ავტოსპორტი

22:16 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ ახალი ძრავი 900-ზე მეტი ცხენით

„მერსედესმა“ აღიარა, რომ ახალი სეზონისთვის მომზადებული ძალური დანადგარი ჯამში 900 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს და ის გაცილებით უკეთესია იმ აგრეგატზე, რომლითაც გასულ სეზონში, სამქიმიანებმა ზედიზედ მეორედ შეძლეს კონსტრუქტორთა თასზე და პილოტთა ჩემპიონატზე გამარჯვება. მეტოქეები იმედოვნებენ, რომ სამქიმიანებმა თავიანთი აგრეგატის პოტენციალი სრულად ამოწურეს, თუმცა „მერსედეს-AMG-ს“ ძრავების პროგრამის შეფი ენდი კოუელი ამბობს, რომ მათ ძრავს კიდევ ბევრის მიღწევა შეუძლია.

„გასულ სეზონში ჩვენ წინ უზარმაზარი ნაბიჯი გადავდგით. და ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც განვითარების პროცესი შეიძლება შეფერხდეს. ლიმიტისთვის არ მიგვიღწევია. თერმული ეფექტურობის მხრივ რასაც მივაღწიეთ, ამის წარმოდგენაც კი ძნელია“, - „მერსედესის“ ბრიქსუორტის ცენტრში, მედიასთან შეხვედრისას განაცხადა კოუელმა.

ფორმულა 1-ის თანამედროვე ძრავების რეგლამენტით, მთავარი სწორედ თერმული ეფექტურობაა, რადგან გუნდებს საწვავის შეზღუდული რაოდენობის გამოყენების უფლება აქვთ. ასეთი სიტუაციაში, რაც უფრო თერმო ეფექტურია ძრავი, მით მეტ ენერგიას გამოიმუშავებს. კოუელმა განაცხადა, რომ აჟამად „მერსედესის“ აგრეგატის სიმძლავრე, 900 ცხენის ძალაზე მეტია და ეს იმ პროგრესის შედეგია, რომელიც კომპანიას ახალი სეზონისთვის მზადებისას ჰქონდა.

კოუელის თქმით, გასულ სეზონში „მერსედესის“ ძრავის თერმული ეფექტურობა 45 პროცენტი იყო. ახალი სეზონისთვის მზადებისას კი პროგრესი ისეთივე სოლიდურია, როგორიც წინა სეზონისთვის მზადებისას იყო. ოღონდ, კოუელს სიმძლავრის გარდა, სხვა მახასიათებლები არ დაუკონკტერებია. მან მხოლოდ ის თქვა, რომ ასეთი პროგრესის მიუხედავად, აგრეგატს კვლავაც განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ განვითარებას გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ეს თანდათან სულ უფრო ძნელი იქნება. ბევრი ისეთი არეალია, სადაც მცირე წინსვლა შეგვიძლია. ეს ოქროს მოპოვებასავითაა - ბევრს მუშაობ, ბევრი მტვრის ყლაპვა გიწევს და უცებ ნახულობ დიდ თვითნაბად ნატეხს, რომელიც სიამოვნებას განიჭებს. ჩვენც ვპოულობთ ასეთ თვითნაბად ნატეხებს“, - ამბობს კოუელი და დასძენს, რომ ყველაზე მეტად, ძრავი თერმული ეფექტურობის მხრივ ვითარდება.

ოპტიმიზმის მიუხედავად, კოუელი დარწმუნებულია, რომ არც მეტოქეებს სძინავთ. ის დარწმუნებულია, რომ „ჰონდაც“ კი, რომელსაც გასულ სეზონში ჩავარდნა ჰქონდა, ყურადღების მიქცევას საჭიროებს. მისი თქმით, გასულ სეზონში „ფერარის“ უზარმაზარი წინსვლა ჰქონდა, რაც მათი გადაწყობის და ენთუზიაზმის შედეგია. „ჰონდამ“ კი გაკვეთილი მიიღო, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს. ამასთან, „მაკლარენსაც“ უზარმაზარი გამოცდილება აქვს, რაც სწრაფ წინსვლაში დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115712