ფეხბურთი

1:57 | 16.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” “ტოტენჰემს” გადაუსწრო, “სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ტურის 9 შეხვედრა კვირას გაიმართა, ხოლო “ოლდ ტრაფორდზე” გასამართი დაპირისპირება სამშაბათისთვის გადაიდო, რადგან სამართალდამცავებმა ტრიბუნაზე საეჭვო პაკეტი შენიშნეს, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, ყალბი ბომბი აღმოჩნდა.

რაც შეეხება ჩატარებულ შეხვედრებს, ყველაზე საინტერესო, სენსაციური და მნიშვნელოვანი შედეგი “სენტ ჯეიმს პარკზე” დაფიქსირდა, სადაც ჩემპიონშიფში გავარდნილმა “ნიუკასლმა” კარი ომახიანად გაიჯახუნა და ამით “ტოტენჰემს” მე-2 ადგილი დააკარგვინა.

მასპინძლებმა ჟორჟინიო ვეინალდუმის და ალექსანდრ მიტროვიჩის გოლებით პირველივე ნახევარში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. მე-60 წუთზე სხვაობა ერიკ ლამელამ შეამცირა, ხოლო 7 წუთში მოედნიდან მიტროვიჩი გააძევეს და მოსალოდნელი გახლდათ, რომ “ტოტენჰემი” მთელი ძალებით შეუტევდა და გათანაბრებას ეცდებოდა. თუმცა, მოვლენები 180 გრადუსით საპირისპიროდ განვითარდა: 73-ე წუთზე ვეინალდუმმა პენალტის ნიშნულიდან დუბლი გაიფორმა, 85-ე წუთზე ანგარიში აარონსმა გაზარდა, ხოლო ერთ წუთში დერილ ჯანმაატმა ტაბლოზე გამანადგურებელი სხვაობა დააფიქსირა – 5:1.

“ჯორდებს” აქამდე ასე რომ ეთამაშათ, ჩემპიონშიფში ნამდვილად არ გავარდებოდნენ, მაგრამ დღევანდელი ბრწყინვალე თამაში ძალიან გვიანია და ისინი პრემიერლიგას მინიმუმ ერთი წლით დაემშვიდობნენ.

“ტოტენჰემის” წაგებით ისარგებლა მისმა პრინციპულმა მეტოქემ “არსენალმა”, შინ მაჩანჩალა “ასტონ ვილა” გაანადგურა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. ჰეთ-თრიკით გამოირჩა ოლივიე ჟირუ, ხოლო 92-ე წუთზე ბანიმ ავტოლი ჩაიწერა პასივში – 4:0.

“მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “სუონსის” დაუპირისპირდა, ქულა მოიპოვა და მე-4 ადგილი გაინაღდა. “ქალაქელები” კელეჩი აიჰენაჩოს მიერ მე-5 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ ანდრე აიუმ ტაიმის ბოლოს გათანაბრება მოახერხა – 1:1.

საინტერესო დუელი შედგა “სტემფორდ ბრიჯზე”, სადაც ერთმანეთს მოქმედი და ყოფილი ჩემპიონები დაუპირისპირდნენ. “ჩელსი” 66-ე წუთზე სესკ ფაბრეგასმა დააწინაურა 11-მეტრიანით, მაგრამ დანიელ დრინკვოთერმა 82-ე წუთზე გაათანაბრა – 1:1.

“ევერტონმა” “გუდისონ პარკზე” ჩემპიონშიფში დაქვეითებული “ნორვიჩი” მიიღო და სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. მერსისაიდელთა კარი უკანასკნელად დაიცვა 37 წლის ტიმ ჰოვარდმა, რომელიც “კანფეტებში” 2006 წლიდან თამაშობდა და 349 მატჩში 1 ბურთიც აქვს გატანილი.

მეორე ლივერპულური გუნდი “ვესტ ბრომვიჩს” ესტუმრა და ფრედ 1:1 ეთამაშა. “საუთჰემპტონმა” შინ “კრისტალ პალასი” გაანადგურა, “სტოკმა” “ვესტ ჰემს” მოუგო, ხოლო “უოტფორდმა” და “სანდერლენდმა” ქულები გაიყვეს. "უოტფორდი" უკანასკნელად დამოძღვრა კიკე სანჩეს ფლორესმა.

არსენალი – ასტონ ვილა 4:0 (1:0)

გოლები: 1:0;2:0;3:0 ჟირუ (5;78;80), 4:0 ბანი (92 ს.კ.)

ევერტონი – ნორვიჩი 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 მაკკარტი (19), 2:0 ბეინსი (44 პენ.), 3:0 მირალაში (48)

ვესტ ბრომვიჩი – ლივერპული 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 რონდონი (13), 1:1 აიბი (23)

ჩელსი – ლესტერი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (66 პენ.), 1:1 დრინკვოთერი (82)

საუთჰემპტონი – კრისტალ პალასი 4:1 (1:0)

გოლები: 1:0 მანე (43), 2:0 პელე (61), 2:1 პანჩონი (64), 3:1 ბერტრანი (75 პენ.), 4:1 ს.დევისი (87)

სტოკი – ვესტ ჰემი 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 ანტონიო (23), 1:1 იმბულა (55), 2:1 დიუფი (88)

ნიუკასლი – ტოტენჰემი 5:1 (2:0)

გოლები: 1:0;3:1 ვეინალდუმი (19;73 პენ.), 2:0 მიტროვიჩი (39), 2:1 ლამელა (60), 4:1 აარონსი (85), 5:1 ჯანმაატი (86)

სუონსი – მანჩესტერ სიტი 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 აიჰენაჩო (5), 1:1 ა.აიუ (45+1)

უოტფორდი – სანდერლენდი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 როდუელი (39), 1:1 პროდლი (48), 1:2 ლენსი (51), 2:2 დინი (61 პენ.)

მანჩესტერ იუნაიტედი – ბორნმუთი (სამშაბათს გაიმართება)

0.164439