ფეხბურთი

18:58 | 1.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა: გორში 6 ქულა გათამაშდება, ქობულეთში - ღირსება

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხვალ განახლდება. XXII ტურის უკლებლივ რვავე მატჩი შაბათსაა ჩანიშნული და მათგან შვიდი ერთსა და იმავე დროს დაიწყება. ტურს კი “ლოკომოტივი” – “საპოვნელას” მატჩი დაასრულებს “მიხეილ მესხის” სტადიონზე.

22-ე ტურში ორი თამაში განსაკუთრებულ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს: ქობულეთში ორი “დინამო” ეთამაშება ერთმანეთს, ხოლო გორში, “დილა” და “სამტრედია” გაარკვევენ უძლიერესს.

“დილა” – “სამტრედია”

გორი, “თენგიზ ბურჯანაძე”

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: გუგა ფალავანდიშვილი (“დილა)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

საერთოდ, გორის “დილა” და “სამტრედია” მეორე ადგილისთვის ერთმანეთში იბრძვიან და შეიძლება ითქვას, ხვალ “თენგიზ ბურჯანაძეზე” არა სამი, არამედ 6 ქულა გათამაშდება. ორივე გუნდს 44-44 ქულა აქვს დაგროვილი და აქედანაც კარგად ჩანს, რომ სასწორზე ბევრი რამ დევს. გია ცეცაძის “სამტრედია” გასული წლიდან მოყოლებული წაუგებლად თამაშობს და მეტიც, ბოლო 5 თამაში მოგებული აქვს. იმერლებმა მეორე წრეში ერთადერთი თამაში ვერ მოიგეს, როდესაც “შუქურას” გასვლაზე დაუზავდნენ. ეს 19 თებერვალს მოხდა, იქედან მოყოლებული კი იგებს და თანაც ისე, რომ მეტოქეებს ერთამანეთის მიყოლებით ანადგურებს. შესაბამისად, გასაკვირი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ “სამტრედია” ახლა მეორე ადგილზეა მოკალათებული. თუმცა ამაზე “სამტრედია” ნაკლებად ფიქრობს, როგორც worldsport.ge-სთვის ცოტა ხნის მიცემულ ინტერვიუში ცეცაძემ თქვა, მათი მთავარ მიზანი გუნდის აშენებაა, რომელსაც წლები სჭირდება. ამასთან, იქვე დაამატა, რომ უარს არც მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე გასვალზე იტყვიან და “სამტრედიას” კარგი თამაშის გამო თავისი შეგირდები შეაქო... რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, “დილა” ბოლო ხანებში ცუდად თამაშობდა და 5 მატჩიდან ოდენ ერთხელ მოიგო. ისიც ბოლო ტურში თბილისის “დინამოსთან”. ამასთან, უჩა სოსიაშვილის გუნდს პირველი წრის სირცხვილი აქვს ჩამოსაწმენდი. 2015 წლის 3 ოქტომბერს, გორელები სამტრედიაში 0:5 განადგურდნენ. ანუ, რევანში მართებთ. საერთოდ, ამ გუნდთა ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან “სამტრედიამ” სწორედ ამ მატჩში მოახერხა ოპონენეტის ძლევა, დანარჩენ შემთხვევებში შიდაქართლელები უკეთ ირჯებოდნენ. აღნიშნულ მატჩში “დილას” სერიოზული დანაკლის ექნება. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გუგა ფალავანდიშვილი დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს. ასეთ პრობლემებს გია ცეცაძის გუნდში ვერ ვნახავთ.

