ბლოგი

16:02 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მესის მზერა

რომ შეხედავ ხომ ჩანჩურა ვინმეა, ხომ სულ თავდახრილი დადის და საუბრის დროსაც ბევრს არაფერს ამბობს გულმისავალსა და კბილჩასაჭიდს, მაგრამ ლეო მესისაც აქვს რაღაც "ისეთი", ჩვენში რომ სიგიჟედ და ცეცხლოვნად უხმობენ. რაღაცნაირად იცის ხოლმე გამოხედვა, როდესაც საჯარიმოს დასარტყმელად მიდის. ძალიან რაღაცნაირად... ქვემოდან იხედება, ცოტა ქვეშქვეშა მზერით და ერთგვარი ნიშნის მოგებაც კი იგრძნობა ამ მზერაში - თქვენ რა იცით ახლა მე თავში რა ფიქრები მიტრიალებსო. მერე გამოირბენს, დაარტყამს ბურთს და ისე კოხტად შეაბზრიალებს კარში - თქვენი მოწონებული.

როდესაც მესის ასეთი მზერა არა აქვს, უკვე ვიცი, რომ ის იმ თამაშში ვერ იქნება ისეთი, როგორ მესისაც აგერ ამდენი წელია მივეჩვიეთ. როდესაც მესის თვალებში ის ველური ცეცხლი უქრება, მისი შემტევი ბუნება და ხასიათი სადღაც ქრება და ბედს შეგუებული კაცივით უილაჯოდ ირჯება. ასეთი შემთხვევები არცთუ ბევრია, მაგრამ როგორც გვახსოვს განსაკუთრებით ხშირად მაშინ ემართება, როდესაც არგენტინის ნაკრების მაისური აცვია. მესის "გაშტერების" მიზეებზე სხვებმაც ბლომად წერეს და ჩვენც არ დაგვიკლია "მკითხაობები". ამიტომ, ალბათ აღარც ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება. წანამძღვარი კი აგერ უკვე მოგახსენეთ.

მარადონა როცა ეიფორიაში იყო და ემოციები გადმოსდიოდა, ხელებს დირიჟორივით იქნევდა, საკუთარი კიდურების დამორჩილება მოედანზეც უჭირდა და მოედნის გარეთ ხომ საერთოდ ცნობილი შეშლილი გახლდათ. გაბრაზებული ზიდანი თავით თუ მუშტით იგერიებდა "მომხვდურთ" და ამ დროს მარსელიდან, ტურინიდან თუ მადრიდიდან ჩვენამდე მოდიოდა, "ზიზუს" გარეუბნული სულის მცხუნვარება. პელე თუ გაბრაზდებოდა, ისეთ ხმაზე იგინებოდა და ისეთ სიტყვებს ხმარობდა, მსგავსი "კეთილსიტყვიერება" საქართველოში მხოლოდ მიტინგებზე თუ მიგვისმენია. პაოლო მალდინი მშვიდი და გულჩახვეული კაცია, ამიტომ, სიბრაზეს და ემოციებს მოედანზე ნაკლებად გამოხატავდა, მოედნის იქით კი დასახვრეტად გაყვანილივით ზედიზედ აფუილებლდა სიგარეტებს. '

ლეო მესი კი არც ყვირის, არც ხელებს იქნებვს, არც სიგარეტს აფუილებს და ცემა-ტყეპაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ლეო მესის ქარიზმა და ცეცხლი ფეხებში აქვს და ეს სწორედ ის ცეცხლია, რომელიც ხანდახან თვალებში უელავს და ამ ელვარების დანახვაა მისი ბუნების შეცნობის უპირველესი გზა და ხერხი. მესის შეცნობა კი მართლაც არაა ადვილი საქმე.

ჩია არგენტინელს არასოდეს ხიბლავდა ვრცელი ინტერვიუები, გრანდიოზული შოუები, ბულვარული მედიის ყურადღება და სხვადასხვა "ბრჭყვიალა" მიღებებზე ყალბი ღიმილი. არც ახლა ხიბლავს, მაგრამ იძულებულია, გარემოსა და ეპოქის მოთხოვნებს ანგარიში გაუწიოს. ერთ რამედ ღირს "ასფურცელას" შესამოსელის მსგავს უცნაურ და სასაცილო კოსტუმში გამოწყობილი მესის ცქერა, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს, რაც შეიძლება საინტერესოდ ილაპარაკოს თავის ცხოვრებაზე და კარიერაზე, მაგრამ მესიმაც და რეპორტიორებმაც კარგად იციან, რომ ამ საქმიდან საბოლოოდ მაინც ბევრი არაფერი გამოვა.

მესი საშინლად ცუდი რესპიდენტია, მესის ცხოვრება უინტერესოა და მოსაწყენი, მესის ცოლი ნამდვილად არაა ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი და არც თავად ლაიონელია ბერძნული მითიდან გადმობობღებული ბრგე ვაჟკაცი. მაგრამ მესის აქვს შეუგფასებლად დიდი ნიჭი, სასწაულისმქმნელი ფეხები და თვალებში ისეთი ნაპერწკლები უელევს, როგორიც აქამდე სხვა ფეხბურთელის თვალებში არასოდეს შემინიშნავს. ეს მესის ბრწყინვალების ნაპერწკლებია! მესი ამითაა უპირველესი!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11376