რაგბი

15:00 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

რიჩი მაკქოუ: “ქართველებთან ისეთივე ბრძოლა გადავიტანე, როგორიც სხვა მეტოქეებთან”

“რაგბის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი მისი ღირებულებებია, რომლებიც უმთავრესია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში არიან ჩართულნი. არა აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო დონეზე თამაშობ თუ არა, ან უბრალოდ გულშემატკივარი ხარ, თუნდაც ახლა იწყებ რაგბის თამაშს, ან ყურებას, რაგბის სული განსაკუთრებულია და ის სულ სხვა შესაძლებლობებს განიჭებს. ესაა ძალისმიერი თამაში, რომლის დროსაც შესაძლოა ერთმანეთი დაასახიჩროთ და მიიღოთ შესანიშნავი განმუხტვა, მერე კი, ერთად წახვიდეთ და დალიოთ. როდესაც რაგბიში ერთვებით, განიცდით უდიდეს სიამაყეს და კმაყოფილებას იმით, რომ ხართ ამ სამყაროს, რაგბის ნაწილი” - ამბობს ახალი ზელანდიის რაგბის ლეგენდა, “ოლ ბლექსის” აწ უკვე ყოფილი კაპიტანი რიჩი მაკქოუ, რომელიც ცოტა ხნის სადაზღვევო კომპანია AIG-ის სარეკლამო სახედ მოსკოვს სტუმრობდა.

ეს ინტერვიუ რუსულმა სარაგბო ვებ-გვერდმა rugbyonline-მ ჩაწერა და სანამ მაკქოუ თბილისში გვეწვევა და მასთან ინტერვიუს ჩაწერას პირადად შევძლებთ, გთავაზობთ თარგმანს, მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთში მას საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაზეც დაეკითხნენ. მანამდე კი, რიჩიმ მოთამაშის კარიერის დასრულებაზე და რაგბიში გატარებულ წლებზე ისაუბრა:

- რას გრძნობთ აქტიური სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ?

- მოხარული ვარ, რომ ახლა არ მიწევს წინასასეზონო ურთულესი ვარჯიშები! თუმცა, ეჭვგარეშეა, როდესაც სეზონი დაიწყება, ძალიან დამაკლდება ის შეგრძნება, რომელსაც გუნდთან ერთად მოედანზე გასვლისას განიცდი. საკუთარ კარიერას რომ ვუყურებ, მხოლოდ მადლიერებას განვიცდი, რადგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიწევდა თამაში და ვამაყობ საკუთარი მიღწევებით. ეს წიგნის ერთი თავის დასრულებას და მეორეზე გადასვლას გავს, სადაც ახალი გამოწვევები გელოდება. განვლილ სარაგბო კარიერასთან მიმართებაში, გული არაფერზე მწყდება და ველოდები ცხოვრების ახალ გამოწვევებს.

- რა გაძლევდათ მოტივაციას, გეთამაშათ ასეთი ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში?

- რამდენიმე მომენტი იყო, რაც მოტივაციას მმატებდა. როდესაც გუნდის წევრი ხარ, უწინარესად, საჭიროა მოიპოვო თანაგუნდელების ნდობა და პატივისცემა. ამიტომ აუცილებელია მუდამ ბოლომდე დაიხარჯო, რათა მეგობრები არ დააღალატო. ეს იყო პირველი, რაც თამაშისა და განვითარებისკენ მიბიძგებდა.

მეორე მომენტი, რომელიც მუდამ მეტისკენ მიბიძგებდა, ეს საკუთარი თავით უკმაყოფილება იყო: როგორ კარგადაც არ უნდა მეთამაშა, ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი იდეალურად არ გამომივიდა, შეიძლებოდა რაღაც ბევრად უკეთ გამეკეთებინა. როდესაც მუდამ გინდა, რომ გახდე უკეთესი და უნივერსალურობის მისაღწევად გზებს ეძებ, ეს სურვილი გაიძულებს უფრო მეტი მონდომებით იმუშაო და გაძლევს სტიმულს მეტად დაიხარჯო. დაუმატეთ ამას ის, რომ ზრდის დასრულება პრაქტიკულად ვერასდროს ხერხდება და მიიღებთ მოტივაციის იდეალურ ფორმულას.

მუდამ მქონდა ფიქრი, რომ იყო რაღაც, რაც მომავალში უნდა მესწავლა. როგორც კი ჩათვლით, რომ განვითარებისთვის აღარაფერი გრჩებათ, იწყებთ ახალი გზების ძებნას. ჩემს შემთხვევაში სიტუაცია სხვაგვარად იყო, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შემეძლო ვყოფილიყავი უკეთესი და ეს მუდამ წინსვლაზე ფიქრს მაიძულებდა.

- როგორ ახერხებდით თამაშის წინ თანაგუნდელების საბრძოლო განწყობის ამაღლებას?

