ფეხბურთი

21:49 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი – მწვრთნელი მიღწევებით და ფურორებითაც

სლოვაკი ვლადიმირ ვაისი – დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ეროვნულ ნაკრებს სანაკრებო გამოცდილების მქონე მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში. თანაც, საკმაო გამოცდილებით და მშვენიერი შედეგებით.

ხვალ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართება, სადაც დაამტკიცებენ ვაისის კანდიდატურას, მერე კი, 13:00 საათზე სლოვაკი მწვრთნელის წარდგენა იგეგმება.

ვლადიმირ ვაისი 51 წლისაა, ჩეხოსლოვაკიის ქალაქ და ამჟამად სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში დაიბადა 1964 წლის 22 სექტემბერს. კარგი ნახევარმცველი გახლდათ და 1990 წლის მუნდიალზეც აქვს ნათამაშევი. სულ 19 მატჩი ნაკრებში და 1 გოლი. ყველაზე დიდხანს ბრატისლავის "ინტერში" ითამაშა (7 წელი), იყო ასევე "სპარტაში", 'კოშიცეში", "დუნაისკა სტრედაში" და ბოლო 4 წელი "არტმედიაში" ითამაშა. კარიერა 36 წლისამ დაასრულა.

ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებშიც ითამაშა 1993-1995 წლებში: 12 მატჩი, 1 გოლი.

არტმედიული ზღაპარი

მწვრთნელობა სწორედ "არტმედიაში" დაიწყო, სადაც ერთი სეზონი ასისტენტი იყო, მერე კი 6 სეზონის განმავლობაში მთავარი მწვრთნელი გახლდათ - 1999-2006 წლებში. ეს მოკრძალებული კლუბი ვაისის ხელში სლოვაკეთში საუკეთესო გახდა, ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ორჯერ აიღო თასი და მთავარი მიღწევა, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა იყო.

მაშინ, საკვალიფიკაციოზე განსაკუთრებით კარგი მატჩი "არტმედიამ" ჩაატარა "სელტიკთან", როცა შინ 5:0 გაანადგურა. მართალია, გასვლაზე 0:4 წააგო, მაგრამ საბოლოო ჯამი - 5:4. ჯგუფურ ეტაპზე ვაისის გუნდი მესამეზე გავიდა, თუმცა "გლ;აზგო რეინჯერსთან" ორივე ფრე ითამაშა, "პორტუს" კი სტუმრად 3:2 სძლია. ეს სენსაცია იყო.

"არტმედიამ" 2006 წელს "ვიტ ჯორჯიაც" გამოთიშა უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან, თუმცა ვაისი უკვე რუსეთში იყო წასული, რამენსკოეს "სატურნს" წვრთნიდა. იქ ერთი სეზონი გაატარა, გუნდში ერთი ქართველი ფეხბურთელიც ჰყავდა – გოგიტა გოგუა. და "არტმედიაში" დაბრუნდა, ამჯერად 2008 წელსაც გახადა გუნდი ქვეყნის ჩემპიონი.

ვაისი და სლოვაკეთის ნაკრები: წარმატებული 2010

2008 წლის ზაფხულში ვაისი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახდა და წარმატებამ არ დაახანა: სლოვაკები ისტორიაში პირველად გავიდნენ დიდ ფორუმზე, შესარჩევში პირველი ადგილი დაიკავეს. 2010 წლის მუნდიალზე ითამაშეს და იქაც კარგი შედეგი აჩვენეს. მართალია, პირველ ტურში პარაგვაისთან 0:2 წააგეს და ახალ ზელანდიას ვერ სძლიეს (0:0), მაგრამ ბოლო ტურში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაამარცხეს (3:2) და მერვედფინალში გავიდნენ. მერვედფინალში კი მომავალ ფინალისტ ჰოლანდიასთან 1:2 წააგეს.

თავად განსაჯეთ, რამხელა წარმატებაა, მარტო “სკუადრა აძურას” ძლევა და ჯგუფში ჩატოვება რად ღირს.

მომდევნო შესარჩევში (ევრო-2012-ის) ვაისის გუნდი ექვსგუნდიან ჯგუფში მეოთხეზე გავიდა. შეიძლება ითქვას, ერთ მატჩში ჩავარდა სლოვაკთა გეგმები, როცა სომხეთთან შინ 0:4 წააგეს. ისე კი, კარგი მატჩები იმ შესარჩევშიც გამოურიეს, მაგალითად, რუსებს 1:0 სძლიეს.

ვაისი 2011 წელს მოხსნეს. ფაქტობრივად, მხოლოდ იმ ციკლში ჰქონდა მცირე ჩავარდნა, თორემ მის სამწვრთნელო კარიერას რომ გადავხედოთ, სხვა კრიზისულ პერიოდს ვერც ვიპოვნით. 2011 წელსვე, ბრატისლავის ”სლოვანის” თავკაცი გახდა და ერთი წელი დაჰყო პოსტზე, საიდანაც თავისი ნებით წავიდა. იმოქმედა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრულ “ვიდეოტონთან” გავარდნამ.

