ავტოსპორტი

21:43 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დენისის თქმით, „მერსედესის“ ბატონობას „მაკლარენი“ დაამხობს

„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი დარწმუნებულია, რომ ფორმულა 1-ში „მერსედესის“ დომინაციას წერტილს მისი გუნდი დაუსვამს. „მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ „მერსედესის“ შემდეგ პირველი ჩემპიონი „მაკლარენი“ გახდება. ჩვენ ამ მიზანს სხვებზე ადრე მივაღწევთ. ეს დიდი გამოწვევაა, მაგრამ მე მჯერა ჩვენი თანამშრომლების და „ჰონდას“ კომპეტენტურობის“, - ბიბისისთან საუბრისას განაცხადა დენისმა.

რაც ფორმულა 1-ში ჰიბრიდული V6 ტურბო აგრეგატების ეპოქა დაიწყო, სამქიმიანებს ბადალი არ ჰყავთ. მათ 2014 და 2015 წლების სეზონები მოიგეს. ამ სეზონებში კი 43-დან 36 რბოლაში მათი პილოტები გახდნენ გამარჯვებული. უფრო მეტიც, გერმანული გუნდი ამ სეზონშიც შეუდარებელია. ეს იმ დროს, როცა „მაკლარენს“ 2012 წლიდან მოყოლებული, რბოლაც კი არ მოუგია. „ჰონდასთან“ პარტნრობის განახლებაა კი გასულ სეზონში კრახი მოჰყვა.

დენისს იმედი აქვს, მომავალი სეზონის ახალი ტექნიკური რეგლამენტი, მის გუნდს სწრაფად განვითარების და მოწინავეთა შორის დაბრუნების შანსს აძლევს: „2017 წლის რეგლამენტი იმის საშუალებას გვაძლევს, რომ „ჰონდასთან“ ერთად, ლიდერების დაწევა შევძლოთ. ამისთვის საკმარისი დრო გვაქვს. მჯერა, რომ რბოლების მოგებას შევძლებთ. არ მინდა წინასწარმეტყველება დავიწყო. „მერსედეს-ბენცის“ ჯობნა ყველასთვის დიდი გამოწვევაა. მე კი მჯერა, რომ სხვებზე ადრე ამას ჩვენ შევძლებთ“.

„მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე ამბობს, რომ MP4-31-ის შასი „ფერარისას“ სჯობს და ეს მის გუნდს მონაკოში მარანელოელთა ჯობნის საშუალებას მისცემს. გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას ბუიემ განაცხადა, რომ მონკოში მის გუნდს მე-6-8 ადგილების შანსები აქვს. რეპორტიორის კითხვაზე - ესე იგი, „მერსედსის“, „რედ ბულის“ და „ფერარის“ უკანო? ბუიემ მიუგო: „დარწმუნბული არ ვარ, რომ „ფერარი“ ჩვენს წინ იქნება. „რედ ბულში“ დარწმუნებული ვარ. „ტორო როსოს“ საკმაოდ კარგი მანქანა აქვს და „მერსედესი“ რა თქმა უნდა“.

ბუიე დარწმუნებულია, რომ „მაკლარენს“ მესამე საუკეთესო შასი აქვს. უფრო მეტიც, ის გასულ სეზონშიც იგივეს ამბობდა.ის აკონკრეტებს: „გასულ სეზონში ჩვენ მესამე საუკეთესო შასი გვქონდა. ახლოს ვიყავით „უილიამსთან“ და ფერარისთან“. ამ სეზონში კი „მერსედესის“ და „რედ ბულის“ შემდეგ ვართ. შემდეგ არიან „ფერარი“, „ტორო როსო“ და „უილიამსი“. ისინი აშკარად ჩვენზე უკან არიან“.

ყველა აღიარებს, რომ „მაკლარენს“ ჯერაც აკლია სიმძლავრე. მაგრამ მონაკოში სიმძლავრე არ თამაშობს ისეთ როლს, როგორსაც საშუალო და სწრაფ ტრასებზე. ამიტომ, შასის ხარჯზე, უოკინგელების შანსები გაიზრდება. ამ ფაქტორს ფერნანდო ალონსო გამოჰყოფს: „ჩვენ ჯერაც სიმძლავრე გვაკლია, მაგრამ მონაკო ისეთი ტრასაა, სადაც სიმძლავრე არც ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, ჩვენ უფრო მეტის მიღწევის შანსი გვაქვს, ვიდრე სხვაგან“.

0.113896