ავტოსპორტი

16:17 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ტოიოტა“ ლოების და სოლბერგის გადაბირებას ცდილობს

2017 წლიდან „ტოიოტა“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება. მაგრამ ჯერ პილოტები არ შეურჩევია. როგორც იაპონური კომპანიის WRC გუნდ „ტოიოტა გაზუ რეისინგის“ შეფი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ტომი მაკინენი ამბობს, „სიტროენის“ პილოტმა კრის მიკმა და „ფოლკსვაგენის“ სებასტიან ოჟიემ მის გუნდში გადასვლაზე უარი განაცხადეს.

ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას, მაკინენმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონ პეტერ სოლბერგს შეხვდა და სპორტში დაბრუნება შესთავაზა: „პეტერთან ერთად, რამდენიმე გეგმა განვიხილეთ. ყველამ ვიცით, რომ ის მსოფლიო ჩემპიონია და ძალიან სწრაფი პილოტია. მას რალიქროსში საკუთარი გუნდი ჰყავს, მაგრამ შესაძლოა, ერთად რაღაც გამოგვივიდეს“.

თავის მხრივ, სოლბერგმა მსოფლიო ჩემპიონატზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, ინტერესი გამოხატა. ის ამბობს: „იქნებ, WRC-ში დასამთავრებელი საქმე კვლავაც დამრჩა. საინტერესო იყო ტომისთან საუბარი. მან მითხრა, რომ „ტოიოტას“ დიდი გეგმები აქვს“.

მაკინენი ამბობს, რომ ჯერჯერობით სებასტიან ლოებთან არ უსაუბრია. თუმცა არ მალავს, რომ მსოფლიოს ცხრაგზის ჩემპიონის დაყოლიების იმედი აქვს: „მე სებასტიანს არ შევხვედრივარ და მასთან ეს საკითხი არ განმიხილავს. თუ ის დაინტერესებას გამოავლენს, რა თქმა უნდა, დაველაპარაკები. ყველამ ვიცით, რომ ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტია და კვლავაც ძალიან კარგ ფორმაშია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113042