ფეხბურთი

15:46 | 18.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” ზედიზედ მესამე მარცხი და ორხელისუფლებიანობა ლა ლიგაში

სამი ტურის წინ ლა ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა ყველას მკვდარი ეგონა და ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ 33-ე ტურის შემდეგ ტიტულის მოგების შანსი ერთდროულად სამ გუნდს ექნებოდა.

“ბარსელონა” გუშინ საკუთარ მოედანზე “ვალენსიასთან” დამარცხდა, რითაც ორივე მადრიდულმა კლუბმა ისარგებლა. “ბლაუგრანასა” და “ატლეტიკოს” 76-76 ქულა აქვთ და კატალონიელებს მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში აქვთ უპირატესობა. ლიდერებს “რეალი” მხოლოდ ქულით ჩამორჩება...

“ღამურების” რევანში

ორთვენახევრის წინ “ბარსელონამ” ესპანეთის თასზე “ვალენსია” 7:0 გაანადგურა. “ღამურებმა” ასეთი დამამცირებელი მარცხი მეტოქეს არ აპატიეს, ძალიან მოინდომეს და კატალონიელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა წაართვეს, რომელიც შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

კატალონიელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ შესანიშნავად მოთამაშე დიეგო ალვეშს ერთ ბურთზე მეტი ვერ გაუტანეს. უშანსოდ “ღამურებიც” არ ყოფილან და გოლების გარდა, რამდენიმე ძალიან რეალური საგოლე ეპიზოდი ჰქონდათ.

მასპინძელთათვისPპირველი ნახევარი კატასტროფულად წარიმართა. 26-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო დამატებულ პირველ წუთზე სანტიმ მინამ მშვენიერი კომბინაცია დააგვირგვინა ზუსტი დარტყმით.

მეორე ტაიმში “ბარსელონამ” კიდევ უფრო მოინდომა და 63-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა: ლიონელ მესიმ 515-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა და კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ივან რაკიტიჩს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ დიეგო ალვეშმა დიდებული ნახტომით შეძლო ბურთის მოგერიება. 87-ე წუთზე “ღამურებს” მატჩის დასრულება შეეძლოთ, მაგრამ პაკო ალკასერმა 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა, რისთვისაც 90-ე წუთზე “ვალენსია” კინაღამ დაისაჯა – ხერარდ პიკეს გოლის გატანის ურეალურესი შანსი ჰქონდა, მაგრამ კარს ააცილა – 1:2.

დამაჯერებელი “ატლეტიკო”

“ატლეტიკომ” შინ გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი “გრანადა” მიიღო და იოლად გაუსწორდა. მასპინძლებმა პირველი ნახევარი კოკეს გოლით მოიგეს, ხოლო მეორე ტაიმში ფერნანდო ტორესმა და შეცვლაზე ანხელ კორეამ შეძლეს თავის გამოჩენა.

დიეგო სიმეონეს შეგირდები “ბარსელონას” გაუთანაბრდნენ და მხოლოდ ურთიერთშეხვედრებით ჩამორჩებიან.

“რეალმა” მადრიდის გარეუბანში გაილაღა

“რეალი” მცირე მადრიდულ დერბიში გასვლაზე “ხეტაფეს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით იმარჯვა. “ბლანკოსს” პირველი ნახევარი ქარიმ ბენზემამ და ისკომ მოაგებინეს, ხოლო მეორე ნახევარში გარეტ ბეილის, ხამეს როდრიგესისა და კრიშტიანო რონალდუს ჯერი დადგა. მასპინძელთაგან პრესტიჟის გოლის გატანა პაბლო სარაბიამ მოახერხა, რომელიც “რეალის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია – 1:5.

“ბლანკოსი” მე-3 ადგილზეა, თუმცა ლიდერებს მხოლოდ ქულით ჩამორჩება.

“ვილიარეალის” მარცხი

მე-4 ადგილოსანი “ვილიარეალი” გასვლაზე “რაიო ვალეკანოსთან” დამარცხდა და “ბილბაოს” სხვაობის 6 ქულამდე დაყვანის საშუალება მისცა. ვალენსიელებს ეტყობოდათ, რომ ორი დღით ადრე ევროპა ლიგაზე ჰქონდათ ნათამაშები და მადრიდში ძალიან გაუჭირდათ. მასპინძლები დებიუტშივე ხავი გერას გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ადრიანმა მალევე გაათანაბრა და ტაიმი ფრედ დასრულდა. 3 ქულის მომტანი გოლი 81-ე წუთზე მიკუმ გაიტანა – 2:1.

“რაიო” გასავარდნ ზონას 5 ქულით მოცილდა.

ბასკებმა “ლა როსალედაზე” იმარჯვეს

“ბილბაომ” გასვლაზე მძიმე ბრძოლაში “მალაგა” დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მცირე ინტრიგა დააბრუნა. ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე რაულ გარსიამ გაიტანა. მასპინძლებს გათანაბრების რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ გორკა ირაისოსს ვერაფერი მოუხერხეს – 0:1.

სხვა მატჩები

ევროპა ლიგაზე ნაომარმა “სევილიამ” შინ ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო. ანდალუსიელები “დეპორტივოს” ვისენტე იბორას გოლით უგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს ორიოლ რიერამ გაათაბრა და “დალაქებს” ორი ქულა წაართვა – 1:1.

