ფეხბურთი

15:46 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კიევი პლეი ოფს 16 წლის მერე დააგემოვნებს

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მერვედფინალური ეტაპის პირველი რაუნდის ბოლო ორი მატჩი გაიმართება. კიევში, ადგილობრივი “დინამო” ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” მიიღებს, ხოლო ეინდჰოვენში, პსვ მადრიდის “ატლეტიკოს” უმასპინძლებს.

“დინამოსა” და “სიტის” შეხვედრაში ფავორიტად ინგლისური გუნდი მიიჩნევა, მაგრამ უკრაინის ჩემპიონსაც შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება და ეს ჯგუფურ ეტაპზე ერთხელ უკვე დამტკიცდა. საერთოდ, დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი ცუდ ფორმაში ხვდება. მასპინძლები იმიტომ, რომ უკვე ორ თვეზე მეტია ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებიათ და უკრაინის ჩემპიონატი ჯერ კიდევ არ განახლებულა, რაც კიეველთა სათამაშო ფორმას დაღს აუცილებლად დაასვამდა. რაც შეეხება მანჩესტერელებს, “ქალაქელები” პრემიერლიგაში ბოლო ტურებში წარუმატებლად თამაშობენ და ჩემპიონობის შანსი თითქმის დაკარგეს, ხოლო ოთხი დღის წინ ინგლისის ასოციაციის თასზე ლონდონის “ჩელსისთან” 1:5 განადგურდნენ.

მოკლედ, მანუელ პელეგრინის თავს პრობლემებია და მდგომარეობის გამოსწორება დღეს დადებითი შედეგის მიღწევით უნდა სცადოს. პელეგრინის დღეს დელფის, დე ბრუინეს, ნავასისა და ბონის იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომლებიც ტრავმირებულნი არიან. რაც შეეხება “დინამოს”, სერგეი რებროვს ტრავმირებული მორზუკი და დისკვალიფიცირებული ანტუნეში არ ეყოლება.

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ევროპა ლიგის მერვედფინალში 2010-2011 წლების სეზონში დაუპირისპირდნენ და მაშინ ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული “დინამო” გამოვიდა – 2:1. უკრაინელებმა ჯერ შინ მოიგეს ანდრეი შევჩენკოსა და ოლეგ გუსევის გოლებით (სხვათა შორის გუსევი დღესაც “დინამოში” თამაშობს), ხოლო მანჩესტერში ინგლისელებმა ალექსანდრ კოლაროვის ჯარიმით კი მოიგეს, მაგრამ წარმატებისთვის აღნიშნული ანგარიში არ ეყოთ.

აღსანიშნავია, რომ “მანჩესტერ სიტის” აქამდე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ უთამაშია და ახლა ამის გაკეთების კარგი შანსი აქვს.

სერგეი რებროვი (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ჩვენ გავაანალიზეთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეებიც. შეტევაში ისეთი სახიფათო ფეხბურთელები ჰყავთ, როგორიც რაჰიმ სტერლინგი, დავიდ სილვა და სერხიო აგუერო არიან. ვინსენ კომპანი კი მათი დაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

ჩვენი ყველა ფეხბურთელი ფორმაშია და საბრძოლველად მზადაა. მათ შორის იარმოლენკო, რომელიც 100% გამოჯანმრთელებული არაა, თუმცა იგი ჩვენთვის დიდი ძალაა. ჟუნიორ მორაეში (ბოლო ვარჯიშზე დაშავდა) ჯგუფთან ერთად რჩება და ვნახოთ შეძლებს თუ არა თამაშს”.

მანუელ პელეგრინი (“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი): “მოვიგეთ ჩვენი ჯგუფი და ახლა უფრო შორს წასვლა გვინდა, სადამდეც შესაძლებელია. ის, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ვტოვებ, პრობლემა არაა. მომავალზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ დღევანდელი თამაში მიტრიალებს თავში.

იმედია, დღეს სასურველ შედეგს ვაჩვენებთ და განმეორებით თამაშს გაცილებით მშვიდად შევხვდებით”.

