ფეხბურთი

14:09 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჭიათურა” – საფეხბურთო ცხოვრება ყვირილას ხეობაში

ასეთ ლამაზ ქალაქს კარგი საფეხბურთო აურაც მოუხდებოდა. შედიხარ ჭიათურაში, თვალს გწყვეტს კლდეები, საბაგიროები, გამოქვაბულები, მდინარე ყვირილა... სტადიონიც მშვენიერ ადგილასაა, მდინარის პირას, სუფთა ჰაერზე და მისადგომადაც იოლია. თუმცა თემურ მაღრაძის სახელობის სტადიონი, ადრე 11 700 გულშემატკივარს რომ იტევდა, ახლა თითქმის ცარიელია.

“ჭიათურა” წლეულს საშინაო მატჩებს საჩხერეში, ხელოვნურსაფარიან მინდორზე ატარებს და იქვე ვარჯიშობს. ეს ის სტადიონია, სადაც “ჩიხურას” დუბლები თამაშობენ. აბა, ჭიათურაში მინდორი ცუდ მდგომარეობაშია და მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემაც საჩხერეში თამაში არჩია.

“ჭიათურა” პირველ ლიგაში მე-12 ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება. ეგაა, ბოლო ტურებში ხაჩიძის გაწვრთნილებმა იყოჩაღეს, სამ ტურში 7 ქულა აიღეს, მათ შორის, წყალტუბოს “სამგურალს” გასვლაზე 3:0 მოუგეს. გუნდში არიან როგორც ადგილობრივები, ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ფეხბურთელები. ისინი დაახლოებით თანაბარი რაოდენობისანი არიან.

ქალაქში არსებულ საფეხბურთო მდგომარეობაზე კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კიღურაძემ, უსაფრთხოების ოფიცერმა ამირან რუხაძემ და პრესატაშე ნუკრი ლოლაძემ მოგვითხრეს.

“უპირველესად, საჩხერელებს დიდი მადლობა, რომ სტადიონი გვათხოვეს. უფასოდ, მეგობრული ურთიერთობის შედეგად შედგა შეთანხმება. მადლობა “ჩიხურას” პრეზიდენტ ნუგზარ დეკანოიძესა და გუნდის მწვრთნელ სოსო ფრუიძეს. სეზონის ბოლომდე ასე იქნება, მერე კი იმედია, ჩვენს სტადიონზე დავბრუნდებით” – გვითხრა კიღურაძემ.

ჭიათურის სტადიონის გვერდით არის სპორტული კომპლექსი, დარბაზიც იქაა და საცურაო აუზიც. სხვათა შორის, ცურვაზე საკმაოდ ბევრი ბავშვი ვარჯიშობდა. ამავე კომპლექსში არის ჩამოსული ფეხბურთელებისთვის საცხოვრებელი ფართი.

და რა ხდება სტადიონზე? მინდორი ცუდია და ტრიბუნაზეც სკამები აყრილია. 1000 სკამი თბილისის მერიისგან აქვს კლუბს და კიდევ 2000-ს ელიან, მაგრამ ჯერ არ დამონტაჟებულა. მოკლედ, სრული რეკონსტრუქციაა საჭირო.

“მამუკა კვარაცხელია იყო ჩამოსული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, სამუშაო ჯგუფთან ერთად. კვარაცხელიამ აღნიშნა, ჭიათურის სტადიონის მდებარეობით აღფრთოვანებული ვარ და აუცილებლად ვიზრუნებთ რეკონსტრუქციაზეო” – გვითხრა ნუკრი ლოლაძემ.

ჩვენმა მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ კლუბს მთლიანად გამგეობა აფინანსებს. წლევანდელი ბიუჯეტი 300 000 ლარია და საერთოდ, 2013 წლიდან ეტაპობრივად იზრდება დაფინანსება.

“გვერდში გვიდგანან გამგებელი სულხან მახათაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი. 200 000 ლარი წლიურად ცალკეა გამოყოფილი ბავშვთა სკოლაზე და დაახლოებით 200-მდე ბავშვიც არის დასაქმებული. ორი ასაკის გუნდი იმერეთის ჩემპიონატშიც მონაწილეობს. კლუბის ხარჯებით ვაპირებთ სტადიონზე გასახდელების გაკეთებას”.

ჭიათურაში რომ შედიხარ, თვალში მოგვხდება მანგანუმის საბადოები. მოსახლეობის დიდი ნაწილი მის მოპოვებას ეშურება. რატომ არაა შესაძლებელი, რომ კლუბი სწორედ მანგანუმმა შეინახოს? შევიტყვეთ, რომ კლუბი მოლაპარაკებას აწარმოებს ერთ-ერთ ინვესტორთან და შეთანხმების შანსი ახლა უფრო არის, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო განვითარების პროგრამა დაიწყო.

“ქალაქში ფეხბურთისადმი ინტერესი არის. საჩხერეში დაგვყვებიან გულშემატკივრები თამაშებზე, 700-800 კაცი მოდის. ცალკე უნდა ვთქვათ ფეხბურთის განვითარების ფონდზე, რომელიც სწორად მუშაობს და როცა გვითხრეს, დროულად ჩაგვირიცხეს კიდეც თანხა. ახლა მთავარია, რომ პირველ ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ. დარჩენილ ტურებზე ბევრია დამოკიდებული. თუ დავრჩებით, ჭიათურაში ფეხბურთის წინსვლის დიდი წინაპირობაა, სხვაგვარად კი ძალიან გაჭირდება”.

ჭიათურა საფეხბურთო რაიონია. 1975 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, საქართველოს საბჭოთა თასიც მოიგო 1978 და 1979 წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში კი “მაღაროელს” ორჯერ უთამაშია უმაღლეს ლიგაში: 1993/94 და 1997/1998. რვა წლის წინ კლუბმა მოიპოვა უმაღლესის საგზური, მაგრამ უფულობის გამო ვერ გადავიდა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცნობილი ჭიათურელი ფეხბურთელი გია გურული გახლდათ. ჭიათურაში ახლაც იზრდებიან ნიჭიერები. მართალია სწრაფი ნაკადით ვერა, მაგრამ მაინც. ერთი ბავშვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის გუნდში მოხვდა, ორნი “დინამოს” აკადემიაში არიან.

0.118676