საჭირო ქულები დაკარგა “სელტამ”, რომელმაც ვიგოში “ბეტისი” ვერ დაამარცხა. მასპინძლები 76-ე წუთამდე ნ’დიაიეს გოლით მარცხდებოდნენ, მაგრამ პაბლო ერნანდესმა წონასწორობა აღადგინა. გამარჯვების შემთხვევაში, გალისიელები “ვილიარეალთან” სხვობას 5 ქულამდე ამცირებდნენ და მე-4 ადგილისთვის ბრძოლა შეეძლებოდათ...

“ლევანტემ” საკუთარ მოედანზე “ესპანიოლს” აჯობა, ბოლო ადგილს თავი დააღწია და გადარჩენის შანსი დაიბრუნა.

“ლას პალმასმა” “გრან კანარიაზე” გადარჩენისთვის მებრძოლ “ხიხონს” გაუყო ქულა, ხოლო “იპარუაზე” გამართულ ბასკურ დერბიში “ეიბარმა” “სოსიედადის” დამარცხება შეძლო.

შეწყვეტილი სერიები

“ლევანტემ” 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

“სევილიამ” 3-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა.

“ლას პალმასმა” სამი მოგებული მატჩის შემდეგ ფრედ ითამაშა.

“გრანადამ” ზედიზედ ოთხი ფრის შემდეგ წააგო.

“ეიბარმა” ბასკურ დერბიში იმარჯვა და 8-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ანტუან გრიზმანს მიჯრით შვიდ ტურში გაჰქონდა, მაგრამ “გრანადას” ვეღარ გაუტანა.

ლიონელ მესიმ 515-წუთიანი უგოლო სერია “ვალენსიასთან” წაგებული მატჩის 63-ე წუთზე შეწყვიტა.

მიმდინარე სერიები

“ბარსელონამ” ზედიზედ მესამედ წააგო, ხოლო ოთხი მატჩია არ მოუგია.

“ატლეტიკომ” ზედიზედ მესამედ მოიგო.

“რეალმა” მიჯრით მეშვიდე მატჩში იმარჯვა.

“ვალენსია” მეორე მატჩია ერთნაირი ანგარიშით 2:1-ს იგებს.

“სევილიას” ოთხი მატჩია არ მოუგია, ხოლო “ესპანიოლს”, “ხიხონს” “დეპორტივოსა” და “მალაგას” – სამი.

“ლას პალმასი” ოთხი შეხვედრაა არ აგებს.

“გრანადა” ექვსი მატჩია ვერ იგებს, ხოლო “ხეტაფე” – 13.

ფერნანდო ტორესსა და კრიშტიანო რონალდუს ზედიზედ 4 შეხვედრაა გოლი გააქვთ.

საინტერესო ფაქტები

ლიონელ მესიმ კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა.

“ბარსელონამ” ლა ლიგაში ზედიზედ სამი მატჩი 2003 წლის შემდეგ პირველად წააგო.

ქარიმ ბენზემამ მიმდინარე ლა ლიგაში 22-ე გოლი გაიტანა, რაც მისი რეკორდია.

მადრიდის “ატლეტიკომ” მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა. იან ობლაკმა 33-ე მატჩში 20-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა და სულ 16 ბურთი აქვს გაშვებული.

ხერარდ პიკემ მე-10 ყვითელი ბარათი მიიღო და შემდეგ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

სანტი მინამ “ბარსელონას” მიმდინარე სეზონში ორივე მატჩში გაუტანა.

“ლევანტემ” უკანასკნელი 9 მატჩიდან 3 მოიგო. სამივე მატჩში გოლის გატანას ჯუზეპე როსი ახერხებდა.

ზედიზედ მეორე ტურია, მსაჯები წითელ ბარათს არ იღებენ ჯიბიდან. საინტერესოა, რომ იქამდე გამართული 31 ტურიდან, მხოლოდ ორი უწითლო ტური იყო ლა ლიგაში.

ლევანტე – ესპანიოლი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ჰ.პერესი (7), 1:1 როსი (23), 2:1 მედჯანი (66)

ხეტაფე – რეალი 1:5 (0:2)

გოლები: 0:1 ბენზემა (29), 0:2 ისკო (40), 0:3 ბეილი (50), 1:3 სარაბია (83), 1:4 ხამესი (88), 1:5 რონალდუ (92)

ლას პალმასი – ხიხონი 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბიგასი (3), 1:1 ხონათანი (48)

სელტა – ბეტისი 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ნ’დიაიე (24), 1:1 პ.ერნანდესი (78)

მალაგა – ბილბაო 0:1 (0:0)

გოლი: რ.გარსია (53)

სევილია – დეპორტივო 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 იბორა (21), 1:1 ო.რიერა (81)

რაიო ვალეკანო – ვილიარეალი 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 გერა (7), 1:1 ადრიანი (20), 2:1 მიკუ (81)

ეიბარი - სოსიედადი 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 ზურუტუზა (7), 1:1 ენრიჩი (32), 2:1 ესკალანტე (58)

ატლეტიკო – გრანადა 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 კოკე (15), 2:0 ფ.ტორესი (59), 3:0 კორეა (83)

ბარსელონა – ვალენსია 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (26 ს.კ.), 0:2 მინა (45+1), 1:2 მესი (63)

თეგებილა ლიგა
0.17851