“დინამო” (ბათუმი) – “დინამო” (თბილისი)

ქობულეთი, “ჩელე არენა”

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: მარკო მიხაილოვიჩი (“დინამო”, ბთ) – რენე ფერეირა (“დინამო”, თბ)

მსაჯი: ლ. კვარაცხელია

ქობულეთში “დინამო” ბათუმი “დინამო” თბილისს დაუხვდება და მოგებას ეცდება. მართალია, ზღვისპირელები შარშანდელივით წარმატებულად ვერ ასპარეზობენ, მაგრამ ანგარიშგასაწევ ძალად წელსაც მიიჩნევიან. თუმცა, ევროზონაში მოხვედრის შანსი თითქმის გადაწურულია. და მაინც, “დინამოსთან” თამაში მათთვის ყოველთვის პრინციპულია და ამჟამად ასე იქნება. იურაი იარაბეკის გუნდი კი წელს ჩემპიონობას დაიბრუნებს თუ რა თქმა უნდა, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა. დედაქალაქელები მდევრებს 11 ქულით სჯაბნიან... ამ გუნდთა პირველი წრის დაპირისპირებაში კი თბილისელებმა მინიმალურად (1:0) მოიგეს. სხვათა შორის, შარშან აჭარლებმა “დინამოსთან” 4 ქულა დააგროვეს და ორ მატჩში კინკილა გოლიც კი არ მიუღიათ საკუთარ კარში. რაც შეეხება ბოლო ხუთ შეხვედრას: 3 მოგება “დინამო” (თბილისი) და თითო ფრე, წაგება. დანაკლისი ორივე გუნდშია, დაახლოებით ერთნაირი სიმძიმის – მასპინძლებს მარკო მიხაილოვიჩი, ხოლო სტუმრებს რენე ფერეირა არ ეყოლებათ. ორთავეს ზემდეტი ყვითელი ბარათების გამო მოუწევთ იძულებითი დასვენება.

“ტორპედო” – “ჩიხურა”

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: მიხეილ სარდალიშვილი (“ჩიხურა”)

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

პირველი წრის მერე მშობლიურ ქალაქსა და არენას იმერული დერბით უბრუნდება “ტორპედო”, რომელიც “რამაზ შენგელიაზე” საჩხერის “ჩიხურას” მასპინძლობს. ქუთათურთა არენას დეკემბრიდან მოყოლებული მინდვრის დაზიანებული საფარის აღდგენის სამუშაოები უტარდებოდა და ახლახანს იგი მწყობრში მოიყვანეს. სფფ-მაც სტადიონი ვარგისად მიიჩნია და “ჩიხურას” განახლებულ მოედანზე მოუწევს მასპინძლებთან თამაში. ბოლო დროს, “ტორპედოს” გულშემატკივრები კლუბის ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს. კერძოდ, საქმე ეხება “ტორპედოში” ორი ირანელი ლეგიონერის ჩამოყვანას, რომლებიც წინასწარი ინფორმაციით, იმერეთის დედაქალაქში მაისის ბოლომდე დარჩებიან. საერთოდ, “ტორპედო” სანაკრებო პაუზის შემდეგ მთავარი მწვრთნელის გარეშე ემზადებოდა, რადგან ალექსნადრ შტელინმა სამდღიანი შვებულებით სამშობლოს მიაშურა, თუმცა ბელგიაში მოხდარი ტერაქტების გამო ჩამოსვლა დაუგვიანდა. თუმცა, გუნდი ამ ფაქტს რაღა თქმა უნდა, გაგებით მოეკიდა. “ტორპედო” და “ჩიხურა” სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან: ორივე გუნდს აქამდე 30-30 ქულა აქვთ დაგროვილი და არც გავარდნა ემუქრებათ და ვერც ევროზონაში მოხვედრაზე აცხადებენ პრეტენზიას. მოკლედ, თავისუფლად შეუძლიათ სეზონის დარჩენილი ნაწილი მომდევნოს მოსამზადებლად გამოიყენონ. პირველ წრის დაპირისპირება საჩხერელებმა ივანწმინდაში ადვილად, 3:0 მოიგეს, ხოლო უკანასკნელი ხუთი თამაშიდან ერთადერთხელ აქვთ წაგებული ზუსტად ორი წლის წინ, 16 მარტს.

