ფეხბურთი

1:12 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" "ბაიერნსაც" ზემოდან დაჰყურებს... (+VIDEO)

ბევრი საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ ორი ესპანური გიგანტი (“ბარსელონა”, “რეალი”) და მიუნხენის “ბაიერნი” დღეს ევროპაში დანარჩენ გუნდებს ერთი თავით აღემატებიან და მათთან შანსი გარკვეული გამომნათლებების გარდა, არავის აქვს, მაგრამ...

მაგრამ, საინტერესოა რატომ არაა აღნიშნულ სიაში მადრიდის “ატლეტიკო” – გუნდი, რომელმაც “ბარსას” უკვე აჯობა, გუნდი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის გააფთრებით იბრძვის, გუნდი, რომელიც ასეთ დონეზე მხოლოდ მიმდინარე სეზონში არ თამაშობს და უკვე წლებია გასაოცარ ფეხბურთს აჩვენებს. ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, რომ ყოველ ზაფხულს “ევროპული მონსტრები” თუ ფულით გაბერილი კლუბები მათ წამყვან ფეხბურთელებს თავთავიანთ ბანაკში ირიგებენ, შედეგი არ იცვლება – “როხიბლანკო” ყოველ წელს ერთმანეთზე უკეთესი გუნდია.

დიეგო სიმეონეს ბიჭები ალბათ, დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მებრძოლნი არიან და სწორედ ისინი არიან პირველნი მათ შორის, რომლებიც საფეხბურთო ავტორიტეტებს ნაკლებად სცნობენ...

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში “ატლეტიკომ” მიუნხენის “ბაიერნი” დაამარცხა და საერთოდ არაფერი იქნება მოულოდნელობა იმაში, რომ ფინალში გავიდეს. მეტიც, თავს უფლებას მივცემ და, გაცილებით შორს წავალ – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ტრიუმფით რომ დაასრულოს. ვფიქრობ, სრულიად ღირსეული ჩემპიონი იქნება, ისეთი, როგორიც ევროპას ეკადრება.

“ვისენტე კალდერონზე” გამართულ შეხვედრაში თავისუფლად შეიძლებოდა “ბაიერნს” არ წაეგო, რადგან რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი ჰქონდა და ბურთსაც აკონტრელობდა, მაგრამ ზემოთ მებრძოლნი ვახსენე და გლადიატორებივით მორბენალი მადრიდელები ისევ გამარჯვებულნი გამოვიდნენ. ყველაფერი კი, სიმეონეს სტილში იყო – “ბაიერნი” ბურთს ფლობდა, შეტევას ცდილობდა, მასპინძლები კი თავის შანსს კონტრშეტევაზე ელოდნენ. ეს ტაქტიკა კიდევ უფრო აქტუალური მე-11 წუთზე გახდა, რადგან ესპანური გრანდი დაწინაურდა – ის, რაც საულ ნიგეზმა გააკეთა კი ნამდვილი საფეხბურთო შედევრი გახლდათ – ლამის მთელი “ბაიერნი” (გნებავთ მიუნხენი) მოატყუა და ნოიერს მოჭრილი დარტყმით შანსიც კი არ დაუტოვა – 1:0. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი გოლი გერმანულმა გიგანტმა მერვედფინალში ტურინის “იუვენტუსისგანაც” მიიღო, როდესაც ალვარო მორატამ დაშალა გერმანული კედელი და ხუან კუადრადოს საგოლედ უპასა. მაშინ გერმანელთათვის მაინც ყველაფერი იდეალურად დასრულდა, რა იქნება ამ ჯერზე ერთ კვირაში გავიგებთ.

მანამდე კი, “ატლეტიკო” “ალიანს არენაზე” დაწინაურებული გავა და უპირატესობის განმტკიცება-შენარჩუნებას როგორ ეცდება, ალბათ დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება. საბოლოო ჯამში “ატლეტიკომ” მაინც დამსახურებულად მოიგო. აღსანიშნავია, რომ უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ გაიტან – ფეხბურთელიც ჩვეულებრივი ადამიანია...

“ბაიერნი” კი თავის მხრივ, უკვე მიჯრით მესამე წელია ესპანეთში ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს აგებს – წინა ორ ჯერზე “რეკორდმაისტერს” საპასუხო თამაშმა სახეირო ვერაფერი მისცა და ვნახოთ, დაარღვევს თუ არა უსიამოვნო ტრადიციას პეპ გვარდიოლას ნაქები კრებული...

“ატლეტიკო” – “ბაიერნი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

მაყურებელი: 52 127

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, საულ ნიგეზი (ტომასი 85), გაბი, აუგუსტო ფერნანდესი; გრიზმანი, ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ბაიერნი” (4-1-2-3): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 77); ჩაბი ალონსო; ვიდალი, ტიაგო ალკანტარა (მიულერი 70); დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი, კომანი (რიბერი 64)

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლი: 1:0 საულ ნიგეზი (11)

გაფრთხილება: საულ ნიგეზი (84) - დუგლას კოშტა (40), ბენატია (82), ნოიერი (82), ვიდალი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 19 (7) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

0.311061