სტატისტიკა

“დინამო”

“დინამო” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 1999-2000 წლების სეზონის შემდეგ პირველად გავიდა. მაშინ კიეველთა ერთ-ერთი ლიდერი დღევანდელი მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი გახლდათ.

რებროვის გუნდს უეფას ტურნირებზე 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული საკუთარ მოედანზე აღარ წაუგია.

“დინამო” მიმდინარე სეზონში ინგლისურ გუნდს უკვე ეთამაშა. “ჩელსისთან” კიეველებმა შინ 0:0 ითამაშეს, ხოლო ინგლისში 1:2 წააგეს.

ბოლო გამარჯვება ინგლისურ გუნდზე შარშანდელ სეზონში ფიქსირდება. ევროპა ლიგის მერვედფინალში “დინამომ” ლივერპულის “ევერტონს” 5:2 აჯობა.

კიევში კი ბოლო ინგლისური გუნდი, რომელმაც მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედია”. 2007-2008 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე “მანკუნიანელებმა” 4:2 იმარჯვეს.

“მანჩესტერ სიტი”

“სიტიმ” ჯგუფურ ტურნირზე სამი საგარეო მატჩიდან ორი მოიგო. სევილიაში და გლადბახში, ხოლო ტურინში დამარცხდა.

მანუელ პელეგრინის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აქამდე ორი სხვადასხვა გუნდით გაუღწევია – 2005-2006 და 2008-2009 წლებში “ვილიარეალით”, ხოლო 2012-2013 წლების სეზონში “მალაგათი”.

ფეხბურთელები და მწვრთნელები:

სერგეი რებროვი “ტოტენჰემში” 2000-2004 წლებში (75 მატჩი, 15 გოლი) და “ვესტ ჰემში” 2004-2005 წლებში (32 მატჩი, 2 გოლი) თამაშობდა. მას “სიტის წინააღმდეგ ორჯერ უთამაშია – 2000-2001 წლების სეზონში; შინ 0:0, ხოლო სტუმრად 1:0 და გამარჯვების გოლი სწორედ მან გაიტანა 89-ე წუთზე.

ბოლოს, როგორც ფეხბურთელმა რებროვმა ინგლისში “მანჩესტერ იუნაიტედის” (0:4) წინააღმდეგ ითამაშა. ეს იყო მისი ბოლოსწინა თამაში საერთოდ ევროტურნირებზე.

საერთო ჯამში, “დინამოს” მაისურით რებროვს ინგლისური გუნდების წინააღმდეგ 5 თამაშში სამჯერ გაუტანია (1 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება). ერთადერთი გამარჯვება 1998-1999 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოდის სახლში ლონდონის “არსენალთან” 3:1. ამ მატჩში მან ანგარიში გახსნა.

მანუელ პელეგრინის “დინამო” ჯერ კიდევ “ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუმარცხებია უეფას თსზე – ორი მატჩის ჯამში, 2:0.

“სიტის” წევრი ფერნანდინიო 2005-2013 წლებში “შახტარის” ღირსებას იცავდა და 2008 წელს უკრაინის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელდაც დასახელდა.

ფერნანდინიოს “დინამოს” კარში 2008-2009 წლების სეზონში უეფას თსის ნახევარფინალში გოლი აქვს გატანილი. კიევში, როცა მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

იაია ტურე 2004-2005 წლების სეზონში უკრაინაში კერძოდ, დონეცკის “მეტალურგში” თამაშობდა (33 მატჩი, 3 გოლი).

სავარაუდო შემადგენლობები:

“დინამო” (4-5-1): შოვკოვსკი; დანილო სილვა, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი, ვიდა; რიბალკა, გარმაში, სიდორჩუკი, გონსალესი, იარმოლენკო; ტეოდორიცზიკი

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; ზაბალეტა, კომპანი, ოტამენდი, კლიში; ფერნანდინიო, ფერნანდო; სილვა, ტურე, სტერლინგილ აგუერო

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.197827