ავტოსპორტი

2:25 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ში ძრავების სრულყოფის ტოკენების სისტემა გაუქმდება

ფორმულა 1-ში 2017 წლის სეზონიდან უარს იტყვიან ძრავების სრულყოფის სისტემაზე, რომელიც პირობითი ქულების, ეგრეთ წოდებული ტოკენების გამოყენებას ითვალისწინებს. ეს ნიშნავს, რომ ძრავების ოთხ მწარმოებელს, აგრეგატების სრულყოფაზე მუშაობისას, შეზღუდვები აღარ ექნება. ამასთან, მათ სიახლეების გამოყენების უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ მანქანაზე აგრეგატის ახალი ელემენტი, ან მთლიანად აგრეგატი, გეგმიურად შეიცვლება.

მწარმოებლების მხრიდან, ძრავების შეუზღუდავი სრულყოფის უფლების მიცემა მთავარი პირობა იყო იმის სანაცვლოდ, რომ მათ კლიენტებისთვის აგრეგატები გაეიაფებინათ. ტოკენების სისტემის ძირითადი არსი ის იყო, რომ მისი პირობითი ქულები თანდათან შემცირდებოდა, რის შემდეგაც, რეგლამენტი „ძრავების გაყინვის“ წესს დაუბრუნდებოდა. ამ დროს, აგრეგატების სრულყოფის პროცესი გაჩერდებოდა.

ძრავების განვითარების შეზღუდვის მთავარი მიზანი, აგრეგატებზე ფასების კონტროლი იყო. მაგრამ ძრავების მწარმოებლებს ეს არ აწყობდათ, რადგან საწყისი ჩამორჩენის აღმოფხვრაში ხელი ეშლებოდათ. ძრავების ოთხივე მწარმოებელს უკვე საკუთარი გუნდი ჰყავს და ძრავების სრულყოფაზე გაწეული ხარჯები, მხოლოდ მათი გუნდების ბიუჯეტებზე აისახება. კლიენტ გუნდებს კი ძრავებს შეღავათიან ფასში მიაწვდიან.

ძველი წესის შესაბამისად, გამოყოფილი ტოკენების რაოდენობა თანდათან უნდა შემცირებულიყო. კერძოდ, კომპანიებს 2017 წელს მხოლოდ 25 პირობითი ქულა ექნებოდათ, შემდგომ სეზონში ქულების რიცხვი 20-მდე შემცირდებოდა, 2019 წელს კი მხოლოდ 15-მდე. ამავე რეგლამენტის მიხედვით, ტოკენების მოქმედების ბოლო ორ სეზონში, მწარმოებლებს სეზონზე მხოლოდ სამი ტოკენის გამოყენების უფლება ექნებოდათ.

მომავალ სეზონზე, ძრავების მწარმოებელთა განკარგულებაში 32 ტოკენია, რაც მათ ძალური დანადგარის დაახლოებით 48 პროცენტით მოდიფიცირების უფლებას აძლევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120483