ფეხბურთი

2:45 | 4.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” – ზედიზედ მეოთხე 1:0 და 7-ქულიანი ჰანდიკაპი

2015 წლის 4 აპრილს “ლესტერს” 29 ტურის შემდეგ 19 ქულა ჰქონდა, ბოლო ადგილზე იმყოფებოდა და მე-17 ადგილოსან “სანდერლენდს” 7 ქულით ჩამორჩებოდა. “მელიებმა” დარჩენილ მატჩებში შესანიშნავი სერია გამოაცხვეს, პატარა სასწაული შემოგვთავაზეს და პრემიერლიგაში დარჩნენ.

დიახ, ის პატარა სასწაული იყო და “ლესტერის” წლევანდელი თამაშის აღსაწერად ალბათ არანაირი სიტყვები არ გვეყოფა. “მელიები” ნამდვილ სიგიჟეს ჩადიან და უკიდურესად შეზღუდული რესურსით 21-ე საუკუნის ყველაზე ხმაურიან საფეხბურთო სენსაციას უახლოვდებიან.

“კინგ პაუერ სთედიუმის” ბინადრებმა აღნიშნულ არენაზე “საუთჰემპტონი” მიიღეს და მათთვის საყვარელი ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე კაპიტანმა უეს მორგანმა თავური დარტყმით შეაგდო, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი ბურთი გაიტანა.

კლაუდიო რანიერის შეგირდებს მეორე ნახევარში ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ფრეიზერ ფორსტერმა ჯერ სიმპსონს, ხოლო შემდეგ ვარდის ძალიან რთული ბურთები აუღო. უშანსოდ არც “წმინდანები” ყოფილან და კასპერ შმეიხელის კართან რამდენიმე ძალიან უსიამოვნო მომენტი შეიქმნა, ხოლო ერთ ეპიზოდში რობერტ ჰუტის ბურთი ხელზე მოხვდა და მსაჯს პენალტის დანიშვნა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ “მელიები” აშკარად დაინდო.

“ლესტერმა” ზედიზედ მეოთხედ 1:0 მოიგო და ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-2 ადგილოსანი “ტოტენჰემი” 7 ქულით ჩამოიტოვა.

დღის მეორე მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ოლდ ტრაფორდზე” “ევერტონს” უმასპინძლა, ენტონი მარტიალის გოლით მოუგო და თანაქალაქელ “სიტის” გაქცევის საშუალება არ მისცა. აღსანიშნავია, რომ ფრანგი შემტევი ისტორიული გოლის ავტორი გახდა - ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბს პრემიერლიგაში გამართულ საშინაო მატჩებში 1000 გოლი დაუგროვდა და პირველმა მიაღწია ამ საპატიო ნიშნულს.

“წითელი ეშმაკები” 53 ქულით მე-5 ადგილზე არიან და “ქალაქელებს” ქულით ჩამორჩებიან.

ლესტერი – საუთჰემპტონი 1:0 (1:0)

ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, მორგანი, ჰუტი, ფუჩსი, სიმპსონი, კანტე, დრინკვოთერი, მაჰრეზი (გრეი 79), ოლბრაიტონი (დაიერი 90), ოკაზაკი (ულოა 64), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი, ვან დეიკი, ფონტე, ბერტრანი, სოარეში, კლასი (ოსტინი 73), ვანიამა, ს.დევისი (უარდ-პროუსი 73), ტარგეტი (ტადიჩი 46), მანე, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

გოლი: მორგანი (38)
გაფრთხილებები: დრინკვოთერი, ფუჩსი – ვანიამა, ტადიჩი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი

მანჩესტერ იუნაიტედი – ევერტონი 1:0 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, ბლინდი (ვალენსია 82), სმოლინგი, დარმიანი, როხო (ფოსუ-მენსა 46), კერიკი (ერერა 58), შნეიდერლენი, ლინგარდი, მარტიალი, მატა, რეშფორდი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ევერტონი (4-3-3): რობლესი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, ბეინსი, ბარკლი (ნიასე 87), მაკკარტი, კლევერლი, დეულოფეუ (მირალაში 63), ლენონი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: მარტიალიი (54)
გაფრთხილებები: სმოლინგი, ლინგარდი
მსაჯი: ანდრე მარინერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120683