ფეხბურთი

1:52 | 7.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მგლებმა" "სამეფო გუნდი" დაგლიჯეს (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის დებიუტანტმა “ვოლფსბურგმა” თვით მადრიდის “რეალი” დაამარცხა, თანაც მშრალი ანგარიშით – 2:0.

აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ გერმანიის ბუნდესლიგაში წარუმატებლად მოთამაშე გუნდი “სამეფო კლუბთან” საპასუხო თამაშის წინ ასეთ უპირატესობას შეიქმნიდა. ბევრი ვერავინ, მაგრამ თამაშამდე “მგლების” თავკაცი დიტერ ჰეკინგი ამბობდა, კიდეც ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, ვიცით, რომ რთული გასაკეთებელი იქნება, მაგრამ მაინცო... ჰოდა, პატივცემულ ჰეკინგს სურვილი და მიზანი აუხდა.

გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა “რეალს” ორივე გოლი პირველ ტაიმში და კერძოდ, საწყის 25 წუთში გაუტანა. ერთი კი იყო, პირველი გოლი “ვოლფსბურგმა” არასამართლიანად გაიტანა. საქმე ისაა, რომ საჯარომოში შეჭრილი ანდრე შურლე თავის ფეხს წამოედო და მინდორზე გაიშხლართა, იტალიელმა მსაჯმა ჯანლუკა როკიმ კი დამნაშავედ სტუმარი კაზემირო სცნო და პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, რომელიც ზუსტად რიკარდო როდრიგესმა შეასრულა და კეილო ნავასის მშრალი სერიაც დაასრულა.

სამაგიროდ, მეორე გოლი მასპინძლებმა თამაშის წესების სრული დაცვით გაიტანეს. გუილავოჯიმ დაბალი პასით მაქსიმილიან არნოლდი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით შეაგდო. ამ ეპიზოდში ყვეაზე მეტად დამნაშავე სერხიო რამოსი გახლდათ, რომელსაც არნოლდი უკნიდან გაექცა.

“რეალი” ცდილობდა, რომ ერთი გოლი მაინც გაეტანა, რომ საპასუხო თამაშის წინ ოდნავ უკეთეს სიტუაციაში აღმოჩენილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. საინტერესოა, რომ მადრდიდელებმა მთელი თამაშის განმავლობაში კარის ჩარჩოში ოდენ სამჯერ მოარტყეს ბურთი და საბოლოო ჯამში მარცხიც დაიმსახურეს.

ეგ კი არა, მეორე ტაიმში “ვოლფსბურგს” კიდევ ერთი ასპროცენტიანი შანსი ჰქონდა, როდესაც შურლე ახლო მანძილიდან ურტყამდა, მაგრამ ოდნავ ააცილა და “რეალი” განადგურებას გადაარჩინა.

რა მოხდება 6 დღის მერე “სანტიაგო ბერნაბეუზე” ახლა ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ “ვოლფსბურგს” ბრწყინვალე შანსი აქვს ისტორიული შედეგი აჩვენოს და ნახევარფინალში გააღწიოს.

“ვოლფსბურგი” – “რეალი” 2:0 (2:0) (მიმოხილვა)

ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”

მაყურებელი: 26 400

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): ბენალიო; ენრიკე (ტრეში 80), დანტე, ნალდო, როდრიგესი; არნოლდი, ლუის გუსტავო; ვიეირინია, გუილავოჯი, დრაქსლერი (შაფერი 90); შურლე (კრუსე 85)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, პეპე, რამოსი, მარსელო; კროოსი (ხამესი 85), კაზემირო, მოდრიჩი (ისკო 64); ბეილი, ბენზემა (ხესი 41), რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 როდრიგესი (18, პენ), 2:0 არნოლდი (25)

გაფრთხილება: ვიეირინია (19), ბენალიო (53), ლუის გუსტავო (61), არნოლდი (69) – ბეილი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 21 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 0:7

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

0.400676