ფეხბურთი

16:00 | 16.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი მწვრთნელი: იმედით, წარსულით, ფილოსოფიით, დაპირებებით (+VIDEO)

ორიოდ დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გამოცდილი სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ოფიციალურად დაამტკიცა. მიზანი უცვლელი რჩება – მინიმუმ მესამე ადგილი მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში.

როგორც თავად 51 წლის ვაისმა წარდგენიასას თქვა, ამ ეტაპზე არ შეუძლია განსაკუთრებული დაპირებების მოცემა, ყველაფერს დრო გამოაჩენსო. სხვათა შორის, ვაისი საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელსაც სანაკრებო გამოცდილება აქამდეც გააჩნდა. ისე, ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდის სათავეში გაცილებით სახელმოხვეჭილი მწვრთნელებიც გვახსოვს – კლაუს ტოპმიოლერი და ექტორ რაულ კუპერი, თუმცა არასანაკრებო გამოცდილებით. თავის დროზე გერმანელმაც და არგენტინელმაც გაცილებით უკეთესი კონტიგენტით შედეგი ვერ აჩვენეს, რთული სათქმელია რას იზამს ვაისი... კახა ცხადაძის გაშვებაზე კი, დიდი მითქმა-მოთქმა გახლდათ, ზოგი მწვრთნელს ამტყუნებდა, ზოგიც ფედერაციას... საბოლოოდ კი ცხადაძე მაინც გაუშვეს და სხვა მოიყვანეს. ეს სხვა, ვლადიმირ ვაისი გამოდგა.

თუმცა ფაქტია, პატივცემულ ვლადიმირს თავის კარიერაში უსახელო ფეხბურთელებით წარმატების მიღწევა გამოსვლია. თუნდაც 2005 წლის ზაფხულში სრულიად უცნობი სლოვაკური გუნდის ბრატისლავას “არტმედიას” (გნებავთ “პეტრჟალკას”) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაყვანა რად ღირს... მაშინ ვაისმა და მისმა გუნდმა სამი საკვალიფიკაციო რაუნდი გაიარეს. მართალია, სამივე ჯერზე (“კაირატთან”, “სელტიკთან” და “პარტიზანთან”) რთული ბრძოლები გადაიტანეს, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. განსაკუთრებით გამოსარჩევი კი, სქოთთა განადგურება გახლდათ სლოვაკეთის დედაქალაქში – 5:0...

მერე ჯგუფური ეტაპი იყო, სადაც ვაისის გუნდს დაპირისპირება მეორე შოტლანდიურ გუნდ “რეინჯერსთან” მოუწია და ხელი ორ ფრეს გამოჰკრა (0:0, 2:2). იყო “პორტუსთან” უგოლო ფრეც... მოკლედ, ამ პატარა გუნდისთვის ის ტურნირი ძალზე წარმატებული გამოდგა და მართალია ჯგუფიდან ვერ გავიდა, მაგრამ გაცილებით მაღალბიუჯეტიანი და კლასიანი “რეინჯერსი” უკან კი მოიტოვა. ეგ კიდევ არაფერი, 2005 წლის 28 სექტემბერს, სლოვაკეთის ჩემპიონი პორტუგალიაში ჩავიდა და “დრაგაუზე” ადგილობრივ “პორტუსთან” ისტორიული გამარჯვება მოიპოვა – 3:2.

საკლუბო დონეზე “არტმედიას” გარდა, ვეისმა ხმაურიან წარმატებას მეორე ბრატისლავურ გუნდ “სლოვანშიც” მიაღწია. 2010-2011 წლის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “სლოვანმა” თვით იტალიური “რომა” გამოაგდო, რომელსაც ლუის ენრიკე ედგა სათავეში (1:0, 1:1)

სლოვაკეთის ნაკრები კი ვაისის კარიერის პიკი გახლდათ. ჯერ 2010 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე გაყვანა იყო მოულოდნელობა, მერე კი, სლოვაკებმა ჯგუფური ბარიერიც დაძლიეს და ჯგუფში იმ დროისთვის მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, იტალიას აჯობეს – 3:2.

