ფეხბურთი

20:51 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ეს იყო ფედერაციისგან პირველი პრეცენდენტი და ყველამ იცოდეს, რომ მომავალშიც არავის შერჩება” (+VIDEO)

როგორც უკვე ვწერდით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქედის “ბეთლემის” ოთხი ფეხბურთელი (კარენ მაკარიანი, თემურ ხარებავა, არჩილ ბაჯელიძე, ლევან ბექთაშევი) და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი რომან ქობულაძე სამუდამოდ მოკვეთა ფეხბურთიდან. “ბეთლემი” მომდევნო სეზონს არა პირველ ლიგაში, არამედ ერთი ლიგით ქვემოთ დაიწყებს და ამასთან, 50 000 ლარსაც გადაიხდის.

ეს ყველაფერი მოჰყვა 10 მაისის მატჩს, რომელშიც “ბეთლემი” ხობის “კოლხეთს” ეთამაშებოდა. ხობელებმა 4:1 მოიგეს და ამ შეხვედრაში “ბეთლემმა” ორი ავტოგოლი მიითვალა: ჯერ ხარებავამ, მერე მაკარიანმა. ავტოგოლიცაა და ავტოგოლიც, ვიდეო რომ ვნახეთ (ფედერაციაში დისკები დაგვირიგეს), ეს იყო მასკარადი და ფეხბურთის შეურაცხყოფა. (VIDEO)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და ფედერაციის სპორტული სამართლიანობის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ბზიკაძემ პრესკონფერენცია გამართეს:

კობიაშვილი: “ჩვენთვის ნამდვილად არაა სასიამოვნო, რაც ხდება. რაც აღნიშნულ მატჩში მოხდა, ეს აზიანებს ფეხბურთს და აზიანებს მთლიანად ქვეყანას. ყველამ იცოდეს, სანამ ფედერაციაში ვარ, მსგავს ფაქტებს ყოველთვის ექნება უმკაცრესი გამოხმაურება და არანაირად არ დავუშვებთ ფეხბურთის მასხრად აგდებას. 24 საათი იმაზე ვფიქრობთ, წინ როგორ წავიდეთ, ამ დროს კი ასეთი ამბები ხდება. ჩვენ გვაქვს სპორტული სამართლიანობის სამსახური და თამაში არ არსებობს, იქ ფედერაციის წარმომადგენელი რომ არ გვყავდეს. რაც “ბეთლემის” ფეხბურთელებისგან მოხდა, ეს იყო ფაქტი. ვიდეოჩანაწერის განსახილველად მოვიწვიეთ ჯგუფი და ყველაფერი ნათლად ჩანს და ისმის. ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მართებულად მიიჩნია, რომ ამ შეხვედრაში დაირღვა სამართლიანობის პრინციპი. პირველად ხდება, რომ ფედერაცია მსგავს ფაქტებს აქვეყნებს და პირველად ხდება, რომ თავად იღებს გადაწყვეტილებას დასჯაზე.

...საეჭვო შესაძლოა სხვა თამაშებზეც ხდება რამე და ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ, ჩვენი წარმომადგენლები ერთ თამაშსაც კი არ აცდენენ, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ხელთ გვაქვს ფაქტი. ჩვენ მხოლოდ უეფას რეპორტზე (საეჭვო თამაშების სია) არ ვართ დამოკიდებულნი, თავადაც ყველანაირად ვამოწმებთ სიტუაციას. კიდევ ვიმეორებ, მსგავსი ფაქტები თუ განმეორდება, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მათი ადგილი აღარ იქნება ფეხბურთში”.

ვახტანგ ბზიკაძე: “ვესაუბრეთ გუნდის წარმომადგენლებსა და ფეხბურთელებს. რა თქმა უნდა, ისინი ყველაფერს უარყოფდნენ, მაგრამ ვიდეოჩანაწერში ყველაფერი აშკარად ჩანს. ამიტომაც, სიტყვაზე მეტად თვალით დანახულს ვენდობით. რის საფუძველზე მოხდა “ბეთლემის” წევრთა ქმედება? ეს გამოძიების საქმეა”.

კობიაშვილის თქმით, არსებობს ტრიბუნალ და ყველას შეუძლია გასაჩივრება, მაგრამ თავადვე დაამატა – ამ კადრების შემდეგ, რაღა უნდა იყოს გასასაჩივრებელიო.

ცნობისთვის, ხობის “კოლხეთი” პირველ ლიგაში მესამე ადგილზეა, ხოლო “ბეთლემი” მეცამეტეზე. ერთი ტური დარჩა და შესაძლოა, “ბეთლემი” ისედაც გავარდნილიყო, ახლა კი მათი ქვედა ლიგაში დაქვეითება გადაწყვეტილია.

ფეხბურთელებზეც: ლევან ბექთაშევი 30 წლის მეკარე გახლავთ, არჩილ ბაჯელიძე (30), თემურ ხარებავა (28) და კარენ მაკარიანი (28) კი მცველები არიან. ამ ფეხბურთელებიდან შედარებით ცნობილია მაკარიანი, რომელიც “ზესტაფონსა” და ბათუმის “დინამოში” თამაშობდა, “ბეთლემში” კი შარშან კი გადავიდა. ბაჯელიძესაც აქვს უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება: ბათუმის “დინამოსა” და “შუქურაში” გამოდიოდა.

0.138557