ფეხბურთი

2:15 | 9.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” საჩემპიონო რბოლას ჩამოშორდა

ესპანეთის ჩემპიონატს საჩემპიონო რბოლაში ბოლო ტურის წინ ორი გუნდიღა შემორჩა. მადრიდის “ატლეტიკომ” ყველასთვის მოულოდნელად, გავარდნილ “ლევანტესთან” წააგო და საჩემპიონო ბრძოლას ჩამოშორდა...

ცალკარა კატალონიური დერბი

2006/2007 წლების სეზონში “ბარსელონას” ზუსტად 37-ე ტურში “ესპანიოლმა” დააკარგვინა ჩემპიონობა და ტიტული “რეალს” მოაგებინა. მადრიდული კლუბების ქომაგები იმედოვნებოდნენ, რომ ამჯერადაც ასე მოხდებოდა. თუმცა, მოვლენები 180 გრადუსით საპირისპიროდ განვითარდა...

“ნოუ კამპზე” გამართულ შეხვედრაში 1 გუნდი თამაშობდა და იოლი მისახვედრია, თუ რომელი. მასპინძლებმა თავიანვე დიდი ძალებით შეუტიეს და ლიონელ მესიმ მე-8 წუთზე შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებს შესვენებამდე კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ სხვაობის გაზრდა, მაგრამ პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევრის დაწყებისთანავე “ბლაუგრანამ” მეტოქეზე ზეწოლა გაზარდა და ლუის სუარესმა 52-ე და 61-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა, რითაც 37 გოლი დაუგროვდა და რონალდუსთან 4-ბურთიანი სტატუს კვო შეინარჩუნა. 74-ე წუთზე მოედანზე ერთი წუთის შესულმა რაფინიამ გამოიჩინა თავი, ხოლო “ესპანიოლის” წვალებას ბოლო ნეიმარმა 83-ე წუთზე მოუღო – 5:0.

“ატლეტიკო” დანებდა

უიკენდის მთავარი სენსაცია “სიუდად დე ვალენსიაზე” დაფიქსირდა, სადაც სეგუნდა დივიზიონში გავარდნილმა “ლევანტემ” მადრიდის “ატლეტიკო” დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშა.

“როხიბლანკო” მეორე წუთზევე ფერნანდო ტორესის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მისთვის არადამახასიათებლად ორი ბურთი გაუშვა და დამარცხდა. 30-ე წუთზე ვიქტორ კასადედუსმა გაათანაბრა, ხოლო უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ჯუზეპე როსიმ გაიტანა და “ატლეტიკოს” საჩემპიონო შანსი წაართვა – 2:1.

“რეალის” მძიმე გამარჯვება

“რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ვალენსია” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და ეს შედეგზეც აისახა.

მადრიდელები მეტოქეს განსაკუთრებით მოედნის ცენტრში აღემატებოდა, შეტევებს კარგად იწყებდნენ, ხოლო მეტოქეს იმავეს გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.

პირველი საგოლე შანსი კრიშტიანო რონალდუს 25-ე წუთზე შეექმნა, მაგრამ პირისპირ გასულს დიეგო ალვეშმა აჯობა. ერთ წუთში პორტუგალიელ ვარსკვლავს კიდევ ერთი ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც უკვე გოლით დასრულდა.

დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს მრავლად შეექმნა, მასპინძელთაგან ლუკას ვაზკესი გახლდათ მიზანთან ახლოს, თუმცა ალვეშმა აჯობა, ხოლო სტუმართაგან 100%-იანი შანსი ჟოაო კანსელოს შეექმნა, მაგრამ კარს ზემოდან გადააცილა.

მადრიდელებმა 42-ე წუთზე გოლი მაინც გაიტანეს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბურთი არ უნდა ჩაეთვალათ, რადგან ქარიმ ბენზემა გოლის ეპიზოდის პირველ ნაწილში ნამდვილად თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც ფერნანდეს ბორბალანს გამორჩა.

შესვენებაზე პაკო აიესტარანმა ორი შეცვლა განახორციელა: ტრავმირებული აიმენ აბდენურის ნაცვლად ანდრე გომეში ჩართო თამაშში, ხოლო ჟოაო კანსელოს მაგივრად სანტი მინას უხმო. შეცვლებმა აშკარად გაამართლა და მეორე ნახევარი “ღამურების” აშკარა უპირატესობით წარიმართა.

