ბლოგი

20:00 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ინდეპენდიენტე” - პატარა კლუბის დიდებულება

შეიძლება ადამიანმა 200 წელი იცოცხლოს და ისე გაუდგეს გზა-ნათელს, რომ საერთოდ ვერ გაიგოს ბევრი რამის არსებობაც კი. და მერე ამით რა შავდება? პრინციპში არც არაფერი! მაგრამ, ხან ისეც ხდება, რომ კარგი, ლამაზი და კოხტა რამეები თავისით ჩნდებიან ჩვენს ცხვირწინ და სამწუხაროდ ხშირად მაშინაც კი გვეზარება მათი დანახვა და შეცნობა..

იყო და არა იყო რა, შორს, ზღვებისა და ოკეანის იქით მდებარე მიკარგულ ქვეყანა ეკვადორში არსებობდა და არსებობს პატარა ქალაქი სანგელქუფი, თავისი უცნაური და საოცარი საფეხბურთო კლუბით “ინდეპენდიენტე”, რომლის სრული სახელწოდებაცაა “ინდეპენდიენტე დელ ვალლე”. რითია ეს კლუბი საოცარი? განა ცოტაა ლათინურ ამერიკაში მსგავსი დასახელებისა და გაქანების კლუბები? განა ვის უკვირს ლათინურ ამერიკაში ასეთი ჩაგვირისტებული ამბები?

ამ ამბავში ალბათ მთავარი ისაა, რომ “ინდეპენდიენტეს” არ გააჩნია ოფიციალური ბიუჯეტი და თქვენ წარმოიდგინეთ, არც არასოდეს გააჩნდა. ეს გუნდი 1958 წელს შეიქმნა და უკვე ამდენი ათწლეულია, სტადიონზე გაყიდული ბილეთებითა და ქომაგების შემოწირულობით საზრდოობს. იმის გამო, რომ საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ არავინ იცის რამდენი ბილეთი გაიყიდება, ან რამდენი ეკვადორელი გაიკრავს ჯიბეზე ხელს და კლუბის ფონდს შეეხიდება, “ინდეპენდიენტეს” ბიუჯეტი უბრალოდ არ გააჩნია და ყველა ლოგიკით ასეთი აბდაუბდა ფინანსების მქონე კლუბს არსებობა დიდი ხნის წინ უნდა შეეწყვიტა, მაგრამ ეს ეკვადორია, ეს სამხრეთ ამერიკაა და იქ ყველაფერი სულ სხვანაირად ხდება.

აქამდე “ინდეპენდიენტეს” არც ერთი ტიტული არ მოუპოვებია და ეკვადორულ ღვთისგან მივიწყებულ ფეხბურთშიც კი არასოდეს ყოფილა ეს კლუბი ფლანგმანი. სწორედ ამიტომაც, შარშან ყველას ნამეტნავად გაუკვირდა, როდესაც სანგელქუფელები ლათინური ამერიკის უპირველესი საკლუბო გათამაშების, კოპა ლიბერტადორესის ზონაში მოხვდნენ, მაგრამ, მაშინ პესიმისტ-პროგნოზისტები აბა რას წარმოიდგენდნენ, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო მეტ და კიდევ უფრო საკვირველ ამბებს დაატრიალებდა.

ამჟამად “ინდეპენდიენტე” კოპა ლიბერტადორესის გათამაშების მეოთხედფინალშია გასული, სადაც მათი მეტოქე მექსიკის ძველი და ფესვმაგარი კლუბი “პუმას უნამია” და დიდი შანსია, რომ შემდეგ ეტაპზე სწორედ მექსიკელები გავიდნენ, მაგრამ უფულო და ყველასათვის სრულიად უცნობი ეკვადორული კლუბის ასეთი დიდი წარმატება უკვე ნათელი დასტურია იმისა, რომ ფეხბურთში ყველა მიღწევა ჯერ კიდევ არ გადის დიდ ფულზე და ჯერ კიდევ არსებობს ის “რაღაც”, რის გამოც შეიძლება რიგითმა ადამიანმა “ინდეპენდიენტეს “ მსგავს პატარა და შეჭირვებულ კლუბს უგულშემატკივროს.

“ინდეპენდიენტეს” მშობლიურ ციცქნა არენაზე, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნობი ეკვადორელი გენერლის სახელს ატარებს, სულ რაღაც 7233 ადამიანი ეტევა, რაც სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისათვის დაგვეთანხმებით, რომ წარმოუდგენლად მცირე რაოდენობაა. “ინდეპენდიენტეს” ეკვადორში ალბათ სრულიად სამართლიანად ეძახიან “სოფლის გუნდს” და სრულიად სამართლიანად ფიქრობენ, რომ სანამ ეს გუნდი ეკვადორის ჩემპიონი გახდება, მანამდე მრავალი წყალი ჩაივლის, მაგრამ თუნდაც ის ამბავი, რომ ”ინდეპენდიენტეს” უცნაურობისა და შემართების შესახებ სადღაც შორეულ საქართველოშიც კი იციან, ღირს იმად, რომ ბიუჯეტის არმქონე კლუბი გიყვარდეს და გემშობლიურებოდეს. ეს დიდებული გრძნობაა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13613