ფეხბურთი

0:25 | 27.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ელ დერბი მადრილენიო” მეორე ადგილისთვის

ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “რეალი” მადრიდულ დერბიში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

გასულ ტურში მადრიდულმა გრანდებმა გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგეს, რითაც “ბარსელონამ” ისარგებლა და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა. შესაბამისად, ლა ლიგის დასრულებამდე 13 ტურით ადრე “ბლაუგრანა” “ატლეტიკოს’ 8 ქულას, ხოლო “რეალს” 9 ქულით უსწრებს და ძალიან რთული წარმოსადგენია, რომ მშვენიერ ფორმაში მყოფმა “ბარსელონამ” ასეთი უპირატესობა გაანიავოს. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრა დიდწილად მე-2 ადგილისთვისაა.

მასპინძლები შეხვედრას დასვენებულნი ხვდებიან, ხოლო სტუმრებმა ოთხშაბათს “ფილიპს არენაზე” (ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან 0:0) მძიმე შეხვედრა ჩაატარეს და საკმაო ენერგიაც დახარჯეს. აღნიშნული ფაქტორი “ბლანკოსს” გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს და ფავორიტებადაც სწორედ ისინი ითვლებიან, თუმცა ბოლო წლებში მათ “ატლეტიკოსთან” ძალიან უჭირთ და ეს არაფერს ნიშნავს.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს: “რეალს” ტრავმების გამო პეპე, მარსელო და გარეთ ბეილი არ ეყოლებათ, ხოლო “ატლეტიკოს” ტიაგო და ფერეირა კარასკო ვერ დაეხმარება. საეჭვოა სტეფან სავიჩის თამაშიც.

დღეს მადრიდულ დერბიში 30-ე შეხვედრას ჩაატარებს სერხიო რამოსი და ამ მხრივ რეკორდსმენს მანუელ სანჩისს 12 მატჩით ჩამორჩება.

არსებობის განმალობაში პრინციპული მეტოქეები ერთმანეთს 211-ჯერ დაუპირისპირდნენ: 107-ჯერ “რეალმა” იმარჯვა, 53-ჯერ “ატლეტიკომ”, ხოლო 41 მატჩი ფრედ დასრულდა.

ლა ლიგაში “რეალმა” “ატლეტიკო” ბოლოს 2013 წლის 27 აპრილს “ვისენტე კალდერონზე” დაამარცხა (2:1). მას შემდეგ კლუბები ჩემპიონატში ერთმანეთს 5-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 3-ჯერ “ატლეტიკო” გამოვიდა გამარჯვებული, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

“ვისენტე კალდერნზე” გამართული პირველი წრის შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. “რეალი” ქარიმ ბენზემას გოლით იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ ლუსიანო ვიეტომ გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ იმ შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა ანტუან გრიზმანმა, რომელსაც კეილორ ნავასმა აჯობა.

შეხვედრას 43 წლის არაგონელი არბიტრი კლოს გომესი განსჯის. ის ფიფას კატეგორიის მსაჯი 2009 წლიდანაა.

19:00 რეალი – ატლეტიკო

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-3): ნავასი, რამოსი, ვარანი, ნაჩო, კარვახალი, კროოსი, ისკო, მოდრიჩი, ხამესი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუნფრანი, გაბი, კოკე, აუგუსტო, საული, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: კლოს გომესი

დღის სხვა მატჩები:

21:15 ხეტაფე – სელტა
21:15 ხიხონი – ესპანიოლი
23:30 ბეტისი – რაიო ვალეკანო
01:05 სოსიედადი - მალაგა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108306