ფეხბურთი

3:47 | 21.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” რისხვა “დეპორტივომ” იგემა

ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის პირველ და მეორე სათამაშო დღეს 8 შეხვედრა გაიმართა. მოწინავე სამეულმა დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და ლიდერთა შორის სიტუაცია არ შეცვლილა.

გალისიელთა შავი დღე “რიასორზე”

ერთდროს “დეპორტივო” შესანიშნავი გუნდი იყო და “რიასორი” გრანდებისთვის აუღებელ ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა. მას შემდეგ წლები გავიდა და “დეპორი” საშუალოზე დაბალი დონის გუნდად იქცა, ლა ლიგადან საერთოდ ორჯერ გავარდა...

მაგრამ, გალისიელებმა წლევანდელი სეზონი მშვენივრად დაიწყეს და პირველი წრის შემდგომ ცხრილში მაღალ საფეხურზე იმყოფებოდნენ. ვიქტორ სანჩესის შეგირდებმა “ნოუ კამპზეც” კი არ წააგეს და ფრედ 2:2 ითამაშეს. მეორე წრეში ლა კორუნიელებს აშკარა ჩავარდნა დაეწყოთ და უკვე მე-14 პოზიციამდე დაქვეითდნენ.

“დეპორმა” გუშინ საკუთარ მოედანზე “ბარსელონა” მიიღო, რომელსაც უკანასკნელი 4 ტურის განმალობაში არ მოეგო და ამასთან, ჩემპიონთა ლიგიდან იყო გამოვარდნილი. გამწარებულმა კატალონიელებმა ყველას ჯავრი საცოდავ “დეპორტივოზე” იყარეს და “რიასორზე” 8 (!!!) უპასუხო ბურთი გაუტანეს, რაც გალისიური კლუბის ანტირეკორდია. აქამდე, “დეპორტივოს” საკუთარ მოედანზე ასეთი დიდი სხვაობით არასდროს წაეგო.

კატალონიელებმა პირველი ტაიმი ლუის სუარესის დუბლით მოიგეს. ურუგვაელმა მეორე ნახევარში კიდევ ორი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა მიითვალა. გოლები კი, ლიონელ მესიმ, ნეიმარმა, ივან რაკიტიჩმა და მარკ ბარტრამ გაიტანეს – 0:8.

ტორესს ვეღარ აჩერებენ

შესანიშნავ ფორმაში შევიდა ფერნანდო ტორესი, რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა. ფერნანდოს გოლმა მის გუნდს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუპოვა “სან მამესზე”, სადაც ადგილობრივი “ბილბაო” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.

ტორესმა გამარჯვების გოლი 38-ე წუთზე გაიტანა, როდესაც ანტუან გრიზმანს ზუსტ ჩაწოდებას თავური დარტყმით გამოეხმაურა. მეორე ნახევარში რამდენიმე მომენტი ბასკებს ჰქონდათ, მაგრამ იან ობლაკი დამაჯერებელი იყო. სტუმართაგან კი, იენიკ ფერეირა კარასკოს ორჯერ მართებდა გატანა, მაგრამ ერთ შემთხვევაში ირაისოსმა აჯობა, ხოლო მეორე ეპიზოდში ააცილა – 0:1.

სტუმართათვის სამწუხარო მხოლოდ დიეგო გოდინის ტრავმაა, რომელიც მე-11 წუთზე დაშავდა და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ ვერა “ბაიერნთან” თამაშს.

“ბლანკოსის” რევანში

პირველ წრეში “ვილიარეალმა” რობერტო სოლდადოს გოლით საკუთარ მოედანზე “რეალი” დაამარცხა. გუშინ კი, მადრიდელებმა სრულფასოვანი რევანშის აღება მოახერხეს და მეტოქეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

ანგარიში ტაიმის მიწურულს ქარიმ ბენზემამ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ლუკას ვაზკესმა და ლუკა მოდრიჩმა შეძლეს გოლების გატანა – 3:0.

“ღამურების” გვიანი გამოღვიძება

“ვალენსიამ” გამოიღვიძა და კარგად ათამაშდა, თუმცა ძალიან გვიან და დიდი ალბათობით, კლუბი ევროპა ლიგის საგზურსაც ვერ მოიპოვებს. გარი ნევილის მიერ დემორალიზებული “ღამურები” პაკო აიესტარანმა 4 ტურის წინ ჩაიბარა და ფეხბურთელების გონზე მოსაყვანად გარკვეული დრო დასჭირდა, რაც სადებიუტო მატჩში “ლას პალმასთან” მარცხით აისახა. მომდევნო ტურში “ვალენსიამ” საკუთარ მოედანზე “სევილია” დაამარცხა, ხოლო კვირას დიდი სენსაცია მოახდინა და გასვლაზე “ბარსელონასთან” გამარჯვება მოახერხა.

