ფეხბურთი

3:22 | 3.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ლესტერი” ჩემპიონია!

დიახ, დიახ... ზღაპარი კეთილად დასრულდა და “ლესტერი” პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის ჩემპიონი გახდა!

სეზონის დაწყების წინ, “მელიების” ხელმძღვანელობას ბევრი ნაიჯელ პირსონის გაშვებისა და კლაუდიო რანიერის დანიშვნის გამო აკრიტიკებდა და ჩემპიონშიფში გავარდნას უწინასწარმეტყველებდა, ხოლო ის ადამიანები, ვინც ამ ნაბიჯს სწორად თვლიდნენ, “მელიების” მაქსიმუმად ათეულში შესვლას თუ მიიჩნევდნენ. ვინმეს რომ ეთქვა “ლესტერი” ჩემპიონი გახდებაო, ან ფეხბურთის უცოდინრად ჩათვლიდნენ ან კიდევ გიჟად... თუმცა, რაც რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად მოხდა, ნამდვილად სიგიჟეა და მსგავსი სენსაცია, მინიმუმ 21-ე საუკუნეში არ მომხდარა!

ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულმა კლუბმა შეძლო და იმ ქვეყნის ჩემპიონი გახდა, რომელშიც ყველაზე მდიდარი კლუბები გამოდიან და მათი მფლობელები ყოველ წელს ასეულობით მილიონებს ხარჯავენ გასაძლიერებლად...

კლადიო რანიერი ტოპ მწვრთნელად არასდროს მოიაზრებოდა, ხოლო საბერძნეთის ნაკრებში წარუმატებლად მუშაობის შემდეგ, მისი პრესტიჟი კიდევ უფრო შეირყა და სკეპტიკოსები სრულ კრახს მოელოდნენ, მაგრამ გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა სასწაული შეძლო და ახლა ყველას მისი სახელი აკერია პირზე.

რანიერიმ ჩვეულებრივი საშუალო დონის გუნდისგან, რომლისგანაც პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლას მოელოდნენ, ნამდვილი მონსტრი შექმნა და გრანდები პირში ჩალაგამოვლებული დატოვა.

“ლესტერის” ფეხბურთელების საერთო ღირებულება ამ მომენტისთვის 95.25 მილიონ ფუნტს შეადგენს, რაც მხოლოდ მე-12 მაჩვენებელია. შედარებისთვის, “სიტის” ფასი 376 მლნ ფუნტია, “ჩელსის” 371, “არსენალი” 330, ხოლო “მანჩესტერ იუნატედის” – 313. აი ასეთ გიგანტებს აჯობა კლაუდიო რანიერის კრებულმა. ახლა კი, უშუალოდ უკანასკნელ ორ დღეში განვითარებულ მოვლენებზე გადავიდეთ...

“მელიები” კვირას “ოლდ ტრაფორდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდნენ და ქულას გამორჩნენ (1:1). გადაიდებოდა თუ არა რამდენიმე დღით “ლესტერის” ჩემპიონობა, 36-ე ტურის დასკვნით მატჩზე იყო დამოკიდებული, რომელშიც “ჩელსი” თანაქალაქელ “ტოტენჰემს” მასპინძლობდა. იმ შემთხვევაში, თუ “დეზები” ვერ იმარჯვებდნენ, “ლესტერი” ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონი ხდებოდა.

“სტემფორდ ბრიჯზე” გამართულ მატჩში თავიდან მოვლენები ისე განვითარდა, რომ ყველამ იფიქრა, “ლესტერის” ზეიმი რამდენიმე დღით უნდა გადადებულიყო, რადგან სტუმრები ჰარი კეინისა და სონის გოლებით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში “ჩელსიმ” მოუმატა და ჯერ გარი კეჰილმა გაიტანა, ხოლო მატჩის მიწურულს ედენ აზარმა მიმდინარე გათამაშებაში თავის მე-3 გოლი გაიტანა და “ლესტერს” ჩემპიონობა მოუტანა – 2:2.

“ლესტერს” 77 ქულა აქვს და მიუწვდომელია, ხოლო “ტოტენჰემმა” 70 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილოსან “არსენალს” 3 ქულით უსწრებს.

ცნობისთვის, “ლესტერი” არსებობის განმალობაში პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.

ჩელსი – ტოტენჰემი 2:2 (0:2)

გოლები: 0:1 კეინი (35), 0:2 სონი (44), 1:2 კეჰილი (58), 2:2 აზარი (83)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111453