ფეხბურთი

2:43 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ხიხონი” დარჩა, “ხეტაფე” და “რაიო ვალეკანო” – გავარდნენ

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში გასარკვევი მხოლოდ ის გახლდათ, თუ რომელი ორი კლუბი დატოვებდა ლა ლიგას “ლევანტესთან” ერთად. ელიტაში დარჩენის ყველაზე კარგი შანსი “ხეტაფეს” ჰქონდა, რომელსაც მიზნის მისაღწევად გასვლაზე უმოტივაციო “ბეტისი” უნდა დაემარცხებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო და ქვედა დივიზიონში დამსახურებულად დაქვეითდა.

უგოლო ტაიმის შემდეგ, 56-ე წუთზე მასპინძლები პაცელამ დააწინაურა, ხოლო 73-ე წუთზე რუბენ კასტრომ სხვაობა გაზარდა. მადრიდელებს ნერვებმა უმტყუნათ და უხეშობაზე გავიდნენ. მათ მეორე ტაიმში 8 ყვითელი ბარათი მიიღეს, ხოლო 75-ე წუთზე ბუენდიამ წითელი ბარათი დაიმსახურა. სტუმრებმა რაც შეძლეს, პრესტიჟის ბურთის გატანაა, არაფრის მომცემი გოლი 84-ე წუთზე ალვარო მედრანმა შეაგდო – 2:1. "ხეტაფე” ლა ლიგას მინიმუმ ერთი წლით დაემშვიდობა.

ანდალუსიელთა რიგებში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა 34 წლის ხორხე მოლინამ, რომელიც “ბენიტო ვილამარინზე” 6 წელი თამაშობდა და 152 მატჩში 51 გოლის გატანა მოახერხა.

“ხეტაფეს” წაგებით ისარგებლა “ხიხონმა” საკუთარ მოედანზე უმოტივაციო “ვილიარეალი” დაამარცხა და ლა ლიგაში დამსახურებულად დარჩა. ასტურიელები მე-8 წუთზე ხონიმ დააწინაურა, ხოლო 79-ე წუთზე სერხიო ალვარესმა “ელ მოლინონზე” შეკრებილი ინჩადა დაამშვიდა – 2:0.

“რაიო ვალეკანო”, რომელიც საკუთარ მოედანზე გავარდნილ “ლევანტეს” ხვდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებოდა ლა ლიგაში, თუ თავის შეხვედრას მოიგებდა, ხოლო ამის გაკეთებას “ხეტაფე” და “ხიხონი” ვერ შეძლებდნენ. პაკო ხემესის შეგირდებმა დამაჯერებლად იმარჯვეს, მაგრამ “ხიხონის” გამარჯვებამ ამ 3 ქულას ფასი დაუკარგა და მადრიდელებს ლიგა ადელანტეში მოუწევთ თამაში.

დარჩენილი ორი შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით უმოტივაციო გახლდათ: “მალაგამ” შინ “ლას პალმასი” გაანადგურა, ხოლო “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე “ეიბარს” სძლია.

რაიო ვალეკანო – ლევანტე 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 პ.ერნანდესი (12), 2:0 ხოზაბედი (23), 2:1 ვერზა (60 პენ.), 3:1 მიკუ (73)

ბეტისი – ხეტაფე 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 პაცელა (56), 2:0 რ.კასტრო (73 პენ.), 2:1 მედრანი (84)
გაძევება: ბუენდია (75)

ხიხონი – ვილიარეალი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ხონი (8), 2:0 ს.ალვარესი (79)

მალაგა – ლას პალმასი 4:1 (2:1)

გოლები: 1:0 ჩოპი (26), 1:1 ვ.ჟოზე (31), 2:1;4:1 ჩარლესი (45+1 პენ. 86), 3:1 ატსუ (84)

ესპანიოლი – ეიბარი 4:2 (2:0)

გოლები: 1:0;4:1 ხ.მორენო (13;76), 2:0;3:1 ასენსიო (32;66), 2:1 ბასტონი (57 პენ.), 4:2 ენრიჩი (90)

თეგებილა ლიგა
0.145254