ბლოგი

14:59 | 15.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთი და მეტსახელები

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელების საშუალებით რადენჯერმე გავრცელდა კახური მეტსახელები, რითაც ალბათ ყველა ჩვენთაგანმა იხალისა და მიუხედავად იმისა, რომ ამ მეტსახელების უმეტესობა ერთი კაცის მოგონილს ჰგავდა, ნამდვილად არაფერია დასაძრახი იმაში, რომ ადამიანს სხვათა გახალისება სურს და საამისოდ თუნდაც ისეთ უწყინარ რამეს იგონებს, როგორიც არარსებული ადამიანების გამოგონილი მეტსახელებია.

სწორედ აქედან გამომდინარე, ბუნებრივად გაჩნდა იდეა, რომ ეს სახალისო ტენდენცია რაიმენაირად ფეხბურთთან დაგვეკავშირებინა და ჩვენდა გასაკვირად აღმოჩნდა, რომ ეს არცთუ ისე რთული რამ ყოფილა. ფეხბურთი ხომ თავის მხრივ ის ფენომენია, რომელიც ფანტაზიას მუდამ აძლევს შორს წასვლის საშუალებას.

აბა წარმოვიდგინოთ ადამიანები, რომლებსაც შეძლება მეტსახელებად ფეხბურთელების, საფეხბურთო კლუბების და სხვა სახალისო სახელები ერქვათ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩვენეულ საფეხბურთო მეტსახელებს:

"ჟოზე კოტე" - ძალიან უჟმური კაცია და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს.

"მესი ეკა" - ერთი ქმარი ყავს 20 წელია და იძახის, სიცოცხლის ბოლომდე მასთან ვიქნებიო.

"ზლატანა" - თვითონ ნამეტნავად მოხერხებული და მრავლისშემძლე კაცია, მაგრამ მეზობლები ყავს ზარმაცები და უსაქმურები.

"კანტონა ლია" - 30 წლამდე იმაზე ლამაზ და სასურველ ქალს ვერსად ნახავდით. მერე უცებ რაღაც მოუვიდა, თითქოს ერთბაშად დაიღალა, მოსუქდა და მისი სილამაზის საგაც დასრულდა.

"ქართველი მწვრთნელი ლევანა" - ყვირილით ლაპარაკი უყვარს, მაგრამ მის ყვირილს მაინც არავინ უსმენს.

"ბარსელონა ნუგზარა" - საქმეები სულ კარგად მისდის და ცხოვრებაში მისი შეცდომები და წარსული უბედურებები ყველას მიავიწყდა.

"ბრაზილია გია" - ორი წლის წინ, 2014 წლის ზაფხულში დიდ ავარიაში მოყვა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

"არბიტრი ნინო" - მთელი ცხოვრებაა სულ აქეთ-იქით დარბის, ათას საქმეს აკეთებს, მაგრამ დაფასებას ვინ ჩივის - ქმარი მაინც დედას აგინებს.

"ფანი ლაშა" - ხმა მუდამ ჩახლეჩილი აქვს და თავის ყველა პრობლემას მუდამ სხვებს აბრალებს.

"პუშკაშა" - ადრე ცნობილი კაცი იყო, ყველა პატივს სცემდა და მასთან დაახლოებას ცდილობდა, ახლა მხოლოდ მოხუცები თუ გაიხსნებენ და ისიც მაშინ, თუკი სადმე თვალში შეეჩხირათ.

"დინამო ჯიმშერა" - სულ ცუდადაა, სულ რათაც ტკივა და მაინც მუდამ ტრაბახობს, ადრე როგორი ჯანმრთელი და მხნე კაცი იყო. ყველას ტვინი აქვს წაღებული ამ გამუდმებული ტრაბახითა და წუწუნით.

"ქართველი ლადო" - მშიერია, მწყურვალია, მომავალიც ძალიან ბუნდოვანი აქვს, მაგრამ მასზე ოპტიმისტ კაცს მაინც ვერსად გადააწყდებით.

სხვა, ახალი და უფრო კრეატიული მეტსახელები მკითხველებსაც შეუძლიათ მოიფიქრონ. ფეხბურთი და საფეხბურთო თემა ამ კუთხით ამოუწურავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11354