მართალია, ვაისმა სასწაული მერვედფინალში ვერ მოახდინა, თუმცა მომავალ ფინალისტ ჰოლანდიასთან დამარცხდა (1:2). ესეც ვაისის კიდევ ერთი დიდი წარმატება...

წარსული არ ბრუნდება

თუმცა ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და არავინ იცის, როგორი იქნება ვაისის საქმიანობა ჩვენს ქვეყანაში და წინასწარ ამის განჭვრეტა თითქმის წარმოუდგენელია, მითუმეტეს გვახსოვს ვაისის წინამორბედთა ისტორიებიც...

ჟურნალისტებთან საუბრისას ვაისმა ახსენა, რომ შემტევი ფეხბურთის მოტრფიალეა და ძირითადად ორ ტაქტიკურ სქემას, 4-2-3-1, 4-3-3 ეყრდნობა, მაგრამ ისიც დაამატა, სათამაშო სქემა და სტილი მეტოქიდან და გარემოებებიდან გამომდინარე უნდა შეირჩესო.

თურმე ვაისი აქ ჯიბეებში ხელჩაწყობილი არ ჩამოსულა და სანამ ეს ამბავი ოფიციალურ სახეს მიიღებდა, მანამდე საქართველოს ნაკრების 10 თამაში უნახავს, ბუნებრივია ვიდეოჩანაწერი... ალბათ, ეს არ კმარა გუნდზე სრული ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ გარკვეულ წარმოდგენას უდავოდ შეიქმნიდა და უკვე გამოკვეთილი ექნება ის კონტურები, რასაც დაეყრდნობა. მანვე, რამდენჯერმე ახსენა თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი – ისიც დაამატა, ამ ბიჭებს პოტენციალი აქვთ და ბურთთან ძალიან კარგად არიანო... ანუ, რა გამოდის, დიდი შანსია ძირითადი სათამაშო სქემა 4-2-3-1 გახდეს. ზემოხსენებული სამი ფეხბურთელი კი ცენტრფორვარდის უკან გაირჯება... ვნახოთ, ვაისის დებიუტამდე ზუსტად ორი კვირა დარჩა, 29 მარტს “დინამო არენაზე” ყაზახეთი გვესტუმრება...

ვლადიმირმა აღნიშნა, მწირი არჩევანის მიუხედავად, მოცემული კონტიგენტით წარმატების მიღწევა შესაძლებელიაო... ბურთიც მას აქვს და მოედანიც, ბევრიც იმედის თვალით შეჰყრებს, ბევრიც – პირიქით... შესარჩევ ციკლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ვაისს საკმარისი დრო აქვს “ჯვაროსნების” ფილოსოფიას უკეთ გაეცნოს, თავისი მიდგომები და სტანდარტები ფეხბურთელებამდე მიიტანოს. ყაზახეთზე უკვე ვთქვით და, გვიან გაზაფხულსა და ადრიან ზაფხულში ავსტრიულ შეკრებაზე კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემა, მეტოქეებიც შესაბამისი ეყოლება რუმინეთი, სლოვაკეთი და თვით ესპანეთიც... ამ მხრივ მას საწუწუნო არაფერი ექნება... შესარჩევ ეტაპს სექტემბერში თბილისში, ავსტრიასთან თამაშით დავიწყებთ. ავსტრია კი ჩვენი ჯგუფის ფავორიტია – ასე მიაჩნია ვლადიმირ ვაისს.

სხვათა შორის, სლოვაკმა ყაზახეთთან ამხანაგური თამაშის ჩატარება “დინამო არენაზე” ითხოვა. ახსნაც მოუძებნეს: თბილისში ერთადერთი სპარინგი უწევს წლეულს და იქ მოისურვა თამაშიო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ “მიხეილ მესხის” მოედნის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა ეგ არაფერი, მთავარია სფფ მწვრთნელის ნება-სურვილს დაჰყვა...

