ფეხბურთი

11:14 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დრო, როდესაც გვეფეხბურთებოდა

მახსოვს ასე, 20-25 წლის წინ, როგორი დიდი სამზადისი იყო თბილისში გასამართი მნიშვნელოვანი მატჩების წინ. ეს იყო საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე და ასევე შემდგომაც, როდესაც ჩვენმა კლუბებმა და ნაკრებმა ევროპაში თამაში “დიდი ძმების” დაუხმარებლად” დაიწყეს. ახლა რა თქმა უნდა აბსურდი იქნება ძველი ამბების გამოტირება და წარსულზე ცრემლით ლაპარაკი, მაგრამ მაშინ ბევრად უფრო კარგი ფეხბურთი რომ გვქონდა, ამაზე მგონი კამათიც არ ღირს. არადა, ქვეყანა მთლიანად იყო ჩამოშლილი და როგორც მაშინ იცოდნენ ხოლმე თქმა “არავის ეფეხბურთებოდა”.

მატჩებისწინა სამზადისზე გიყვებოდით... ეს სამზადისი იყო გამორჩეულად საინტერესო და მე თუ მკითხავთYისტორიული. თბილისში – მთელს ქალაქში დიდი და პატარა მოახლოვებულ თამაშებზე მსჯელობდა, იყო გაძვრომა და გამოძვრომა მატჩის ბილეთების მოსაპოვებლად. მინახავს როგორ კერავდნენ სკოლის მოსწავლე გოგონები მაშინ არცთუ ადვილად საშოვნელ საქართველოს შინდისფერ დროშას, როგორ გამოფინეს დიდუბელმა გულშემატკივრებმა “დინამო”-“ბოავიშტას” მატჩზე დიდი პლაკატი წარწერით “გადაგივლით!” და სხვანი და სხვანი. ასეთ დროს მგონია, რომ მეც და ჩემი თაობაც ნამეტნავად ვემსგავსებით იმ მოხუცებს, რომლებიც ძველ ამბებს დიდი ნოსტალგიითა და გაცისკროვნებული თვალებით იმიტომ იხსენებენ, რომ მაშინ ახალგაზრდები იყვნენ და როდესაც ახალგაზრდა ხარ, რა თქმა უნდა ყველაფერს სულ სხვანაირად უყურებ... ალბათ არც უმაგისობაა, მაგრამ, ყველანი ხომ ვხედავთ დიდ სხვაობას მაშინდელ ფეხბურთსა და დღევანდელს შორის და ამაზე ყველაზე კარგად მისი აღმატებულება, სტატისტიკაც მეტყველებს.

მაშინ არ იყო არც ე.წ. ფან-კლუბები, არც ქომაგთა გაერთიანებები და მსგავსი ევროპული კოხტა რამეები. მაშინ არ იყიდებოდა “დინამოსა” თუ სხვა ქართული კლუბების კაშნეები და ამუნიციები. ეროვნული ნაკრების მაისურებიც კი ძალიან რთულად საშოვნელი რამ იყო და სახეზე ვცნობდი იმ ბედნიერ ბიჭებს, რომლებმაც მოახერხეს და ფეხბურთელებს გამოართვეს მაისურები. ეს მათი მხრიდან იყო მოხერხებულობის რაღაც დიდი მწვერვალი და ნაღდად გვშურდა მათი.

ცალკე საკითხია ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან მაისურების ჩუქება, რადგან გასული საუკუნის 90-იან წლებში ქართული გუნდების აბსოლუტური უმრავლესობა ფეხბურთელებს ერთი და მაქსიმუმ ორი წყვილი ეკიპირებით მოსავდა. ამის გამო, ჩვენი ფეხბურთელები არაერთხელ ჩავარდნილან უხერხულ მდგომარეობაში, როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ მოწინააღმდეგეებს მისურების გაცვლა შეუთავაზებიათ. ჩვენებს რაკი მხოლოდ ერთი მაისური ჰქონდათ, ათასგვარ ტყუილ-მართალს იმიზეზებდნენ, რომ მაისურების ეს არასასურველი გაცვლა აერიდებინათ თავიდან. გაცვლიდნენ და დარჩებოდნენ მაისურის გარეშე.

გამარჯვევების შემდეგ, მახსოვს გახარებული სრულიად უცნობი ადამიანები ერთად დავბოდიალობდით ეროვნული სტადიონის მიმდებარე ქუჩებში, ძირითადად კი წერეთლის გამზირზე და რაკი ქომაგობის ტრადიცია ნაკლები გვქონდა, ალაგ-ალაგ უცნაურ ფრაზებს ვისროდით. მაგალითად “ჯიგრები ხართ!”, “აი ეგრეე!” და სხვანი. თუკი ვინმეს ჯიბეში ორი კაპიკი აღმოაჩნდებოდა, გარშემო მყოფ რამდენიმე ადამიანს ბოთლ ლუდზე პატიჟებდა და დიადი სანახავი იყო ღამით, ქუჩაში, საძაგელ ჯიხურებთან მდგარი ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მომავლის კოშკებს ერთად აგებდნენ და ყველას გულწრფელად სჯეროდა, რომ ჩვენი ნაკრები თუ კლუბები აუცილებლად გავიდოდნენ სადღაც “წინ” და აუცილებლად დადგებოდა ჩვენი დრო.

დღეს უფრო პრაგმატულები გავხდით და დღევანდელმა ბიჭებმა ინტერნეტის ძალმოსილებით ბევრად მეტი იციან თანამედროვე ფეხბურთზე ვიდრე მაშინ ჩვენ ვიცოდით. ჩვენი მაშინდელი ოცნებები და ილუზიები თუნდაც საქართველოს ნაკრების მომავალთან დაკავშირებით, ახლა ალბათ ძალიან სასაცილოდ მოჩანს. მაგრამ, რაზეც ყველაზე მეტად მაქვს ნოსტალგია და რაც მართლა არასოდეს დამავიწყდება, ესაა ის გულრწფელი ქომაგობა და ალალი იმედები, რაც მაშინ ქართული ფეხბურთისადმი გაგვაჩნდა. თანამედროვე ქართულ (და ალბათ არამხოლოდ ქართულ) ფეხბურთს ყველაზე მეტად ეს აკლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112904