ფეხბურთი

23:19 | 11.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

გახლეჩილი ტური პრემიერლიგაში

მოახლოებულ უიქენდზე პრემიერლიგაში ტური სანახევროდ ჩატარდება, რადგანაც პარალელურად ინგლისის ასოციაციის თასის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩები შედგება და ამის გამო, 30-ე ტურის 5 შეხვედრა მოგვიანებით გაიმართება.

შაბათს პრემიერლიგაში 3 მატჩი ჩატარდება, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს დღის გახსნითი შეხვედრა იწვევს. ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი “ნორვიჩი” “ქეროუ როუდზე” “მანჩესტერ სიტის” მიიღებს, რომელმაც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ქულა დაკარგა და მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით ოთხეულიდანაც გავარდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ სეზონის დასრულებისთანავე “სიტის” მანუელ პელეგრინი დატოვებს და ხოსეპ გვარდიოლა ჩაიბარებს. როგორც ჩანს, აღნიშნული ფაქტორი “ქალაქელებზე” უარყოფითად მოქმედებს. კლუბი წინა სეზონებისგან განსხვავებით უჩვეულოდ ბევრს ქულას კარგავს და ახლა საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუწევს ოთხეულში მოსახვედრად, რადგან მე-5 ადგილოსან “ვესტ ჰემს” მხოლოდ ქულით უსწრებს, ხოლო “იუნაიტედს” სამით. შესაბამისად, “სიტის” ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს.

“ქალაქელებს” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი ელით კიევის “დინამოსთან”, თუმცა ინგლისელებმა პირველივე მატჩში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს და ხვალ ნაკლებად იფიქრებენ იმ დაპირისპირებაზე.

თავის მხრივ, ქულები ჰაერივით სჭირდება “ნორვიჩს”, რომელიც საშინელ ფორმაშია და გასავარდნ ზონაში იმყოფება. “იადონებმა” ბოლოს შეხვედრა 2 იანვარს (შინ “საუთჰემპტონთან” 1:0) მოიგეს და მას შემდეგ 9 მატჩიდან 8 წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს.

ასე რომ, “ქეროუ როუდზე” განსხვავებული მიზნებისთვის მებრძოლი კლუბების ჯახს ვიხილავთ, რომელთაც ქულები ძალიან სჭირდებათ.

მასპინძლებს ტეტი, უისდომი და ბასონგი ჰყავთ ტრავმირებულნი, ხოლო “ქალაქელები” დე ბრუინს, ტურეს, ნასრისა და დელფს მოისაკლისებენ.

პირველი წრის მატჩში “სიტიმ” მძიმე ბრძოლაში აჯობა “ნორვიჩს”. მასპინძლები ოტამენდის გოლით იგებდნენ, 83-ე წუთზე ჯერომმა გაათანაბრა, ხოლო 89-ე წუთზე იაია ტურემ პენალტით მოაგებინა თავის გუნდს.

16:45 ნორვიჩი – მანჩესტერ სიტი

ნორვიჩი, “ქეროუ როუდი”

ნორვიჩი (4-4-1-1): რუდი, კლოზე, მარტინი, ბრედი, პინტო, ო’ნილი, რედმონდი, ჰაუსონი, ნეისმიტი, ჰულაჰანი, ჯერომი.
მწვრთნელი: ალექს ნილი

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, ოტამენდი, კომპანი, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდინიო, ფერნანდო, სილვა, ნავასი, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: ჯონათან მოსი

აღნიშნული დაპირისპირების გარდა, შაბათს კიდევ ორი მატჩი გაიმართება. “ბორნმუთი” შინ “სუონსის” მიიღებს, ხოლო “სტოკი” “ბრიტანია სთედიუმზე” “საუთჰემპტონს” დაუხვდება.

კვირას მე-2 ადგილოსანი “ტოტენჰემი” გასვლაზე მაჩანჩალა “ასტონ ვილას” ეწვევა, ხოლო ორშაბათს ჩვენი დროით შუაღამეს გათამაშების ლიდერი “ლესტერი” საკუთარ კედლებში “ნიუკასლს” დაუპირისპირდება.

30-ე ტურის განრიგი:

შაბათი

16:45 ნორვიჩი – მანჩესტერ სიტი
19:00 ბორნმუთი – სუონსი
19:00 სტოკი – საუთჰემპტონი

კვირა

20:00 ასტონ ვილა – ტოტენჰემი

ორშაბათი

00:00 ლესტერი – ნიუკასლი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116169