ავტოსპორტი

22:47 | 30.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი ისევ პოულზეა, ჰამილტონს ისევ არ გაუმართლა

ნიკო როსბერგმა კიდევ ერთხელმოიპოვა პოულ პოზიციიდან რბოლის დაწყების უფლება და თუ გავითვალისწინებთ, რომ სოჭის რბოლის კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ, მან უახლოეს მდევარ სებასტიან ფეტელს თითქმის 0.7 წამით აჯობა, შეიძლება ითქვას, რომ დიდი შანსი აქვს, ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმოს. სხვათა შორის, ფეტელს კიდევ ერთხელ შეუცვალეს ტრანსმისია, რის გამოც, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დადგება. როსბერგის უკან კი ვალტერი ბოტასი დადგება, ვისაც გერმანელმა წამზე მეტით აჯობა.

და ეს იმ დროს, როცა მის სამგზის მსოფლიო ჩემპიონ თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, ვისაც სოჭის რბოლა ორჯერ აქვს მოგებული, კიდევ ერთხელ არ გაუმართლა. მან კვალიფიკაციის მესამე ნაწილში საერთოდ ვერ იასპარეზა, რის გამოც, სტარტს მეათე ადგილიდან აიღებს. მისი მანქანის ძალურ დანადგარს იგივე პრობლემა შეექმნა, რაც ჩინეთში - არ იმუშავა თბური ენერგიის აღდგენის სისტემამ.

ჰამილტონს კიდევ ერთი პრობლემა შეექმნა - მან მეორე მოსახვევში, წინასწარ დადგენილი წესი დაარღვია. ამ წესის მიხედვით, თუ პილოტი მოსახვევში ვერ „ჩაეტევა“, ის გარკვეული ადგილიდან უნდა დაუბრუნდეს ტრასას. ჰამილტონმა ეს წესი არ დაიცვა და დადგენილ ადგილზე ადრე დაბრუნდა ტრასაზე. სტიუარდებმა ეს ინციდენტი განიხილეს და ისედაც გაჭირვებაში მყოფ პილოტს გაფრთხილება აკმარეს.

„დარწმუნებული ვიყავ, რომ კარგი დრო მქონდა. კვალიფიკაციის მეორე ნაწილში, „ფერარი“ საკმაოდ შორს იყო. ისიც გავიგე, რომ ლუისი მესამე ნაწილში არ გამოვიდოდა. ამიტომ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩემი დრო საკმარისი იქნებოდა“, - განაცხადა როსბერგმა, ვისთვისაც ეს კარიერაში 24-ე პოულია. სხვათა შორის, მან სოჭის რბოლა გასულ სეზონშიც პოულიდან დაიწყო. ასევე საინტერესოა, რომ ბოლო 42 რბოლიდან, „მერსედესის“ პილოტები პოულზე მე-40-ედ დაიწყებენ.

სოჭის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.417
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.123
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:36.536
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.663
  5. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.016
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:37.125
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.212
  8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:37.459
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:37.583
  10. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:37.652
  2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:37.701
  3. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:37.771
  4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:37.807
  5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:38.055
  6. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:38.115
    - - - - - - - - - -
  7. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:38.914
  8. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:39.009
  9. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:39.018
  10. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:39.399
  11. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:39.463
  12. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:39.519
0.251743