53-ე წუთზე დანიელ პარეხომ საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა. ორ წუთში კი, “ღამურებმა” მარცხენა ფლანგიდან იაქტიურეს, რასაც როდრიგო მორენოს გოლი მოჰყვა. გატანილი გოლის შემდეგ სტუმრები კიდევ უფრო წინ წავიდნენ, რა დროსაც კონტრშეტევა გამოეპარათ და 59-ე წუთზე ალვეშთან პირისპირ გასულმა რონალდუმ დუბლი გაიფორმა.

“ლოს ჩე” მაინც არ დანებებულა და სხვაობის შემცირება ორ წუთში შეეძლო, მაგრამ პარეხოს დარტყმულს კიკო კასილიამ უცვალა მიმართულება და ბურთი ძელს მოხვდა. 71-ე წუთზე “რეალის” სათადარიგო კიპერმა უკვე პაკო ალკასერს აჯობა, რომელსაც დაახლოებით 4-5 მეტრიდან არ გაატანინა. 4 წუთში ფაქტობრივად ცარიელ კარს ააცილა ანდრე გომეშმა, ხოლო მე-80 წუთზე კიკო კასილიამ ურთულესი ბურთი აუღო როდრიგოს.

ამდენი გამოუყენებელი მომენტის მიუხედავად, სტუმრებმა მაინც გაიტანეს – 81-ე წუთზე ანდრე გომეშმა შორეული დარტყმით მშვენიერი ბურთი გაიტანა.

“ღამურებმა” გასათანაბრებლადაც გაიწიეს, თუმცა ორ წუთში საქმეში ფერნანდეს ბორბალანი ჩაერთო და ალბათ ყველასთვის გაუგებრად, როდრიგო მორენოს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. 10 კაცით დარჩენილმა “ღამურებმა” მწვავე შეტევების განხორციელება ვეღარ მოახერხეს და 3 ქულა “რეალს” დარჩა – 3:2.

“ბლანკოსმა” მე-2 ადგილზე გადაინაცვლა და ბოლო ტურის წინ საჩემპიონო შანსებს ინარჩუნებს.

“დეპორტივო” და “გრანადა” გადარჩნენ

მეორე წრეში საშინლად მოთამაშე “დეპორტივომ” გასვლაზე უმოტივაციო “ვილიარეალი” დაამარცხა და ლა ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პირველ ნახევარში ფაიჩელ ფაჟრმა გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში ლუკას პერესმა თავის მე-17 გოლი გაიტანა – 0:2.

უმოტივაციო “სევილიამ” თანარეგიონელი “გრანადას” წინააღმდეგ აშკარად ძალები დაზოგა და ლა ლიგაში დარჩენაში დაეხმარა. მეორე შემადგენლობით მოთამაშე “დალაქებმა” საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით 1:4 წააგეს.

გადარჩენისთვის ბრძოლა

“კოლიზეუმ ალფონსო პერესზე” ერთმანეთის წინააღმდეგ გადარჩენისთვის მებრძოლი კლუბები წარსდგნენ. უგოლო ტაიმის შემდეგ “ხიხონი” 50-ე წუთზე სერხიო ალვარესმა დააწინაურა, მაგრამ 6 წუთში მსაჯმა კასესს მეორე ყვითელი უჩვენა და სტუმრები 10 კაცით დატოვა, რის შემდეგაც “ხეტაფემ” დიდი უპირატესობა მოიპოვა და მე-80 წუთზე სცეპოვიჩმა გათანაბრებაც მოახერხა - 1:1.

იმ შემთხვევაში, თუ “ხეტაფე” გასვლაზე უმოტივაციო “ბეტისს” აჯობებს, ლა ლიგაში დარჩება.

ვალერონის გაცილება

“ბილბაოსთან” გამართული უგოლო შეხვედრა, ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველის ხუან კარლეს ვალერონისთვის, კარიერაში უკანასკნელი გამოდგა. 40 წლის ფეხბურთელი 73-ე წუთზე შეცვალეს და მთელმა “გრან კანარიამ” უდიდესი ოვაციებით გააცილა.

უახლოეს დღეებში ვალერონზე აუცილებლად საინტერესო სტატიას შემოგთავაზებთ.

“რაიო” ცალი ფეხით სეგუნდაშია

“რაიო ვალეკანომ” გასვლაზე უმოტივაციო “სოსიედადთან” წააგო, მე-19 ადგილამდე დაქვეითდა და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს.

მადრიდელებს გათანაბრება ნამდვილად შეეძლოთ, რადგან 76-ე წუთიდან, როდესაც 2:1 იყო, მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, მაგრამ პაკო ხემესის შეგირდებმა რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და ცალით ფეხით უკვე სეგუნდაში არიან – 2:1.

