ფეხბურთი

2:20 | 10.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ "ჩელსისთვის" სეზონი დაასრულა (+VIDEO)

"რეალი", "ვოლფსბურგი", "პარი სენ ჟერმენი" და "ბენფიკა" - ასეთია მეოთხედფინალისტთა სია დღეისათვის. პსჟ-მ და ლისაბონის "ბენფიკამ" თავ-თავიანთი მატჩები სტუმრადაც მოიგეს და მომდევნო ეტაპზე სრულიად დამსახურებულად გავიდნენ.

კარგად გამოჩნდა, რომ ლონდონის "ჩელსის" ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდის გაძლიერებაზე ფიქრი სერიოზულად მოუწევს. "არისტოკრატებმა" ფრანგულ "პარი სენ ჟერმენთან" მართალია, ბოლომდე იბრზოლეს, მაგრამ ლორან ბლანის გუნდი დღეს ინგლისელებზე მაღლა დგას.

შეხვედრა სტუმართა უპირატესობით დაიწყო; პსჟ მეტოქეს ბურთს იშვიათად უთმობდა და ნელ-ნელ უპირატესობას კიდევ უფრო ზრდიდა. შესაბამისად, სწრაფი გოლიც შეაგდო. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ანხელ დი მარიასგან ბურთი საჯარიმოში მიიღო და უზუსტესი პასით შორეულ ძელთან ადრიე რაბიო მოძებნა, ვინც გოლი გაიტანა, ანაც ბურთი კარის ბადეში დაამიწა... სხვათა შორის რაბიო ფრანგთა ლიდერ მარკო ვერატის ცვლიდა, რომელმაც ტრავმის გამო ვერ ითამაშა. აღნიშნულ ეპიზოდში ლონდონელთა დაცვა აშკარად ჩავარდა. საერთოდ, გუუს ჰიდინკის ბიჭებმა დაცვაში საშინლად ითამაშეს და დიდწილად უკანა ხაზის უყურადრებოდბის გამო დამარცხდა "ჩელსი".

ამის შემდეგ კი პარიზელებმა შეცდომებს მოუხშირეს. განსაკუთრებით კი მათი ნახევარდაცვა სცოდავდა გოლის ავტორ რაბიოს მეთაურობით. "ჩელსიმაც" მეთოდურად უპირატესობა ხელთ იპყრო და 27-ე წუთზე შედეგიც მოიმკა. დიეგო კოშტამ ჩინებული გოლი შეაგდო - ესპანელმა ტიაგო სილვა ძალიან მოხდენილად მოატყუა და მეკარე კევინ ტრაპიც მოძრაობაზე დაიჭირა. "ჩელსის" იმედი ჩაესახა: თუ ერთ გოლს გაიტანდნენ შეხვედრა დამატებით დროში გადავიდოდა. გასატანი კი ნამდვილად ჰქონდათ "არისტოკრატებს", მაგრამ დრეს მათი დრე არ იყო. მეორე ტაიმის შუაწელს ვილიანსა და ედენ აზარს ტრაპმა ერთ ეპიზოდში აჯობა და... ვერ გაიტან, გაგიტანენო - დაუწერელი კანონი ამოქმედდა.

სესარ ასპილიკუეტას 67-ე წუთზე თავი მოედანზე ნამდვილად არ ეგონა, ხოლო როდესაც ესპანელს გაახსენდა სად იმყოფებოდა, უკვე ძალიან გვიანი გახლდათ - დი მარია ქარიშხალივით შეიჭრა მასპინძლეთა საჯარიმოში და იქ იბრაჰიმოვიცი მოძებნა. ზლატანმაც გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს, როგორც ზემოთ ვთქვით, 67-ე წუთზე მოხდა, მაგრამ თამაში სწორედ ამ დროს დასრულდა. დარჩენილი 23 წუთი ფორმალობა რომ იყო, ორივე გუნდმა კარგად იცოდა.

