო: კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, დვალი (მჭედლიძე 32), კაშია, ნავალოვსკი (ცისკარიძე 64), აბურჯანია (კვეკვესკირი 64), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დვალიშვილი (ქვილითაია78)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 1:0 პოპა (2), 2:0 ამისულაშვილი (3 საკ.კარში), 3:0 სტანჩიუ (49), 3:1 მჭედლიძე (68), 4:1 ტორჟე (80), 5:1 კეშერუ (87)

გაფრთხილება: დვალიშვილი (51)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107456