ფეხბურთი

19:24 | 5.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩების შემდეგ სიმბოლური ნაკრები დაასახელა. როგორც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის "მანჩესტერ სიტიდან" არავინ მოხვდა.

"ქალაქელების" სიმბოლურში ვერმოხვედრა ლოგიკურია, რადგან ინგლისურმა გუნდმა ფაქტობრივად ვერაფერი მოუხერხა მადრიდის "რეალს". "სამეფო კლუბიდან" კი ოთხი მოთამაშეა საუკეთესოთა შორის. რა თქმა უნდა, თავდასხმაში ადგილი დაისაკუთრა გარეთ ბეილმა, რომლის აქტიურობას გადამწყვეტი გოლი მოჰყვა. ბეილთან ერთად "ბლანკოსს" სიმბოლურში დანი კარვახალი, ტონი კროოსი და ლუკა მოდრიჩი წარმოადგენენ.

საუკეთესო გუნდის კარს იან ობლაკი იცავს. "ატლეტიკოს" სლოვენიელმა მეკარემ რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი და მას ჯამში 10 სეივი დაუგროვდა. მეკარესთან ერთად სიმბოლურში მოხვდნენ დიეგო გოდინი და ხუანფრანი, "ბაიერნის" შეტევების გამკლავება უმეტესად მათ უწევდათ. "რეკორდმაისტერთან" "როხიბლანკოსი" 1:2 დამარცხდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შემდეგ ეტაზე გავიდა. ერთადერთი გოლი "ალიანს არენაზე" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. რა თქმა უნდა, ფორვარდი უეფამაც გამოარჩია.

"ბაიერნი" ბურთს მეტოქეზე პროცენტულად ორჯერ მეტჯერ ფლობდა, კარისკენ 34-ჯერ დაარტყა, იაქტიურა, თუმცა ფინალის მიღმა დარჩა. გერმანული გუნდიდან უეფამ სიმბოლურში დავიდ ალაბა, არტურო ვიდალი და ჩაბი ალონსო შეიყვანა.

მეკარე: იან ობლაკი

მცველები: დანი კარვახალი ("რეალი"), ხუანფრანი ("ატლეტიკო"), დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), დავიდ ალაბა ("ბაიერნი")

ნახევარმცველები: ტონი კროოსი ("რეალი"), ჩაბი ალონსო ("ბაიერნი"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი), არტურო ვიდალი ("ბაიერნი")

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), გარეთ ბეილი ("რეალი")

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107026