ფეხბურთი

22:46 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მატჩი “ემირათს სთედიუმზე” და სამეულს ჩამოშორებული “სიტი”

ინგლისის ჩემპიონატში 26-ე ტურის შემდეგ სამეული კიდევ უფრო გამოიკვეთა.

“არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ლესტერი” უკანასკნელ წამებზე დაამარცხა, ხოლო “ტოტენჰემმა” გასვლაზე “სიტი” აჯობა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ძალიან საინტერესო სურათი მივიღეთ.

“ლესტერი” 53 ქულით კვლავ ლიდერია, თუმცა ლონდონური კლუბები “ტოტენჰემი” და “არსენალი” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან მას. სამაგიეროდ, სამეულს ჩამოშორდა “მანჩესტერ სიტი”, რომელმაც საკუთარ კედლებში ზედიზედ მეორედ წააგო და 47 ქულა დარჩა.

“ემირათს სთედიუმზე” გამართულ შეხვედრაში აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და საწყისი 10 წუთის განმალობაში მწვავედ უტევდნენ, თუმცა “მელიებმა” ნელ-ნელა თამაში დააწყნარეს და აქეთაც დაიწყეს კბენა.

მთლიანობაში პირველი ნახევარი აბსოლუტურად თანაბარი გამოდგა, თუმცა მეტი სახიფათო მომენტი მაინც სტუმრებმა შექმნეს. პიოტრ ჩეხმა ჯერ ჯეიმი ვარდის არ გაატანინა, ხოლო შემდეგ კანტეს. სამაგიეროდ, თავური დარტყმით ოლივიე ჟირუმ გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა. გუნდები შესვენებაზე თითქოს უგოლოდ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ 44-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ ნაჩო მონრეალთან ჭიდილში პენალტი გამოიმუშავა, რომელიც უნაკლოდ შეასრულა და თავის გუნდს პირველი ნახევარი მოაგებინა.

მეორე ტაიმის ანალოგიურად დაიწყო და კვლავ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, სანამ “მელიები” 10 კაცით არ დარჩნენ. სიმპსონმა ხუთწუთიან მონაკვეთში ორი გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მიუწია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მარტინ ატკინსონმა მეორე ეპიზოდში მეტად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო.

სიმპსონის გაძევებიდან მოყოლებული უპირატესობა მთლიანად “არსენალის” ხელში გადავიდა: ერთი გუნდი უტევდა და მეორე თავს იცავდა. კლაუდიო რანიერის წინ ჯეიმი ვარდი ჰყავდა დატოვებული, თუმცა სამ მინიმუმ სამი მცველი მეთვალყურეობდა და “ლესტერის” შეტევები საშიში აღარ გახლდათ.

61-ე წუთზე არსენ ვენგერმა გარისკა და ფრანსის კოკლენის ნაცვლად, მოედანზე ტეო უოლკოტი შეუშვა, რამაც ნამდვილად გაამართლა. ინგლისელი ვინგერი აქტიურად ჩაერთო და საკუთარი სისწრაფის ხარჯზე მეტოქე მცველები კიდევ უფრო დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცია.

კლადიო რანიერიმ კი, მოულოდნელად რიად მაჰრეზი გაიყვანა და მის ნაცვლად, ვასილევსკი დაამატა დაცვას, ხოლო შინჯი ოკაზაკის მაგივრად, დემარეი გრეი ჩართო თამაშში.

რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი ქნა, მასპინძელთა იერიშებს სტუმრებმა ვეღარ გაუძლეს და ოლივიე ჟირუს გადაცემით, ახლო მანძილიდან სწორედ უოლკოტმა გაათანაბრა.

ამის შემდეგად, მხოლოდ “არსენალი” უტევდა, მაგრამ კასპერ შმეიხელი შესანიშნავად თამაშობდა და ოლივიე ჟირუს ურთულესი ბურთი აუღო, ხოლო ერთ მომენტში მასპინძლები მორგანზე ხელით თამაშის დაფიქსირებას და პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ (სამართლიანად).