მიღწევები “ქაირათში”

მერე კი სამწლიანი პერუიოდი ყაზახურ “ქაირათში”, 2012-2015 წლებში. შარშან 30 ნოემბერს ვაისმა დატოვა "ქაირათი". მას კონტრაქტი დაუმთავრდა და მხარეები აღარ შეთანხმებულან. სამ წელიწადში ორჯერ მოიგო ქვეყნის თასი (2014, 2015), ხოლო შარშან ცოტა დააკლდა ჩემპიონობამდე, ერთი ქულით ჩამორჩა "ასტანას". მანამდე კი, ვაისმა ზედიზედ ორჯერ მეორე ადგილზე გაიყვანა გუნდი, ერთხელ კი მესამეზეც.

"ქაირათი" ევროტურნირების ისტორიაში საუკეთესო შედეგს სწორედ ვაისის მწვრთნელობისას ეწია: ევროპის ლიგის ფლეი-ოფამდე, ანუ ჯგუფში შესასვლელ ბოლო რაუნდამდე მივიდა და იქ ფრანგულ "ბორდოსთან" გავარდა. ისიც, ძალიან ახლოს იყო გასვლასთან (1:0, 1:2) და სტუმრად გატანილი მეტი გოლით გავიდნენ ფრანგები. მანამდე, ვაისის გუნდმა სერბეთის "ცრვენა ზვეზდა", სომხური "ალაშკერტი" და შოტლანდიური "აბერდინი" გამოთიშა.

"ქაირათში" მას სლოვაკი ასისტენტები ჰყავდა: ბორის კიტკა და რომან შვანტერი.

“კლუბს მშვიდად დავშორდი. “ქაირათის” ხელმძრვანელებსა და ფეხბუღთელებს ხელი ჩამოვართვი. ყველამ წარმატება ვუსურვეთ ერთმანეთს. ახლა ვისვენებ და წინადადებებს ველი” – განაცხადა ვაისმა გასული წლის დეკემბერში.

საფეხბურთო დინასტია

ვაისის მამასაც ვლადიმირი ერქვა და ასევე ფეხბურთელი გახლდათ. ის ჩეხოსლოვაკიის ნაკრებშიც თამაშობდა და იყო 1964 წელს რომის ოლიმპიადაზე.

შვილსაც ვლადიმირი ჰქვია და ცნობილი ფეხბურთელია. 26 წლის სწრაფი შემტევი ამჟამად ყატარულ “ალ-გარაფაშია” და სლოვაკეთის ნაკრებშიც 48 მატჩში 4 გოლი გაუტანია. პირველად სწორედ მამის თავკაცობისას ითამაშა ეროვნულ გუნდში და იმ დროს მართლაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. 19 წლის ვლადიმირ-უმცროსი “მანჩესტერ სიტიში” გახლდათ, მერე განათხოვრებით თამაშობდა “ბოლტონში”, “გლაზგო რეინჯერსში”, “ესპანიოლში”. იყო ასევე “პესკარაში”, “ოლიმპიაკოსში” და ყატარულ “ლეხვიაში”. შოტლანდიის, საბერძნეთისა და ყატარის ჩემპიონია. დიდ ტალანტად ითვლებოდა, მაგრამ ბოლომდე ვერ ამართლებს ავანსებს...

ვაისზე ყაზახეთის ნაკრებშიც ფიქრობდნენ

ვლადიმირ ვაისის დებიუტი საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მალე, 29 მარტს შედგება ყაზახების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ვაისის კანდიდატურას ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციაც განიხილავდა ნაკრების თავკაცად. ეს ყაზახურ პრესაში დაიწერა.

ვაისი დეკემბერში რუსეთში იყო ჩასული და აი, რა განაცხადა ინტერვიუში: “აგენტი ეძებს ჩემთვის გუნდს. არის რუსეთის კლუბის ვარიანტი, თუმცა მაქვს შემოთავაზება ერთ-ერთი ნაკრებიდანაც. ვნახოთ, რა მოხდება”.

ვაისის ტაქტიკა? გააჩნია კონტინგენტს

ვლადიმირ ვაისი “ქაირათში” მუშაობისას ხშირად უსვამდა ხაზს, შემტევი ფეხბურთი მიყვარსო. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, მეორე ნომრად თამაში არ გვაწყობს და არც მსურს, რადგან ფეხბურთელების კონტინგენტი ისეთი მყავს, შეტევაზე აქცენტირება თავისუფლად შეგვიძლიაო.

“ნებისმიერ გუნდში ტაქტიკა ფეხბურთელთა კონტინგენტით გამომდინარეობს” – ვაისის სიტყვებია.

მაგალითად, 2010 წლის მუნდიალზე სლოვაკები უფრო ხშირად კონტრშეტევებზე თამაშობდნენ, რადგან ჰყავდათ სწრაფი ფლანგელები ვაისი-უმცროსის, შესტაკის, კოპუნეკისა და სხვების სახით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113023