- ერთი და იმავე შეკითხვას ხშირად მისვამენ: “თქვენ დგახართ გასახდელში და სიტყვით გამოდიხართ?” - სინამდვილეში კი, თამაშის წინ პრაქტიკულად თითქმის არ ვლაპარაკობ, რადგან მთელი სამუშაო მატჩამდე ერთი კვირით ადრე უკვე ჩატარებულია. სწორი განწყობის შექმნა ორშაბათიდან იწყება, როდესაც მთელი გუნდი პირველ ვარჯიშზე გადის. ხშირ შემთხვევაში მნიშვნელობა იმას კი არა აქვს რას ამბობ, არამედ იმას, თუ რას აკეთებ. ყველა გუნდს ჰყავს ლიდერი და თუ ვარჯიშზე მიდიხარ სწორი განწყობით, ეს მთელს გუნდს გადაეცემა და თამაშამდე მთელი კვირა გრძელდება. ამის მთელი 100%-ით განხორციელება ყოველ კვირაში არ გამოდის და თუ პარასკევს იგრძნობთ, რომ განწყობის სწორი მიმართულებით წარმართვა ვერ მოხერხდა, მაგიდაზე მუშტის ბრახუნს აზრი აღარ აქვს - განწყობის შექმნა ორშაბათიდან იწყება. რა თქმა უნდა, ხანდახან, შესაძლოა ხმასაც აუწიო და მოტივაციის ასამაღლებლად გარკვეულ ილეთებს მიმართო, მაგრამ მოთამაშეები ამისგან მალე იღლებიან, მით უმეტეს, თუ მოტივაციის ამაღლება რეგულარულად ამ მეთოდებზეა დამყარებული. მთლიანობაში, ყველაფერი იმის მიხედვით წყდება, როგორ გაატარე მატჩამდე მთელი კვირა.

- “ოლ ბლექსის” კაპიტნის რანგში, რას ეუბნებოდით მოთამაშეებს გასახდელში, თუ პირველ ტაიმში გუნდი ცუდად თამაშობდა?

- ყვირილი და ამ გზით მოთამაშეების მოტივირება იოლი, მაგრამ არაეფექტურია, რადგან უმეტეს ემთხვევებში, ყველას სურს უბრალოდ გაიგოს, რა გამოსდით კარგად, რა არ კეთდება სწორედ და როგორ უნდა შეიცვალოს ის. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, მეც და მწვრთნელებიც ვთიშავთ ემოციებს და ვსწავლობთ ფაქტებს, კონკრეტულად რას ვერ ვაკეთებთ სწორედ. ამის შემდეგ გასაგები ხდება - აი ის, რასაც არასწორად ვაკეთებთ. თუ იწყებთ ხმამაღლა ყვირილს, თუნდაც კეთილი სურვილებით, რათა სიტუაცია შეცვალოთ, ეს უბრალოდ არაეფექტური იქნება. მხოლოდ ფაქტებით შეიარაღებულს, უკვე რეალურად შეგიძლია თამაშის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა.

- 2015 წლის მსოფლიო თასზე, თქვენ ახალი ზელანდიის ნაკრებთან ერთად საქართველოს წინააღმდეგ ითამაშეთ. რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე მეტოქემ? შეინიშნება პროგრესი ქართველთა თამაშში? თქვენი აზრით, რა არ ჰყოფნით მათ უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ და რაზე უნდა იმუშაონ?

- საქართველოსთან თამაშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველა მათგანი ძლიერი ბიჭია და უმრავლესობა ევროპაში თამაშობს, ასე რომ, ხისტი თამაში გამოვიდა. მეტოქის ძლიერი მხარე იყო დაცვა და ჩვენ უკიდურესად გვიჭირდა მისი გარღვევა, რადგან ისინი ძალიან კარგად იყვნენ განლაგებული. ეფექტური დაცვის აწყობა უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი შეტევის შესაძლებლობებს ვერ იყენებდნენ, თამაში დაძაბული გამოდგა. და მიუხედავად იმისა, რომ მატჩის დაწყებამდეც დარწმუნებული ვიყავი მოვიგებდით, ამის მიღწევა იოლი ნამდვილად არ ყოფილა. მეტოქის ყველა მორაგბე ძალიან კარგი მოთამაშეა. მათ იციან როგორ ითამაშონ რაგბი, არიან პროფესიონალები და უფრო მაღალ დონეზე გასვლით განვითარებას განაგრძობენ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამ თამაშის შემდეგ მოედანი ზუსტად ისე დავტოვე, როგორც სხვა ნებისმიერი შემთხვევისას - გადაღლილი კუნთებით და განცდით, რომ ეს იყო ურთულესი ბრძოლა.

- თქვენი, კარტერის, სმიტის, ნონუს და სხვა საკვანძო მოთამაშეების ნაკრებიდან წასვლა, “ოლ ბლექსის” თამაშზე როგორ აისახება?

- “ოლ ბლექსის” ერთ-ერთი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მისი მოთამაშეები ხშირად იცვლებიან. არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და რა პოზიციაზე თამაშობ, აქ გუნდის ინტერესები ნებისმიერ ინდივიდზე მაღლა დგას. გამოჩნდებიან ახალი მოთამაშეები, რომლებიც ძველებს შეცვლიან და ამას თქვენ თითქმის ვერ შეამჩნევთ. რა თქმა უნდა, თავიდან ეს ცოტა უჩვეულო იქნება. თუმცა, ვფიქრობ, გუნდის შედუღაბების კუთხით ხარისხობრივი სამუშაო გავწიეთ და ახალი ლიდერები, რომლებიც შემცვლელად მოვლენ, საკუთარ როლს უპრობლემოდ შეითვისებენ. არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება იოლი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ის ბიჭები, რომლებიც გუნდში დარჩნენ, ძველებურ დონეზე განაგრძობენ თამაშს. მათგან ყველა ამის მოლოდინშია და ერთი სული მაქვს ვიხილო, როგორ განახორციელებენ ისინი ამას.

წყარო - www.worldrugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124153