მაშინ, როდესაც უკვე ყველას ეგონა, რომ “ლესტერმა” გაძლო და უმნიშვნელოვანესი ქულა წამოიღო “ემირათს სთედიუმიდან”, შეცვლაზე შემოსულმა ვასილევსკიმ არასაჭირო ვითარებაში სახიფათო ჯარიმა აიკიდა, რასაც მესუთ ოზილის კარგი ჩაწოდება და დენი უოლბეკის ზუსტი თავური მოჰყვა. ინგლისელმა ფორვარდმა ტრავმის გამო მიმდინარე პრემიერლიგაში პირველად ითამაშა და დაბრუნება 95-ე წუთზე გატანილი გამარჯვების გოლით აღნიშნა – 2:1.

ჩემპიონობისათვის ბრძოლაში სერიოზული განაცხადი გააკეთა “ტოტენჰემმა”, რომელმაც გასვლაზე “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ “დეზები” 53-ე წუთზე პენალტით ჰარი კეინმა დააწინაურა, 74-ე წუთზე წონასწრობა შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ფორვარდმა აიჰენაჩომ აღადგინა, ხოლო 83-ე წუთზე ერიკ ლამელას მშვენიერი გადაცემა კრისტიან ერიკსენმა შეირგო და როგორც მალევე გაირკვა, “ტოტენჰემს” უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა. ბოლოსკენ, “სიტიმ” მთელი ძალებით შეუტია და “ტოტენჰემს” შტურმი მოუწყო, თუმცა სტუმრებმა გაძლეს ლიდერს მიუახლოვდნენ - 1:2.

“ლივერპულმა” კი, “ვილა პარკზე” გათამაშების აუტსაიდერი გამოიჭირა და კუდით ქვა ასროლინა. “წითლებმა” პირველი ნახევარი დანიელ სტარიჯისა და ჯეიმს მილნერის გოლებით მოიგეს, ხოლო მეორე 45 წუთში ემრე ჩანის, დივოკ ორიჯის, ნათან კლაინისა და კოლო ტურეს ჯერი დადგა – 0:6.

არსენალი – ლესტერი 2:1 (0:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი, მერტესაკერი, კოშელნი (ჩემბერსი 46), ბელერინი, მონრეალი, კოკლენი (უოლკოტი 61), რემსი, ალექსისი, ოზილი, ჩემბერლენი (უელბეკი 83), ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ვასილევსკი, ფუჩსი, კანტე, დრინკვოთერი, მაჰრეზი (ვასილევსკი 58), ოლბრაიტონი (კინგი 83), ოკაზაკი (გრეი 61), ვარდი.
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

გოლები: 0:1 ვარდი (45 პენ.), 1:1 უოლკოტი (70), 2:1 უელბეკი (95)
გაფრთხილებები: კოკლენი, კოშელნი, რემსი, უელბეკი – სიმპსონი, ფუჩსი, კანტე, ვასილევსკი
გაძევება: სიმპსონი (54)
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

ასტონ ვილა – ლივერპული 0:6 (0:2)

ბირმინგემი, “ვილა პარკი”

ასტონ ვილა (4-3-2-1): ბანი, ოკორე, ლესკოტი, სისოხო, რიჩარდსი (ჰატონი 85), გაიე, ვესტვუდი, ბაკუნ (ლიდენი 66), ვერეტუტი, ხილი, აგბონლაჰორი (სინკლერი 58).
მწვრთნელი: რემი გარდი

ლივერპული (4-3-3): მინოლე, ტურე, სახო, კლაინი, მორენო, ჩანი, ჰენდერსონი, მილნერი, კოუტინიო (სტიუარტი 66), ფირმინო (ბენტეკე 74), სტარიჯი (ორიჯი 62).
მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: 0:1 სტარიჯი (16), 0:2 მილნერი (25), 0:3 ჩანი (58), 0:4 ორიჯი (63), 0:5 კლაინი (65), 0:6 ტურე (71)
გაფრთხილებები: ბაკუნა, ვესტვუდი, ვერეტუტი – სტიუარტი
მსაჯი: ნილ სვერბრიკი

მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, კომპანი, ოტამენდი, კლიში, ზაბალეტა, ფერნანდინიო, ფერნანდო, ტურე, სილვა, სტერლინგი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვიმერი, ალდერვეირელდი, როუზი, უოლკერი, დაიერი, დემბელე, ალი, სონი, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

მსაჯი: მარკ კლატენბურგი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148479