ფეხბურთი

22:02 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი გოლი და ერთი გაფუჭებული პენალტი “თამაზ სტეფანიაზე”

უმაღლესი ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში ბოლნისის “სიონმა” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა და ანგრიშით – 3:1 დაამარცხა.

ვარლამ კილასონიას დამოძღვრილებს, დიდი ანგარიშით მოგებაც შეეძლოთ, თუმცა უამრავი მომენტი გაანიავეს. “თამაზ სტეფანიაზე” მისული გულშემატკივარი მეტად საინტერესო თამაშის მომსწრე გახდა.

შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო. მე-5 წუთზე ფოთელთა საჯარიმოში არეულობის შემდეგ, ბურთი ტატანაშვილს მიუვიდა, მისი დარტყმული კი არაზუსტი გამოდგა. რამდენიმე წუთში ისევ ტატანაშვილს ჰქონდა შანსი, თუმცა, ამჯერად სტუმართა მეკარე იყო უშეცდომო, დამატებაზე კი გოგინაშვილმა ვერ ივარგა.

ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში, “კოლხეთს” შეეძლო გატანა. მცველების შეცდომით თორნიკე თუხარელმა ისარგებლა და ძლიერად დაარტყა, თუმცა მერლანს ვერ აჯობა. ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად ბოლნისელებმა იგდეს ხელთ და ანგარიშიც გახსნეს.

26-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე შულაიამ მეტოქე ეფექტური მოძრაობით ჩამოიშორა და საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ გვალიას გადააწოდა, რომელმაც მეტოქის კართან ტატანაშვილი მოძებნა. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ სეფიაშვილი უძლური აღმოჩნდა – 1:0. შედეგად, ტანანაშვილს მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი დაუგროვდა.

30-ე წუთზე ზედიზედ ორი კუთხურის მოწოდების შემდეგ, შორი მანძილიდან გაფრინდაშვილმა გაისროლა და კარს მცირე მანძილით ააცილა. ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ანგარიშის გაზრდა შულაიას შეეძლო, თუმცა მიზანს ვერ უწია.

შეხვედრის მეორე ნახევარი ორივე გუნდმა ცვლილებებით დაიწყო. ვარლამ კილასონიამ პირველ ტაიმში ერთ-ერთი გამორჩეული, ფლანგზე მოთამაშე შულაია გაიყვანა და მის ნაცვლად გამოცდილი გოგობერიშვილი შემოიყვანა. სანაიამ ჯიშკარიანი ლევან კაკულიათი შეცვალა, რომელმაც ტაიმის მიწურულს მეკარის მოვალეობაც იკისრა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში ფოთელებმა მერლანის კარის აღება ორჯერ სცადეს, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს. 50-ე წუთზე სიჭინავა ცდილობდა ყოფილი გუნდის კარის აღებას, მაგრამ მისი დარტყმული მერლანს ხელებში მიუვიდა. ზუსტად ხუთ წუთში ბოლნისელებმა ანგარიში გაზარდეს. მასპინძებმა საჯარიმო სწრაფად გაათამაშეს, გვალიამ გოგინაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მას სეფიაშვილის კარის აღება არ გასჭირვებია – 2:0.

დარჩენილ დროში მასპინძლებს სხვაობის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლოთ, თუმცა სეფიაშვილი “სიონის” ფეხბურთელებს გატანის საშუალებას არ აძლევდა. 73-ე წუთზე კი ბოლნისელთა დაცვის და მეკარის შეუთანხმებელი თამაშით ნიქაბაძემ ისარგებლა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 2:1.

გაშვებული გოლის შემდეგ “სიონი” შეტევაში დიდი ძალებით წავიდა და 83-ე წუთზე 11-მეტრიანის შესრულების უფლებაც მოიპოვა. პენალტი კილასონიამ დაარტყა, თუმცა კარს ააცილა.

ბოლო წუთზე სეფიაშვილთან პირიპირ გასული ტატანაშვილი “კოლხეთის” მეკარემ წესების დარღვევით შეაჩერა და წითელი ბარათიც მიიღო. ფოთელებს ცვლილებები აღარ ჰქონდათ და კარში მინდვრის მოთამაშე – ლევან კაკულია ჩადგა. ტატანაშილმა პენალტი აუღელვებლად შეასრულა და საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

“სიონი”, რომელიც 17 ტურის შემდეგ 33 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, მორიგ შეხვედრას, ქობულეთში, ადგილობრივი “შუქურას” წინააღმდეგ გამართავს.

23 თებერვალი. ბოლნისი. თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი.

სიონი (ბოლნისი) – კოლხეთი (ფოთი) 3:1

სიონი: მერლანი, კილასონია, გურეშიძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, გვალია (შალამბერიძე 78), რაზმაძე, მანჯგალაძე, გოგინაშვილი (კობახიძე 72), ტატანაშვილი, შულაია (გოგობერიშვილი 46).

მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

კოლხეთი: სეფიაშვილი, თევზაძე, შალიკაშვილი, გოგონაია, ჩაკვეტაძე, გურეშიძე, გიგაური (მესხი 58), თუხარელი, სიჭინავა (თედო კაკულია 69), ნიქაბაძე, ჯიშკარიანი (ლევან კაკულია 46).

მწვრთნელი: გელა სანაია.

მსაჯი: ლაშა სილაგავა.

გოლები: 1:0 ტატანაშვილი (27), 2:0 გოგინაშვილი (55), 2:1 ნიქაბაძე (73), 3:1 ტატანაშვილი (90, პენ.).

გაფრთხილება: თევზაძე (35), თუხარელი (45), სიჭინავა (52), საჯაია (61), გოგობერიშვილი (75), შალამბერიძე (79), ომარ გოგონაია (82).

გაძევება: სეფიაშვილი (90).

"სიონის" პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117525