“მერანი” – “სიონი”

მარტვილი, “დავით ხურცილავა”

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: ბენჟამინ ტეიდი, შოთა ჯიქია (“მერანი”)

მსაჯი: გ. დოგრაშვილი

მეოთხე ადგილოსანი “სიონი” გასვალზე “მერანს” ეთამაშება. “სიონმა” პირველი წრე ძალზე კარგად განვლო და სამეულშიც იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში შედეგიანობას უკლო. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა მეორე წრეში ოდენ 10 ქულა დააგროვეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლნისელებს არ წაუგიათ ჩემპიონატის განახლებიდან მოყოლებული, პირველ წრესთან შედარებით მაინც ცუდი შედეგია. თუმცა, სამეულში შესვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ და მითუმეტეს, ხვალინდელ თამაშში მოგება სჭირდებათ, რადგან უშუალო კონკურენტები გორში ერთმანეთში ითამაშებენ. თავის მხრივ, დასაკარგი აღარც მარტვილის “მერანს” აქვს – მეგრელები გასავარდნ ზონაში არიან მთელი სეზონია და ქულები ჰაერივით სჭირდებათ. ისიც სათქმელია, რომ “მურთაზ ხურცილავაზე” “სიონს” თამაში უჭირს. ორი წაგება და ორივე მშრალი ანგარიშით – 0:2. სამაგიეროდ, პირველ წრეში ჰყავს მეტოქე ძლეული დიდი ანგარიშით – 3:0. მასპინძლებს დამდეგ შეხვედრაში ზედმეტი გაფრთხილებების გამო შოთა ჯიქია და ბენჟამინ ტეიდი დააკლდებათ.

“საბურთალო” – “შუქურა”

თბილისი, “მიხეილ მესხი” (სათადარიგო)

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: გაგი მარგველაშვილი (“საბურთალო”) – თორნიკე თარხნიშვილი, ანდრეა პუკანიჩი (“შუქურა”)

მსაჯი: გ. ავაზაშვილი

მეორე წრის კოშმარულად დაწყების მერე ნელ-ნელა გონს მოდის თბილისის “საბურთალო”, რომელიც შინ ქობულეთის “შუქურას” დაუხვდება. უმაღლესი ლიგის დებიუტანტებმა მეორე წრე მართლაც საშინლად დაიწყეს, რის შემდგომაც გია ჭიაბრიშვილის ადგილი ესპანელმა პაბლო მარტინმა დაიკავა. “ხეტაფეს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კი ახალ გუნდში ჯერჯერობით წაუგებელია – 1 მოგება, 1 ფრე. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე მაინცდამაინც რამეზე პრეტენზია არცერთ გუნდს არ აქვს, მაგრამ სამი ქულისთვის თამაში ღირსების საკითხია. “საბურთალოსა” და “შუქურას” დაპირისპირება კი ერთ თამაშს იტევს: გასული წლის 4 ოქტომბერს, აჭარლებმა 1:0 იმარჯვეს. ხვალინდელ შეხვედრაში მასპინძლებს წამყავნი ცენტრალური მცველი გაგი მარგველაშვილი, ხოლო სტუმრებს თორნიკე თარხნიშვილი და ანდრეა პუკანიჩი დააკლდებათ.

“ზუგდიდი” – “გურია”

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: ვალიკო ტყემალაძე, გურამ სამუშია, გოდერძი მაჩაიძე (“ზუგდიდი”)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

აუტსაიდერთა მატჩია სამტრედიაში. “ეროსი მანჯგალაძეზე” ნომინალური მასპინძელი “ზუგდიდი” იქნება ლანჩხუთის “გურიასთან” მატჩში. გურულთა სატურნირო მდგომარეობას კიდევ არაუშავს, აი, “ზუგდიდს” კი საქმე სავალალოდ აქვს: 12 ქულა, ერთადერთი მოგება და ბოლო ადგილი განვლილი 21 ტურის შემდეგ. მოკლედ მეგრელებს თუ უმაღლესში დარჩენა უნდათ, არათუ ხვალ, არამედ დარჩენილ მატჩებში ქულათა მაქსიმუმიდან რაც შეიძლება მეტის აღება მართებთ. მეგრულმა გუნდმა მეორე წრეში კინკილა ქულას მოუყარა თავი, მაგრამ მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერც გურულები ირჯებიან: ერთდერთი მოგება 6 მატჩში. ისიც სათქმელია, რომ “გურია” მეორე წრეში თუ ვერ იგებს, არც აგებს. ერთი მოგების საპირისპიროდ, ერთი მარცხი (“საბურთალოსთან”). ხვალინდელ შეხვედრას მასპინძლები დანაკლისით ხვდებიან: ტყემალაძე, მაჩაიძე და სამუშია მოედანზე ვერ გავლენ. რაც შეეხება პირველი წრის დაპირისპირებას, “გურიამ” მოიგო და საერთოდ ბოლო ორ სეზონში ლანჩხუთში ყოველთვის მასპინძლები იგებდნენ, თუმცა “ზუგდიდიც” თავის მხრივ მასპინძლის რანგში აქამდე მეტოქის ძლევას ახერხებდა და ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ტრადიცია.

