ფეხბურთი

3:17 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვე" უპირატესობას ზრდის (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXIX ტური ერთი შეხვედრით დაიწყო. ვინაიდან, ტურინის “იუვენტუსს” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” მეტად მნიშვნელოვანი თამაში ელოდება, “ბებერმა ქალბატონმა” ამ ტურის თამაში პარასკევს ჩაატარა.

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა “სასუოლო” მიიღო და პაულო დიბალას დიდებული გოლით სძლია. მთლიანობაში, “იუვეს” განსაკუთრებული ფეხბურთი არ უჩვენებია განსაკუთრებით, მეორე ტაიმში, თუმცა რაც ყველაზე მთავარი იყო გააკეთა – მოიგო.

დიბალამ კი 36-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან მოჭრილი, უზუსტესი დარტყმით გაიტანა და ბევრს ალბათ, ამ გოლით ლეგენდარული ალესანდრო დელ პიერო გაახსენა. “პინტურიკიოს” ასეთ სტილში გატანა ძალიან უყვარდა და ეხერხებოდა კიდეც... ისე კი, ტურინულ გრანდს გატანა არგენტინელის გოლამდეც არაერთხელ შეეძლო და მერეც, მაგრამ სტუმართა კარის დარაჯი ანდრეა კონსილი მოწოდების სიმაღლეზე იყო.

საბოლოოდ, ალეგრის შეგირდები მინიმალური სხვაობით მოგებას დასჯერდნენ, თუმცა მდევარ “ნაპოლისთან” ქულათა სხვაობა 6-მდე გაზარდეს. ამასთან, ნეაპოლელებს 29-ე ტურის შეხვედრა სათამაშო აქვთ.

ჰო, რაც მთავარია, ჯანლუიჯი ბუფონმა საკუთარი კარი ისევ ხელუხლებლად შეინახა და დინო ძოფს გადაასწრო. ახლა ჯიჯი მეორე ადგილზეა, ხოლო სებასტიანო როსის მიერ 22 წლის წინ დამყარებული რეკორდის მოსახსნელად სულ რაღაც 3 წუთი უკლია. “იუვე” მომდევნო ტურში “ტორინოს” ეთამაშება და საკმარისია ბუფონმა გოლი საწყისი 4 წუთი არ გაუშვას და რეკორდის მფლობელი იქნება. ცნობისთვის, “იუვეს” კაპიტანს სერია A-ში გოლი 10 იანვრის შემდეგ, 10 თამაში, 926 წუთია არ გაუშვია. სხვათა შორის, 38 წლის კიპერმა მეორე ნახევარში "სასუოლოს" ფებხურთელებს რთული ბურთი ორჯერ აუღო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ასეთი ხანგრძლივი მშრალი სერია შემთვევით არაა...

“იუვენტუსი” – “სასუოლო” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 38 000

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, რუგანი; კუადრადო, ხედირა (პოგბა 72), მარკიზიო, ასამოა, ალექს სანდრო; დიბალა (მორატა 80), მანჯუკიჩი (ლიხშტაინერი 89)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსალიკო, აჩერბი, ანტეი, პელუზო; მანიანელი, ბიონდინი (პელეგრინი 69), დანკანი; ფალჩინელი (ტროტა 77), პოლიტანო (ადიაპონგი 89), სანსონე

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 1:0 დიბალა (36)

გაფრთხილება: დანკანი (23), სანსონე (41), ვრსალიკო (55)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 5 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დომენიკო ჩელი

თეგებისერია A
0.125237