მწირი არჩევანი

ვაისმა განაცხადა, დიდი არჩევანი არ მაქვსო – მართალიცაა. ერთადერთი პოზიცია, სადაც საქართველოს ნაკრებში დღეს სახარბიელო მდგომაროებაა, მეკარეა – გიორგი ლორიას და ნუკრი რევიშვილს თავიანთ კლუბებში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვთ და არც საიმედოობა დაეწუნებათ... დამაჯერებლია პორტუგალიაში გიორგი მაკარიძეც, რომელიც ამჟამად მკურნალობს და ერთ თვეში თამაშის განახილებასაც შეძლებს.

რთულად აქვს ვაისს საქმე დაცვის ხაზში. ბუნებრივია გურამ კაშიასა და სოლომონ კვირკველიას გარდა... ვაისი 3 ცენტრალური მცველით მოთამაშე სპეციალისტი ნაკლებადაა, შესაბამისად მას ორი ცენტრალური და ორიც განაპირა მცველი სჭირდება. შესაძლოა, კაშია მარჯვენა მცველად გადაიყვანოს, რისი მაგალითებიც “ვიტესშიც” და ნაკრებშიც უკვე იყო, ხოლო კვირკველიას სხვა მეწყვილე მოეძებნოს. რთული სათქმელია ენდობა თუ არა ვეტერან ალექსანდრე ამისულაშვილს, თუმცა პრესკონფერენციაზე ახსენა მისი გამოცდილება და ვინ იცის... არის მეორე ვარიანტიც: ბოლო დროს პოლონეთის ჩემპიონატში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და საკმაოდ კარგადაც ირჯება ახალგაზრდა ლაშა დვალი... ვაისმა ისიც აღნიშნა, ამ პერიოდში ლეგიონერების თამაშებსაც ყურადღებას ვაქცევდიო... მარცხენა ფლანგზე კი მწირი არჩევანია. ფავორიტი ისევ გიორგი ნავალოვსკია, რომელიც ამ ზამთარს რუსეთში დაბრუნდა..

თუ იდეის დონეზე დავუშვებთ და ახალი ტაქტიკა ორ საყრდენით იქნება, ერთი – ჯაბა კანკავაა. მის მეწყვილედ კარგად წარმოაჩინა გიბრალტართან და გერმანიასთან მატჩებში თავი ნიკა კვეკვესკირმა. უნდა ველოდეთ ეროვნულ ნაკრებში გიორგი აბურჯანიას დებიუტსაც. ახალგაზრდა ქართველი ტარაგონას “ხიმნასტიკს” ძალზე კარგად შეერწყა და ესპანეთში ჩინებული პრესაც აქვს. ვაისს სხვა ვარიანტებიც ექნება მონიშნული. რაც შეეხება შემტევებს ყაზაიშვილ-ანანიძე-ოქრიაშვილზე მანაც ისაუბრა, ხოლო ცენტრფორვარდი ალბათ, ამ ეტაპზე უალტერნატივოა – ლევან მჭედლიძე. მართალია, “ემპოლიში” გოლები ვერ გააქვს, მაგრამ დანარჩენებს სათამაშო პრაქტიკაც არ აქვთ, მათ შორის მათე ვაწაძეს დანიურ “ორჰუსში”...

პროგნოზი უმადური საქმეა

და მაინც, რა როგორ იქნება, წინასწარ საუბარი არ ღირს. ახლა მთავარია ვაისი ქართულ მენტალიტეტს მოერგოს, თავისი იდეები, სათქმელი ფეხბურთელებამდე სრულად მიიტანოს. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, პირველი გამოცდა კი სულ მალე იქნება – 29 მარტს, “დინამო არენაზე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109398