ფეხბურთი

1:15 | 13.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ "რეალი" ნახევარფინალში გაიყვანა (+VIDEO)

მადრიდის “რეალმა” თავისი გულშემატკივრების მოლოდინი გაამართლა და გერმანულ “ვოლფსბურგს” საკუთარ მოედანზე სასურველი ანაგრიშით მოუგო. ასე რომ მოხდა, მთლიანად თუ არა, დიდწილად კრიშტიანუ რონალდუს დასამხურებაა, რომელმაც “მგლებთან” აიწყვიტა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. სწორედ პორტუგალიელის გოლებით აღმოჩნდა ზინედინ ზიდანის გუნდი საუკეთესო ოთხეულში.

“ვოლფსბურგს” შინ მოულოდნელად, მაგრამ 2:0 ჰქონდა მოგებული და ბუნებრივია, რომ გერმანელებმა აქცენტი დაცვით სტილზე გააკეთეს. ასეც რომ არ ყოფილიყო, ძალზე რთულია “სანტიაგო ბერნაბეუზე” სტუმრის რანგში გახვიდე და პირველ ნომრად ითამაშო. მითუმეტეს, “ვოლფსბურგისთვის”. სტუმრებმა საწყისი 15 გაძლეს, მაგრამ მერე მათთვის კოშმარული ორი წუთი დადგა: ჯერ იყო და დანიელ კარვახალის გამჭოლი გადაცემის მერე “ვოლფსბურგის” მთელმა დაცვამ ამაზრზენად ითამაშა და ბურთი მანამდე არ ჩაჭრეს, სანამ კართან მდგომ რონალდუს არ მიუვიდა და პორტუგალიელმაც ანგარიში გახსნა. ერთ წუთში კი, რონალდუმ ტონი კროოსის კუთხურს თავი დიდებულად შეაგება და მშვენიერი გოლით ორმატჩიან რაუნდში წონასწორობა აღადგინა. პირველ ტაიმში მეტის გატანა “რეალმა” ვერ შეძლო, მაგრამ ფაქტი იყო, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდს წინ უმძიმესი 45 წუთი ელოდა. ასეც მოხდა...

გადამწყვეტი გოლი, გოლი, რომელმაც ნახევარფინალისტის ვინაობა გაარკვია 77-ე წუთზე გავიდა, მაგრამ მანამდე სერხიო რმაოსმა თითქმის გაიტანა, ანდაც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვერ დაინახა. საქმე ისაა, რომ ესპანელი მცველის თავური ჯერ ძელს მოხვდა მერე კარის ხაზზე გაგორდა და მას ბელაიო დაეუფლა. შესაძლოა, გოლიც იყო, თუმცა ამაზე საუბარი აღარც ღირს, რადგან “რეალმა” გასატანი მაინც გაიტანა.

და ვინ, თუ არა რონალდუ?! – პორტუგალიელმა უზადოდ დაარტყა საჯარიმო დარტყმა. სხვა სიტყვის პოვნა მართლაც რთულია, ბურთი ცოცხალ კედელში გააძვრინა და ისეთ კუთხეში შეაგდო მეკარეს შანსი რომ არ ჰქონდა – 3:0 და “რეალი” ნახევარფინალშია ზედიზედ მეხუთედ. შარშან მადრიდული გრანდი ფინალს მიღმა დარჩა, რა იქნება წელს ამას მომავალში გავიგებთ. სხვათა შორის, რონალდუს ჯარიმის დროს ჯოშუა გუილავოჯი და ნალდო ცუდად გაისარჯნენ, რადგან სწორედ მათ მიერ იქნა დაშლილი “ვოლფსბურგის” ცოცხალი კედელი.

რონალდუს კი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 16 გატანილი გოლი დაუგროვდა და რთული წარმოსადგენია მას საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოგებაში ხელი ვინმემ შეუშალოს.

“რეალი” – “ვოლფსბურგი” 3:0 (2:0) (მიმოხილვა)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

მაყურებელი: 80 000

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი (ვარანი 90); ბეილი, ბენზემა (ხესე 84), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ვიეირინია, დანტე, ნალდო, როდრიგესი; ლუის გუსტავო, გუილავოჯი (დოსტი 80); ენრიკე (კალიჯური 73), არნოლდი, დრაქსლერი; შურლე (კრუსე 32)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

გოლები: 1:0 რონალდუ (16), 2:0 რონალდუ (17), რონალდუ (77)

გაფრთხილება: რონალდი (80) - არნოლდი (45), ლუის გუსტავო (76), დანტე (85), ვიეირინია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 9 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 12:4 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

0.402728