ძიუდო

21:12 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდოს მე-8 ევროგაბრწყინება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში გუშინ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, დღეს უკვე ოფიციალურ გუნდურ ევროპირველობაზე დაამტკიცა, რომ ყველა ნაკრებზე მაღლა დგას. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული ერთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ დაიბრუნა. სულ კი ოქროს მედალს მერვედ დაეუფლა.

ევროკონკურენციაში სულ 16 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. პირველ წრეში საქართველოს ნაკრებს მეტოქედ უნგრეთი ერგო. სამწვრთნელო შტაბმა განაცხადში ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), რუსეთში მხოლოდ გუნდურ პირველობაზე საჭიდაოდ ჩაყვანილი გიორგი პაპუნაშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+90 კგ) შეიყვანა. ხუთივე მათგანმა იმარჯვა!

მარგველაშვილმა ბენც ზამბორის ვაზარით აჯობა, შავდათუაშვილმა ფრიგის სზაბო 2 წუთში დასცა ბეჭებზე, გიორგი პაპუნაშვილმა სზაბოლც კრიჟანს ვაზარი აკმარა, ლიპარტელიანმა გაბორ ვერის წუთსა და 22 წამში მოუმთავრა საქმე, ორი ვაზარით, ოქრუაშვილმა კი ბენდეგუზ დემეტერი 2 წუთში ბრუნით დააგდო იპონზე – 5:0 საქართველოს სასარგებლოდ.

მეოთხედფინალში ქართველი ძიუდოისტები ბერძნებს დაეჭიდნენ. მწვრთნელებმა შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელეს – მარგველაშვილის წონაში ამირან პაპინაშვილი შეუშვეს ტატამზე, შავდათუაშვილი ნუგზარ ტატალაშვილით ჩაანაცვლეს, ხოლო პაპუნაშვილი – ავთანდილ ჭრიკიშვილით.

პაპინაშვილმა ხარალამპოს ფოულიდისი დაძაბულ უილეთო შეხვედრაში ერთი შიდოს უპირატესობით (2:3) დაამარცხა. ტატალაშვილმა Gეორგიოს აზოიდისი 4 წუთში შებოჭა. ჭრიკიშვილმა კი რომან მუსტოპუოსთან წაიფორხილა – თავიდან ორი შიდოთი დაწინაურდა, მაგრამ შეხვედრის ბოლომდე ძალები აღარ ეყო. საფინალო გონგამდე ნახევარი წუთით ადრე უხვტიტულა ქართველი ძიუდოისტი ვაზარიზე დავარდა, შემდეგ კი შებოჭვაზე მოჰყვა და მეტოქეს უმალ დანებდა.

ნახევარფინალის საგზურის ბედი ლიპარტელიანისა და ალექსიოს ნტანაციდისის შეხვედრამ გადაწყვიტა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ორი იუკოთი იმარჯვა და საერთო ანგარიში 3:1 გახდა.

+90 კილოგრამში ერთმანეთის პირისპირ ადამ ოქრუაშვილი და ილიას ილიადისი დადგნენ. ქართველმა მძიმეწონოსანმა საბერძნეთის სახელით უამრავი ტიტულის მომგებ ჯარჯი ზვიადაურს შებოჭვით მოუგო და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა – 4:1.

ნახევარფინალში, პოლონეთის ნაკრებთან საჭიდაოდ რუსულ ტატამზე ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან მატიაშვილი გავიდნენ.

მარგველაშვილი ალექსანდრ ბეტასთან შეხვედრის დასაწყისშივე ვაზარიზე დაეცა, მაგრამ მალევე გაათანაბრა. მერე კი იუკოც მიითვალა და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

შავდათუაშვილმა სზვარნოვიცკის იპონით სძლია და საქართველო 2:0 დაწინაურდა. პაპუნაშვილს შეეძლო, ვადაზე ადრე გაენაღდებინა ფინალის საგზური, მაგრამ ლუკაშ ბლახთან სუფთა გდებაზე წამოეგო და მისი გასაკეთებელი ლიპარტელიანმა გააკეთა, პატრიკ ციეჩომსკის შებოჭვით. მძიმეწონოსნების დაჭიდებაში კი ლევან მატიაშვილმა შებოჭა კამილ გრაბოვსკი.

სატურნირო ბადის მეორე მხარეს ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ტატამზე ორივე გუნდი გვარიანად შესუსტებული შემადგენლობით გავიდა და ჩემპიონატის მასპინძლებმა ევროპის შარშანდელი ჩემპიონი დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხეს.

ფინალში საქართველოს ნაკრების ხუთეული ასეთი იყო: მარგველაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და მატიაშვილი.

საჩემპიონო ბრძოლის სტარტით მასპინძლებმა გაიხარეს – ანზორ არდანოვმა მარგველაშვილს სძლია. ტატალაშვილმა ზელიმხან ოზდოევი თავიდანვე დააგდო ვაზარიზე, რომელიც იუკოდ შეუფასეს, მაგრამ ეს უპირატესობაც შეინარჩუნა, სამი გაფრთხილების ფასად. ჭრიკიშვილმა სტანისლავ სემიონოვი ულამაზესი გდებით დასცა ბეჭებზე და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. ოქროს მედლის ბედი კი ისევ ვარლამ ლიპარტელიანმა გადაწყვიტა – საიდ ემი ჟამბეკოვი ბოლო წუთზე დაანარცხა ზურგით ტატამს და საერთო ანგარიში 3:1 გახდა. უმოტივაციოდ დარჩენილმა ლევან მატიაშვილმა კი უქულო შეხვედრის დამატებით დროში გაფრთხილებით წააგო ადლან ბისულტანოვთან და რუსებს წახდენილი ხასიათი ოდნავ გამოუკეთა.

ბრინჯაოს მედლებს აზერბაიჯანისა და პოლონეთის ნაკრებები დაეუფლნენ.

ვაჟების პარალელურად, ევროპის გუნდური ჩემპიონატი ქალთა შორისაც გაიმართა და შეჯიბრების მასპინძლებმა იქაც ფინალი წააგეს – პოლონეთთან, 2:3. Mესამე საპრიზო ადგილები კი ფრანგებმა და გერმანელებმა დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120805