ფეხბურთი

5:03 | 1.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერებმა სტატუს კვო შეინარჩუნეს

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის მეორე სათამაშო დღეს 4 შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან 3 მატჩმა ლიდერთა მონაწილეობით ჩაიარა. სამივე გრანდმა გამარჯვება მოახერხა და მათ შორის კვლავ სტატუს კვო შენარჩუნდა.

მადრიდელთა მინიმალური გამარჯვება

შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე ნათამაშებ მადრიდულ კლუბებს რთული მატჩები გამოუვიდათ. ეს განსაკუთრებით “რეალზე” ითქმის, რომელიც კრიშტიანო რონალდუს, ქარიმ ბენზემასა და ტონი კროოსის გარეშე ეწვია “ანოეტას” და ადგილობრივი “სოსიედადის” გატეხვა მე-80 წუთზე მოახერხა. ერთადერთი გოლი გარეტ ბეილის ანგარიშზეა, რომელმაც თავური დარტყმით ხერონიმო რულის შანსი არ დაუტოვა – 0:1.

“ატლეტიკომ” მადრიდულ დერბიში “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლა და ანტუან გრიზმანის კინკილა გოლით დაამარცხა. დიეგო სიმეონემ როტაციას მიმართა და დასვენების საშუალება ერთბაშად 7 მოთამაშეს მისცა. თუმცა, მადრიდელებს პირველ ნახევარში გაუჭირდათ და მეორე ტაიმში კოკე-გრიზმანი-ტორესის ტრიოს მაინც მოუწია საქმეში ჩართვა. გოლი სწორედ გრიზმანმა გაიტანა, რომელიც თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო და რამდენიმე წამში მშვენიერი გოლი შეაგდო – 1:0.

3 ქულა პრობლემების გარეშე

“ბარსელონა” გასვლაზე “ბეტისს” დაუპირისპირდა და დაგეგმილი 3 ქულა ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიპოვა.

“ბლაუგრანას” საქმე განსაკუთრებით 35-ე წუთის შემდეგ გაუმარტივდა, როდესაც ჰაიკო ვესტერმანმა მეორე გაფრთხილება მიიღო და “ბეტისი” 10 კაცით დარჩა. პირველ ტაიმში სტუმრებმა გატანა ვერ შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ლიონელ მესის გადაცემით ივან რაკიტიჩმა იხეირა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგაც სულ “ბარსა” უტევდა, მაგრამ 81-ე წუთამდე გოლი აღარ გასულა: მესის შესანიშნავი პასით ლუის სუარესი ადანთან პირისპირ აღმოჩნდა და მიმდინარე ლა ლიგაში თავის 35-ე გოლი გაიფორმა – 0:2.

“გრანადას” “ქამბექი”

ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “გრანადა” საკუთარ მოედანზე მე-12 წუთისთვის 0:2-ს აგებდა “ლას პალმასთან”, თუმცა არ დანებდა და საბოლოოდ შეხვედრის შემობრუნებაც მოახერხა. ჟონათან ვიერას მშვენიერ გოლებს მე-13 წუთზე როჩინამ, ხოლო 22-ე წუთზე ელ არაბიმ უპასუხა და ტაიმი ფრედ დასრულდა. 71-ე წუთზე კი, ვეტერანმა რიკარდო კოშტამ თავური დარტყმით გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა შესძინა – 3:2.

საინტერესო ფაქტები

“რეალმა” ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო, “ატლეტიკომ” მე-6, ხოლო “ბარსელონამ” – მე-3.

“ხიხონმა” და “გრანადამ” ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი მოიგეს.

“გრანადა” საკუთარ მოედანზე 6 მატჩია არ აგებს.

“ატლეტიკო” 4 მატჩია გოლს არ უშვებს, ხოლო ზედიზედ მე-3 შეხვედრაა 1:0-ს იგებს.

“ბარსელონა” 3 შეხვედრაა კარს მშრალად ინახავს.

სუარესი-მესი-ნეიმარის ტრიომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 123-ე გოლი გაიტანეს, რაც ესპანური ფეხბურთისთვის რეკორდია.

ლუის სუარესმა უკანასკნელ 3 მატჩში 9 გოლი გაიტანა და სულ ლა ლიგაში 35 ბურთი დაუგროვდა.

“სოსიედადს” 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, ხოლო “რაიო ვალეკანოსა” და “ეიბარს” 3 შეხვედრაა არ მოუგიათ.

ლიონელ მესი საგოლე გადაცემების მხრივ ლუის სუარესს გაუთანაბრდა. ორივე მათგანმა გუნდელებს 15-15 ჯერ გაატანინეს.

ჟონათან ვიერას მიმდინარე ლა ლიგაში 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

იან ობლაკმა 36 ჩატარებულ შეხვედრაში 23-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ცნობისთვის, გუნდი, რომელმაც ერთ სეზონში ყველაზე მეტჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა “დეპორტივოა”, რომელმაც 1993/94 წლების სეზონში 38 მატჩიდან 26-ში არ გაუშვა გოლი. ობლაკს რეკორდის განმეორებამდე ძალიან ცოტა აკლდება...

ანტუან გრიზმანმა მოედანზე შესვლიდან 42 წამში შეძლო გოლის გატანა.

ბეტისი – რეალი 0:1 (0:0)

გოლი: ბეილი (80)

ატლეტიკო – რაიო ვალეკანო 1:0 (0:0)

გოლი: გრიზმანი (55)

ბეტისი – ბარსელონა 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (50), 0:2 მესი (81)
გაძევება: ვესტერმანი (35 ბ.)

გრანადა – ლას პალმასი 3:2 (2:2)

გოლები: 0:1;0:2 ვიერა (3;12), 1:2 როჩინა (13), 2:2 ელ არაბი (22), 3:2 რ.კოშტა (71)

თეგებილა ლიგა
0.131372