ფეხბურთი

1:12 | 4.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" პირველი ფინალისტია (+VIDEO)

მადრიდის “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტია – დიეგო სიმეონეს გუნდმა მიუნხენში წააგო, მაგრამ სასურველი ანგარიშით და 28 მაისს, მილანში თამაშის უფლება მოიპოვა.

სხვა საკითხია, როგორ მოახერხა ამის გაკეთება, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. “ბაიერნი” მთელი თამაშის განმავლობაში დიდ უპირატესობას ფლობდა და 90 წუთში მეტოქის კარისკენ 35 (!)-ჯერ დაარტყა. თუმცა, მხოლოდ ორჯერ გაიტანა, მეტოქის კონტრშეტევაც გამოეპარა და ფეხბურთიც ასეთი დეტალებისგან შედგება. მითუმეტეს, როცა სიმეონეს გაწვრთნილ გუნდს ეთამაშები. არადა, ჩაბი ალონსოს ზუსტი ჯარიმიდან ორ წუთში “რეკორდმაისტერს” ანგარიშის გაზრდა და სერიაში დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ტომას მიულერმა პენალტი საშინლად დაარტყა – ნურც იან ობლაკს დავუკარგავთ გარჯას, რომლის დიდი წვლილია მადრიდელთა ფინალში გასვლაში. სხვათა შორის, თერთმეტრიანი ვერც “ატლეტიკომ” გაიტანა. კერძოდ, ფერნანდო ტორესმა, რომელსაც მანუელ ნოიერმა აჯობა. ეს ფინიშისკენ 2:1-ზე მოხდა.

ცალკე სათქმელია თურქი არბიტრის ჩიუნეთ ჩაქირის საკმაოდ ცუდი მსაჯობა – ჩაქირმა, რომელმაც მიმდინარე ნახევარფინალების აქამდე გამართული სამი მატჩიდან ორი იმსაჯა, დღეს თავის მოვალეობას თავი აშკარად ვერ გაართვა, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი წყლის ნაყვას უფრო ჰგავს. “ატლეტიკომ” კი გადამწყვეტი გოლი 54-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ტორესმა და ანტუან გრიზმანმა მასპინძელთა დაცვის ხაზი აშკარად დაჯაბნეს და ფრანგმა ნოიერს პირისპირ ადვილად აჯობა. მართალია, მერე არტურო ვიდალის პასით რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო, თუმცა ეს გოლი მხოლოდ დღევანდელი მატჩის მოსაგებად აღმოჩნდა საკმარისი. ფინალში კი “ატლეტიკო” სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა. “როხიბლანკომ” ასეთ წარმატებას ბოლო სამ წელიწადში მეორედ უწია და ვნახოთ, როგორ დაასრულებს მეორე ფინალს, ეთამაშება თუ არა ისევ თანაქალაქელ “რეალს”... ამაზე ერთი დღის შემდგომ.

კეპ გვარდიოლა კი, “ბაიერნს” იმის გარეშე ტოვებს, რის გამოც პრინციპში მიიწვიეს. კატალონელმა სპეციალისტმა მიუნხენში ჩემპიონთა თასი ვერ დატოვა. მომავალი სეზონიდან კი იგივეს გაკეთება იტალიელი კარლო ანჩელოტი ეცდება.

რაც შეეხება “ატლეტიკოს”, “როხიბლანკო” ფინალში მეტოქეს ელოდება: “რეალი” ან “მანჩესტერ სიტი”...

“ბაიერნი” – “ატლეტიკო” 2:1 (1:1) VIDEO

მიუნხენი, “ალიანს არენა”

მაყურებელი: 70 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა; ალონსო, ვიდალი; დუგლას კოშტა (კომანი 73), მიულერი, რიბერი; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: პეპ გვრდიოლა

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; საულ ნიგეზი, გაბი, აუგუსტო ფერნანდესი (ფერეირა-კარასკო 46), კოკე (სავიჩი 90); გრიზმანი (პარტეი 82), ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ალონსო (31), 1:1 გრიზმანი (54), 2:1 ლევანდოვსკი (74)

გამოუყენებელი პენალტი: მიულერი (34) – ტორესი (84)

გაფრთხილება: მარტინესი (84) - ხიმენესი (34)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 35 (12) – 7 (4) ბურთის ფლობა: 67%-33% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

0.448025