ფეხბურთი

16:23 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ჰოლანდიაში ტრადიციის დასარღვევად

დღის კიდევ ერთ მატჩში ჰოლანდიის ჩემპიონი “პსვ ეინდჰოვენი” მადრიდის “ატლეტიკოს” დაუხვდება. ამ წყვილში ფავორიტად ცალსახად ესპანური გუნდი ითვლება, რაც გასაკვირი არაა, რადგან დიეგო სიმეონეს გუნდს დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს, პსვ კი ლიგის პელი-ოფში 2007 წლის მერე პირველად გავიდა.

დღევანდელ შეხვედრას მასპინძლები დანაკლისით ხვდებიან – საუკეთესო ბომბარდირი ლუკ დე იონგი დისკვალიფიკაციას იხდის, ხოლო მადრდიდელებს ფერეირა კარასკო და ტიაგო არ ეყოლება, რომელთაც ტრავმები აქვთ.

ფილიპ კოკუ (პსვ-ს მთავარი მწვრთნელი): “შეხვედრა 0:0 დასრულდება? – თუ გოლს არ გავუშვებთ, ეს იქნება ძალიან კარგი შედეგი. “ატლეტიკო” ძალიან ძლიერი გუნდია. დიეგო სიმეონეს თავისი ხელწერა აქვს ყოველთვის, რომელიც არ იცვლება. გუნდი ყოველთვის თავის სტილში თამაშობს.

დღეს მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება, მზად უნდა ვიყოთ და მოედანზე მაქსიმუმი გავიღოთ”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “ჩემი გუნდი კარგ ფორმაშია. ბოლო ტურში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. პსვ ძალიან ძლიერი მეტოქეა, განსაკუთრებით სახიფათო შეტევაშია. ეს, ის გუნდია, რომელსაც გატანა სხვადასხვა სტილში შეუძლია – ჩაწოდებების შემდეგ, ინდივიდუალური ოსტატობით თუ გუნდური თამაშით”.

ეს გუნდები ერთმანეთს 2008-2009 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზეც შეხვედრილან და მაშინ ესპანელებმა ორივე თამაში მოიეგს – 3:0 ეინდჰოვენში, 2:1 მადრიდში.

სტატისტიკა

პსვ

ჰოლანდიელები ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2006-2007 წლების სეზონის შემდეგ არ ყოფილან. მაშინ “ფილიპსელებმა” მეოთხედფინალში “ლივერპულთან” წააგეს (0:3, 0:1), ხოლო მანამდე მერვედფინალში “არსენალს” აჯობეს (1:0, 1:1).

“ეინდჰოვენმა” ჯგუფურ ეტაპზე სამივე საშინაო მატჩი მოიგო. საერთოდ კი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ეს გუნდი მეთოთხმეტედ თამაშობს.

პსვ-ს ესპანურ გუნდებთან სულ 24-ჯერ უთამაშია – 4 მოგება, 10 ფრე, 10 წაგება (შინ 4 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება).

“ბარსელონა” ერთადერთი ესპანური გუნდია, რომელსაც პსვ-სთვის ჰოლანდიაში მოუგია. თანაც, ორჯერ.

“ატლეტიკო”

“ატლეტიკოს” ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე თამაში არ წაუგია და ჯგუფიდანაც 13 ქულით (პირველი ადგილი) გავიდა.

გასულ სეზონში “როხიბლანკომ” ლიგის ამავე ეტაპზე “ლევერკუზენს” (0:1, 1:0) პენალტების სერიით მოუგო.

“ატლეტიკოს” პლეი-ოფში ჰოლანდიურ გუნდებთან 4 თამაშიდან 4-ვე წაგებული აქვს.

საერთო ჯამში, მისი შედეგი ჰოლანდიურ გუნდებთან ასეთია: 5 მოგება, 1 ფრე, 4 წაგება.

ფეხბურთელები და მწვრთნელები:

დიეგო სიმეონე იმ არგენტინის ნაკრების კაპიტანი იყო, რომელმაც 1998 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან წააგო (1:2). მაშინ ჰოლანდიელთა რიგებში ფილიპ კოკუ თამაშობდა.

კოკუს ესპანურ “ბარსელონაში” 1998-2005 წლებში 292 თამაში აქვს ჩატარებული. “ატლეტიკოს” წინააღმდეგ 6-ჯერ უთამაშია (2 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება). 2003 წლის სექტემბერში კი “ვისენტე კალდერონზე” გააძევეს (0:0).

ჰექტორ მორენოსა ანდრეს გუარდადოს თავის დროზე ესპანეთში უთამაშიათ. პირველ მათგანს “ესპანიოლში”, ხოლო მეორეს, “დეპორტივოსა” და “ვალენსიაში”.

ფეხბურთელები, რომელთაც ერთად უთამაშიათ:

იანიკ ფერეირა კარასკო და მაქსიმ ლესტიენი (ბელგიის ნაკრები).

ფერეირა კარასკო და ნიკოლას ისიმატ-მარინი ერთან “მონაკოშიც” თამაშობდნენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პსვ ეინდჰოვენი” (4-3-3): ზოეტი; არიასი, ბრუმა, მორენო, ვილემსი; ვან გინკელი, გუარდადო, პროპეერი; პერეირო, ლოკადია, ნარსინგი

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, საულ ნიგეზი, ო. ტორესი; გრიზმანი, ფ. ტორესი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

0.158748