ბლოგი

12:30 | 17.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

8 ფაქტი “სევილიაზე”

  1. თუკი წარმოსახვები გღალატობს და ვერასოდეს წარმოიდგენ თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, გახსოვდეს, რომ ხშირად სულაც არაა ფანტაზიის ამუშავება საჭირო, რადგან ცხოვრებაში ფანტაზიის გარეშეც შეიძლება გამოიცნო რაღაცეები. მაგალითად ის, რომ საფეხბურთო კლუბი “სევილია” აუცლებლად გავა ევროპა ლიგის ნახევარფინალში.
  2. შეიძლება სამყარო შეიცვალოს, გუშინდელი მოყვრები მტრები გახდნენ, მტრები კი დამეგრობრდნენ, შეიძლება რუსეთიც კი დემოკრატიული ქვეყანა გახდეს და ისიც შეიძლება, რომ ნილოსმა უკუღმა დაიწყოს დინება, მაგრამ საფეხბურთო კლუბი “სევილია” ევროპის ლიგაზე მაინც იპირველებს და ეს ისეთივე ცხადია, როგორც ის, რომ უნაი ემერი უკვე ყელში გვაქვს ამოსული.
  3. თუკი გაზაფხული დადგა და “სევილია” ევროპა ლიგის ფინალში ვერ ნახეთ, აუცილებელია ხელზე იპწკინოთ, რადგან ნამდვილად ღრმა ძილში იქნებით და ასეთი რამე რეალურად არ ხდება.
  4. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები იძახდნენ: “თუ გინდა იღბალი და გამართლება მუდამ შენს გვერდით იყო, უნაი ემერთან იმეგობრეო”.
  5. თუკი საქართველოს ნაკრებისთანა ბეჩავი და ილაჯგამქრალი გუნდის ქომაგი ხართ, აუცილებელია გამოცდილ მკითხავს მიმართოთ და მან უნდა გამოგილოცოთ ყველა ჯადო და ოხრობა. ამისათვის რა თქმა უნდა უნაი ემერი საუკეთესო კანდიდატია. მას აქვს შეუღწეველი აურა, დიდებული ჩაკრები და ბუტბუტის გენიალური ნიჭი, რადგან მისმა ბუტბუტმა და ფეხბურთელებისათვის ყურში ჩურჩულმა “სევილია” ყელშიც ამოგვიყვანა, თვალშიც შეგვჩხირა და რამე რომ იყოს, ღამეც ამ კლუბს დაგვასიზმრებს.
  6. თუკი ადრე ესპანეთის დიდებული და მშვენიერი ქალაქი სევილია ოპერა “სევილიელი დალაქითა” და მანამდე საზარელი სევილიელი კათოლიკე ინკვიზიტორით იყო ცნობილი, დღეს უნაი ემერმა ეს ორივე გმირი გააერთიანა, რადგან მოწინააღმდეგეებისათვის სწორედაც რომ ინკვიზიტორი და სამართებელალესილი დალაქია.
  7. თუკი ‘სევილიას” ქომაგი ხართ და ამ კლუბზე გული შეგტკივთ, გახსოვდეთ, რომ თქვენთვის სამოთხის კარი ძალიან რთულად გაიღება რადგან რთულია მოიშოროთ იმ მრავალი კლუბის ცოდვა, რომელიც “სევილიამ” ამ ბოლო წლების მანძილზე დაიდო კისერზე.
  8. დაბოლოს, თუკი ამ “მცნებებს” კითხულობთ და პარალელურად თქვენს წინ, წამოსკუპებულ ტელევიზორში ”სევილია” ბურთს აგორებს, იცოდეთ, რომ ეს სულაც არაა შემთხვევითი ამბავი. ამ დროს გულში რამდენჯერმე უნდა ჩაილაპარაკიოთ - “განვედ ჩემგან უნაი, განვედ!”. სხვაინირად ამ კაცის მოშორება ადვილი საქმე ნამდვილად არაა..

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114912