ავტოსპორტი

22:27 | 1.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგის ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ლიდერმა, ნიკო როსბერგმა, ზედიზედ მეოთხე რბოლა სოჭში მოიგო და თავის თანაგუნდელ ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 43 ქულამდე გაზარდა. ჰამილტონს სტარტის მეათე პოზიციიდან აღებამ მოუწია, თუმცა თავიდანვე შეძლო რამდენიმე ადგილით წინ წაწევა, მერე კი ერთი-ორი გასწრებაც მოახერხა და მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.

მოკლედ, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ჯერჯერობით როსბერგზე მეტად, ტექნიკურ პრობლემებთან უწევს ბრძოლა, რის გამოც, მის მიზანს „ზარალის შემცირება“ წარმოადგენს. ანუ, არსებულ სიტუაციაში, ნაკლები ქულის დაკარგვა. ამას კი შეძლებისდაგვარად ართმევს თავს. მთავარია, ამის საშუალება ტექნიკამ მისცეს.

მსგავს სიტუაციაშია მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელიც. ოღონდ, მას ტექნიკურ პრობლემებთან ერთად, რუს დანილ კვიატთანაც უწევს ბრძოლა. შანჰაის რბოლაში, სწორედ კვიატთან შეჯახების თავიდან აცილებას რომ ცდილობდა, მაშინ დაეჯახა თავის თანაგუნდელ კიმი რაიკონენს. მაშინ კვიატს ვერავინ გაამტყუნებდა (ფეტელმა ეს დაჯილდოების ცერემონიის წინ კი სცადა, თუმცა მერე თავადვე აღიარა, სარბოლო ინციდენტი იყოო), მაგრამ ის რაც სოჭის რბოლის დასაწყისში მოიმოქმედა, დევნა ჰქვია - მეორე მოსახვევში ფეტელის „ფერარის“ უკნიდან სწორედ რუსის „რედ ბულმა“ უბიძგა. გერმანელმა შეძლო მანქანის დამორჩილება და ადგილის დაუკარგავად გააგრძელა გზა. მაგრამ მომდევნო მოსახვევში კვიატმა ისევ „უჯიკა“. ამჯერად „წარმატებით“. ფეტელი რბოლას გამოეთიშა, კვიატმა კი გზა გააგრძელა, თუმცა თავისი ფანები მხოლოდ მე-15 ადგილით გაახარა.

რბოლის ბოლოსკენ ჰამილტონმა ლიდერთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო, მაგრამ მალე მის ავტომობილს კვლავ პრობლემები დაეწყო. ტელემეტრიამ აჩვენა, რომ გაგრილების სისტემას წყალი ეპარებოდა და თავის პილოტს ტემპის შემცირება ურჩია. ჰამილტონსაც სხვა რაღა დარჩენოდა. შესაბამისად, როსბერგთან ჩამორჩენა ისევ გაიზარდა. ბედად, პრობლემა მალე გამოსწორდა და ჩემპიონმა ფინიშამდე მიაღწია.

რბოლის შემდგ გაირკვა, რომ პრობლემები როსბერგსაც ჰქონია. ეს ტოტო ვოლფმა განაცხადა. თუმცა არ დაუზუსტებია, რა პრობლემა შეექმნა ჩემპიონატის ლიდერს. მხოლოდ ის თქვა, რომ ტელემეტრიამ „რაღაც უცნაური“ მონაცემების ჩვენება დაიწყო. ასე იყო თუ ისე, როსბერგმა სტარტიდან ფინიშამდე უცვლელად პელოტონის სათავეში გაატარა რბოლა, უსწრაფესი წრეც დააფიქსირა და კარიერაში მე-18 გამარჯვება იზეიმა.

ზედიზედ შვიდი გამარჯვებით, როსბერგი თავის ლეგენდარულ თანამემამულე მიხაელ შუმახერს გაუტოლდა. ზედიზედ უფრო მეტი რბოლა ფეტელს და იტალიელ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ალბერტო ასკარის აქვთ მოგებული. მათს ანგარიშზე ზედიზედ 9 გამარჯვებაა. გარდა ამისა, სეზონის პირველი ოთხი რბოლა, როსბერგის გარდა, იმავე შუმახერს, ნაიჯელ მენსელს და აირტონ სენას აქვთ მოგებული. რადგან მიღწევებზეა ლაპარაკი, ისიც უნდა ითქვას, რომ კიმი რაიკონენის მესამე ადგილი, „ფერარის“ ისტორიაში მე-700 კვარცხლბეკია.

სოჭში პირველი ქულები მოიპოვა ფერნანდო ალონსომ, ვინც ფინიშის ხაზი მეექვსემ გადაკვეთა. მის გარდა, „მაკლარენის“ მეორე პილოტმა ჯენსონ ბატონმაც შეძლო ათეულში შესვლა. გასული სეზონის უნგრული ეტაპის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა უოკინგელთა ორივე პილოტმა შეძლო ქულების აღება. პირველი ქულა მოიპოვა „რენომაც“. ოღონდ, ფრანგულ გუნდს ქულები მხოლოდ მე-7 ადგილზე გასულმა კევინ მაგნუსენმა შესძინა.

სოჭის დიდი პრიზი

სოჭის ოლიმპიური ტრეკი. დისტანცია 309.745 კმ (53 წრე, 5.848 კმ)

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32:41.997
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) +00:25.022
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 00:31.998
  4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 00:50.217
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:14.427
  6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1 წრე
  8. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1 წრე
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1 წრე
  10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1 წრე
  12. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1 წრე
  13. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1 წრე
  14. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1 წრე
  15. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1 წრე
  16. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1 წრე
  17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1 წრე
  18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 2 წრე

გ. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 19 წრე

გ. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 53 წრე

გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 53 წრე

გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: ნიკო როსბერგი - 1:39.094, 52-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ნიკო როსბერგი - 100 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 57; 3. კიმი რაიკონენი - 43; 4. დანიელ რიკიარდო - 36; 5. სებასტიან ფეტელი - 33; 6. ფელიპე მასა - 32; 7. რომენ გროჟანი - 22; 8. დანილ კვიატი - 21; 9. ვალტერი ბოტასი - 19; 10. მაქს ფერსტაპენი - 13; 11. ფერნანდო ალონსო - 8; 12. კევინ მაგნუსენი - 6; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 6; 14. კარლოს საინსი - 4; 15. სერხიო პერესი - 2; 16. ჯენსონ ბატონი - 1; 17. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) - 1...

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 157 ქულა; 2. ფერარი - 76; 3. რედ ბულ-TAG ჰოიერი - 57; 4. უილიამს-მერსედესი - 51; 5. ჰაას-ფერარი - 22; 6. ტორო როსო-ფერარი - 17; 7. მაკლარენ-ჰონდა - 10; 8. ფორს ინდა-მერსედესი - 8; 9. რენო - 6; 10. ზაუბერ-ფერარი - 0; 11. მენორ-მერსედესი - 0

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1746