ბლოგი

19:00 | 3.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

თავი დავანებოთ ოცნებებს!

როდესაც ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, რამდენჯერმე დავაპირე ამ მნიშვნელოვან ამბავზე დამეწერა, მაგრამ ყოველთვის ბოლო მომენტში ვიკავებდი თავს. ამის მიზეზი პირველ ყოვლისა ისაა, რომ ძალიან რთულია ადამიანზე წერო მაშინ, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მისი განვლილი (სხვათა შორის საკმაოდ საინტერესო) ისტორიაა ხელისგულზე, რეალობა კი ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არაერთხელ ასცდენია ისტორიას.

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი ბუნებრივია ვერ იქნება ყველაფრის განმსაზღვრელი და გამზომი. თუმცა ერთი რამის თქმა ახლავე შეგვიძლია. ქართველმა ქომაგმა თავი უნდა დაანებოს არაფრის მომტან ოცნებებს, რეალობას მკვეთრად გაუსწოროს თვალი და ყველამ ერთად ვაღიაროთ, რომ ჩვენი ნაკრები უბრალოდ არაა მაღალი დონის გუნდი და აქამდე ჩვენი ნაკრების მწვრთნელების უმრავლესობისადმი გამოთქმული პრეტენზიებიც ხშირად უსამართლო იყო.

ვლადიმერ ვაისი რასაკვირველი არც ჟოზე მოურინიოა და არც ფაბიო კაპელო, თავისი გამორჩეული და ინდივიდუალური სამწვრთნელო ხელწერა რომ ჰქონდეს, მაგრამ ენა არ უნდა მოგიბრუნდეს მას ცუდი მწვრთნელი რომ უწოდო. მე ვფიქრობ, რომ იცის ამ კაცმა თავისი საქმე და ცოტა გამბედავიც უნდა იყოს თუნდაც იმიტომ, ჩვენი გუნდის მწვრთნელობას რომ დათანხმდა. მაგრამ, რა უნდა ქნას ვაისმა? რა შეიძლება შეძლოს ერთმა მწვრთნელმა, როდესაც ჩვენს ნაკრებს უკვლებლივ ყველა რგოლში აქვს პრობლემები და ამ პრობლემების სათავე ვისაც უნდა ის თქვას, მაგრამ ფაქტია, რომ ფეხბურთელთა დაბალი სათამაშო დონეა. აი ზუსტად ასე – ფეხბურთელთა დაბალი სათამაშო დონეა!

ჩვენ გვიყვარს ჩვენი ნაკრები და ყოველთვის გვეყვარება, რადგან არც სხვა საქართველო არსებობს და არც მეტი საფეხბურთო ნაკრები გვყავს, მაგრამ ოცნებებში ყოფნას და ილუზიებს ნამდვილად სჯობს ვთქვათ რაც სიმართლეა.

ჩვენ ძალიან გვწყინს, როდესაც უცხოელები ღიად საუბრობენ საქართველოში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ სპორტულ პრობლემებზე, რადგან საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მხოლოდ ქებასა და ტაშისკვრას ვართ მიჩვეული. მწარე სიმართლეს ისე გავურბივართ, როგორც საკუთარ წარსულს და ბოლოს მაინც არაფერი გამოდის ამ საქმიდან.

ფეხბურთთან პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ მაინც დავწერ ერთ ამბავს. ამასწინათ, საქართველოში ნამყოფმა მავანმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა თავის საკუთარ ბლოგზე ქართულ კულინარიაზე არცთუ საამო ტექსტი დაწერა. ხინკლიდან დაწყებული და ხაჭაპურით დამთავრებული, ყველა ჩვენი საამაყო კერძი გააბაიბურა და ქოლესტერინის წყაროდ გამოაცხადა. ვის ესიამოვნებოდა ეს? რა თქმა უნდა არავის! მაგრამ, რა ქნეს ქართველებმა? ადგნენ, შევიდნენ იმ კაცის “ფეისბუქის” გვერდზე და ქართულად თუ ინგლისურად დედა აგინეს. აქედან გამოვიდა მხოლოდ ის, რომ შემდეგ იმ ჟურნალისტმა მეორე ბლოგი დაწერა, სადაც კარგა გვარიანად იხითხითა მის მაგინებლებზე და “ხინკლის დამცველებზე”. სწორედ ესაა ჩვენი უბედურება. კრიტიკა (რაც არ უნდა უსამართლო იყოს) ჩვენთვის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია და მავანთა თვალში ძალიან სასაცილოები ვართ, როდესაც ჩვენი ოკრო-ბოკრო ინგლისურით ხან მოწინააღმდეგე გუნდების მწვრთნელებს ვაგინებთ და ხან ფეხბურთელებს.

ბოლოს მოდით ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ ორი სიტყვა. რამდენიმეგან წავიკითხე, რომ ყაზახეთის ნაკრები დაბალი დონის გუნდია და ჩვენ მასთან ფრე არ გვეკადრებაო. ვითომ რატომ არ გვეკადრება? ვითომ რით ჯობია ჩვენი გუნდი ყაზახეთისას? ფეხბურთელების დონით? სათამაშო პირობებით? თუ რით? ერთადერთი, შეიძლება იმით “ვჯობივართ”, რომ ჩვენი ნაკრები წვერის საპარსს, როგორც ნივთს არ აღიარებს და საქართველოს ნაკრები საქმეში ჩაუხედავ კაცს შეიძლება ირანის ისლამური რესპუბლიკის ნაკრებში აერიოს. თუმცა, ალბათ ესეც არ უნდა დამეწერა. ჩვენ ხომ კრიტიკას ვერ ვიტანთ!

0.11123