“ლოს ჩემ” გუშინ “მესტალიაზე” “ეიბარი” მიიღო და საკუთარ ქომაგებს ის ფეხბურთი ანახა, რომელსაც მთელი სეზონია ელიან. პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიკი გაიფორმა პაკო ალკასერმა, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და მისთვის ეს გოლები შვება იქნება.

მეორე ტაიმში “ღამურებმა” ერთი გოლი აკმარეს მეტოქეს – 56-ე წუთზე ჟოაო კანსელომ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე მშვენიერი გოლი გაიტანა – 4:0.

კომპენსირებულ დროში

34-ე ტურის ორ მატჩში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, ლა ლიგაში დამრჩენი კლუბის ბედი გადაწყვიტოს.

“ხიხონმა” “სევილია” გამარჯვების ბურთი 91-ე წუთზე გაუტანა, ხოლო ამავე დროს “მალაგამ” შინ “რაიო ვალეკანოს” გაუთანაბრა და უმნიშვნელოვანესი 2 ქულა წაართვა.

“ხიხონი” 32 ქულით მე-17 ადგილზეა, ხოლო “რაიო ვალეკანო” ერთი საფეხურით წინაა და 35 ქულა აქვს.

შეწყვეტილი სერიები

“ბარსელონამ” 4-მატჩიანი მოუგებელი და 3-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

ლუის სუარესმა 6 მარტის (28-ე ტურის) შემდეგ პირველად გაიტანა ლა ლიგაში.

“ხიხონმა” 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

“ლას პალმასმა” 4 შეხვედრის შემდეგ პირველად წააგო.

“ბილბაომ” 3-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მიმდინარე სერიები

ფერნანდო ტორესმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გაიტანა გოლი.

“რეალმა” ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო, “ატლეტიკომ” მეოთხე, ხოლო “ვალენსიამ” მესამე.

“სევილიას” ხუთი მატჩია არ მოუგია, ხოლო “დეპორტივოს”, “ესპანიოლსა” და “მალაგას” – ოთხი.

“სელტას” ექვსი შეხვედრაა არ წაუგია.

“სევილიას” მიმდინარე ლა ლიგაში გასვლაზე არ მოუგია.

საინტერესო ფაქტები

“დეპორტივომ” საკუთარი ანტირეკორდი დააფიქსირა. გალისიელებმა შინ 0:8 წააგეს “ბარსელონასთან”, რაც ლა ლიგის ეგიდით გამართულ საშინაო მატჩებში ყველაზე დიდი მარცხია მათთვის.

“რეალმა” 101 გოლი გაიტანა მიმდინარე ლა ლიგაში.

2015 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ “ვალენსიამ” ლა ლიგაში პირველად მოახერხა კარის მშრალად შენახვა. ზედიზედ 23 ტური “ღამურები” ერთ ბურთს მაინც უშვებდნენ.

იან ობლაკმა მიმდინარე ლა ლიგაში 21-ე მშრალი შეხვედრა ჩაატარა.

ლა ლიგაში ბომბარდირთა დავაში ბრძოლა დაიძაბა. კრიშტიანო რონალდუს 31 ბურთი აქვს გატანილი, ხოლო ლუის სუარესს 30 გოლი დაუგროვდა.

ბეტისი – ლას პალმასი 1:0 (0:0)

გოლი: ვან ვოლფსვინკელი (83)
გაძევება: აიტამი (41 ლ.)

ესპანიოლი – სელტა 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ასპასი (28), 1:1 ასენსიო (39)

დეპორტივო – ბარსელონა 0:8 (0:2)

გოლები: 0:1;0:2;0:4;0:5 ლ.სუარესი (11;24;53;64), 0:3 რაკიტიჩი (47), 0:6 მესი (73), 0:7 ბარტრა (79), 0:8 ნეიმარი (81)

ხიხონი – სევილია 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 იბორა (8), 1:1 კრიხოვიაკი (22 ს.კ.), 2:1 ი.ლოპესი (91)

მალაგა – რაიო ვალეკანო 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბაენა (62), 1:1 რიკა (91)

ბილბაო – ატლეტიკო 0:1 (0:1)

გოლი: ფ.ტორესი (38)

ვალენსია – ეიბარი 4:0 (3:0)

გოლები: 1:0;2:0;3:0 ალკასერი (10;28;40), 4:0 კანსელო (56)

რეალი – ვილიარეალი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბენზემა (41), 2:0 ვაზკესი (69), 3:0 მოდრიჩი (76)

თეგებილა ლიგა
0.114571