სხვა მატჩები

“სელტამ” საკუთარ მოედანზე ნოლიტოს გოლით “მალაგას” აჯობა და ბოლო ტურის წინ მე-5 ადგილი დაიბრუნდა, ხოლო “ეიბარმა” და “ბეტისმა” “იპარუაზე” მეგობრული შედეგი 1:1 დააფიქსირეს.

შეწყვეტილი სერიები

“ატლეტიკომ” 6-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა.

“დეპორტივომ” 6-მატჩიანი მოუგებელი სვლა დაასრულა, “სოსიედადმა” იგივეს გაკეთება 4 შეხვედრის შემდგომ მოახერხა, ხოლო “ლევანტემ” – 3.

“რეალმა” 3 საშინაო მშრალი მატჩის შემდგომ გოლი გაუშვა.

“ატლეტიკომ” 4 შეხვედრის შემდგომ გოლი პირველად გაუშვა.

მიმდინარე სერიები

“რეალმა” ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო, ხოლო “ბარსელონამ” მე-4.

“რაიო ვალეკანო” და “ეიბარი” 4-მატჩია ვერ იგებენ, ხოლო “ვალენსია” და “ბეტისი” – 3.

ლუის სუარესს 4 შეხვედრაა გოლი გააქვს.

საინტერესო ფაქტები

ალვარო არბელოამ “რეალის” რიგებში “სანტიაგო ბერნაბეუზე” ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ვეტერანი მოთამაშე 79-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე და “ბლანკოსის” ფანებმა ძალიან თბილი გაცილება მოუწყვეს. 33 წლის ფეხბურთელმა მადრიდული გრანდის მაისური ჯამში 233-ჯერ მოირგო და 6 გოლი გაიტანა.

“სევილიას” 21 წლის მცველს დიეგო გონსალესს ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. ის “გრანადასთან” წაგებული შეხვედრის 73-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე და რამდენიმე წამში გოლიც გაიტანა.

“გრანადას” ფორვარდმა იუსუფ ელ არაბიმ მიმდინარე ლა ლიგაში მე-16 გოლი გაიტანა. მისთვის ეს სეზონი კარიერაში ყველაზე შედეგიანია. აქამდე, ყველაზე მეტი 12 ბურთი 2013/2014 წლების სეზონში გაეტანა.

2008/2009 წლების სეზონის შემდეგ პირველად, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდუ ვერ ეუფლებიან. გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე ლუის სუარესს 37 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო რონალდუს – 33.

ცნობისთვის, 2008/2009 წელს ლა ლიგის საუკეთესო სნაიპერი დიეგო ფორლანი გახდა.

ლა ლიგის საუკეთესო ესპანელი გოლეადორები არიც ადურისი და რუბენ კასტრო არიან, რომელთაც 18-18 ბურთი აქვთ გატანილი.

ბარსელონა – ესპანიოლი 5:0 (1:0)

გოლები: 1:0 მესი (8), 2:0;3;0 სუარესი (52;61), 4:0 რაფინია (74), 5:0 ნეიმარი (83)

რეალი – ვალენსია 3:2 (2:0)

გოლები: 1:0;3:1 რონალდუ (26;59), 2:0 ბენზემა (42), 2:1 როდრიგო (55), 3:2 გომეში (81)
გაძევება: როდრიგო (83 ვ.)

ლევანტე – ატლეტიკო 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ფ.ტორესი (2), 1:1 კასადედუსი (30), 2:1 ჯ.როსი (90)

ვილიარეალი – დეპორტივო 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 ფაჟრი (32), 0:2 ლ.პერესი (57)

სელტა – მალაგა 1:0 (1:0)

გოლი: ნოლიტო (31)

სოსიედადი – რაიო ვალეკანო 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ოიარზაბალი (12), 2:0 ხონი (50), 2:1 გერა (69)
გაძევება: გრანერო (76)

ეიბარი – ბეტისი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 რ.კასტრო (37), 1:1 ენრიჩი (73)

ხეტაფე – ხიხონი 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ს.ალვარესი (50), 1:1 სცეპოვიჩი (80)
გაძევება: კასესი (56 ხ.)

სევილია – გრანადა 1:4 (0:1)

გოლები: 0:1;1:4 კუენკა (45+1;88), 1:1 დ.გონსალესი (73), 1:2 ბაბინი (79), 1:3 ელ არაბი (86 პენ.)

ლას პალმასი – ბილბაო 0:0

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.166134