საერთო ჯამში, პსჟ მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა, რადგან ვიზავის ორივე თამაში მოუგო, თანაც წელს აშკარად უკეთეს ფორმაშია. ჰო, ერთიც: პარიზულმა გუნდმა "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან ზედიზედ მეორედ გამოთიშა, თანაც შარშანდელის მსგავსად "სტემფორდ ბრიჯზე" მოახერხა ამის გაკეთება.

ლისაბონის "ბენფიკამაც" პსჟ-ს მსგავსად საპასუო მატჩშიც იმარჯვა. არადა, რუი ვიტორიას შეგირდებს სანქტ-პეტერბურგში გვარიანი ნერვიულობა მოუწიათ: უგოლო და მოსაყწნი პირველი ტაიმის მერე, მეორე ნახევარი გაცილებით კარგი სანახავი გამოვიდა. "ზენიტს" გოლი აუცილებლად ჰქონდა გასატანი და შეტევაში ხშირად გადადიოდა. ამან შედეგი 69-ე წუთზე გამოიღო, როცა იური ჟირკოვის გარღვევას ჰალკის თავური მოჰყვა. სხვათა შორის ამ ეპიზოდში მარცხენა მცველი დიდებულად გაისარჯა და განსაკუტრებით გამოსაყოფი პასია, რომელიც მან შეასრულა. თამაში თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო, როცა "ბენფიკამ" გაიტანა. 85-ე წუტზე ნიკოლას გაიტანმა ცარიელ კარში შეაგდო. მეექვსე დამატებულ წუთზე ტალისკას გატანილმა გოლმა მხოლოდ ანგარიში და შედეგი შეცვალა - "ბენფიკა" მომდევნო ეტაპზე ისედაც გადიოდა.

მოკლედ, ანდრე ვილაშ-ბოაშის "ზენიტმა" ჩინებულად დაწყებული ჩემპიონთა ლიგა (მიჯრით 5 მოგება), ცუდად დაასრულა. "ბენფიკა" კი, წლეულს საკმაოდ ნორმალურ ფეხბურთს აჩვენებს და წესით მეოთხეფინალშიც უნდა იბრძოლოს.

“ზენიტი” – “ბენფიკა” 1:2 (0:0) (მიმოხილვა)

სანქტ-პეტერბურგი, “პეტროვსკი”

მაყურებელი: 17 000

“ზენიტი” (4-2-3-1): ლოდიგინი; ანიუკოვი (სმოლნიკოვი 59), ლომბერტსი, ნეტო, ჟირკოვი; ვიტსელი, მაურისიო (იუსუპოვი 82); დანი, კოკორინი (შატოვი 59), ჰალკი; ძიუბა

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

“ბენფიკა” (4-4-2): ედერსონი; სამარისი, ლინდელოფი, ფეისა, ელიზეუ; სემედო, პიცი (სალვიო 73), რენატო სანჩესი, გაიტანი; ჟონასი (ტალისკა 90), მიტროღლუ (რაულ ხიმენესი 67)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 1:0 ჰალკი (69), 1:1 გაიტანი (85), 1:2 ტალისკა (90)

გაფრთხილება: ჰალკი (90) - მიტროღლუ (36), პიცი (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 12 (8) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“ჩელსი” – “პარი სენ ჟერმენი” 1:2 (1:1) (მიმოხილვა)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 41 000

“ჩელსი” (4-2-3-1): კურტუა; ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, კეჰილი, კენედი; მიკელი, ფაბრეგასი; პედრო, ვილიანი, აზარი (ოსკარი 73); დიეგო კოშტა (ტრაორე 60)

მწვრთნელი: გუუს ჰიდინკი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მარკინიოსი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; რაბიო, ტიაგო მოტა, მატუიდი (ვან დერ ვილი 87); ლუკას მოურა(პასტორე 77), იბრაჰიმოვიჩი, დი მარია (კავანი 82)

მწვრთნელი: ლორან ბლანი

გოლები: 0:1 რაბიო (16), 1:1 დიეგო კოშტა (27), 1:2 იბრაჰიმოვიჩი (67)

გაფრთხილება: ფაბრეგასი (45), მიკელი (53), ივანოვიჩი (90) – რაბიო (35), ტიაგო მოტა (41), მატუიდი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (9) – 9 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112791