“კოლხეთი” – “ცხინვალი”

ფოთი, “პარკი არენა”

2 აპრილი, 16:00 საათი

დისკვალიფიცირებული: თორნიკე შალიკაშვილი (“კოლხეთი”) – დავით მაისაშვილი (“ცხინვალი”)

მსაჯი: ბ. ნინუა

ფოთში, “პარკი არენაზე” “კოლხეთი” “ცხინვალს” დაუხვდება. ფოთელთა მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა ბოლო ორ ტურში დაგროვილმა ოთხმა ქულამ მათი მდგომარეობა ოდნავ გამოასწორა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ეს გუნდი მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა და თამაშებს ანშლაგის თანხლებით ატარებს. რაც შეეხება “ცხინვალს”, კახა კჭარავას გუნდი შარშანდელივით მოწოდების სიმაღლეზე ვერაა, მაგრამ არც ისე ხელწამოსაკრავი მეტოქეა. იქედან გამომდინარე, რომ პირველ წრეში “ცხინვალმა” 5:1 მოიგო, ფოთელებს რევანში აქვთ ასაღები. ისე კი, მეგრელები სამშვიდობოს არიან და გავარდნის საფრთხე წლეულს დიდი ალბათობით არ დაემუქრებათ. კაჭარავას შეგირდებს კი წესით სამეულში შესვლა უნდა გაუძნელდეთ. არადა, პირველ წრეში გუნდი უკეთ თამაშობდა და მიზანიც ეს იყო. მეორე წრეს კი “ცხინვალი” მოუგებლად, მეტიც საშინლად ატარებს: 5 ფრე, 1 წაგება...

“ლოკომოტივი” – “საპოვნელა”

თბილისი, “მიხეილ მესხი”

2 აპრილი, 18:00 საათი

დისკვალიფიცირებული: ვაჟა ქიქავა, დავით სამურკასოვი (“ლოკომოტივი”)

მსაჯი: ლ. სილაგავა

XXII ტური თბილისში, “მიხეილ მესხზე” “ლოკომოტივისა” და აუტსაიდერ “საპოვნელას” თამაშით დარულდება. თერჯოლელება სამი კვირის წინ შინ “შუქურას” მოუგეს (2:0), რითაც ზედიზედ რვა თამაშიანი წაგებების სერია დაასრულეს. რასაც მერე, “კოლხეთთან” მოპოვებული ქულა მიაყოლეს. და მაინც, იმერელთა მდგომარეობა კატასტროფულია და გავარდნისგან სასწაული თუღა იხსნის. “ლოკომოტივი” კი 10 მატჩია მოუგებლად თამაშობს (3 ფრე, 7 წაგება) და თუ ასე გააგრძელებს, შესაძლოა, გავარდეს კიდეც. დედაქალაქურ გუნდში ესპანელ მწვრთნელ ჟერარ სარაგოსას ჯერ კიდევ ენდობიან, თუმცა როდემდე გაგრძელდება ასე არავინ იცის. სხვათა შორის, პირველ წრეში “ლოკომ” გასვლაზე “საპოვნელასთანაც” წააგო. რაც შეეხება უშუალოდ მეორე წრეს, ამ გუნდებს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგი აქვთ: 6-6 თამაში, “ლოკომოტივი” 2 ქულა, “საპოვნელა” – 4 ქულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113876