ფეხბურთი

22:32 | 4.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონას” “მესტალიაზე” განახევრებული “ვალენსია” დაუხვდება

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ცენტრალური შეხვედრა “მესტალიაზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ვალენსია” შესანიშნავ ფორმაში მყოფ “ბარსელონას” უმასპინძლებს.

“ღამურები” მოახლოებულ შეხვედრას უამრავი პრობლემით ხვდებიან. გასულ კვირას “სევილიასთან” მარცხის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი ნუნუ ესპირიტო სანტომ დატოვა. მის ნაცვლად, “ვალენსიას” სეზონის ბოლომდე გარი ნევილი გაწვრთნის, რომლის წარდგენაც გუშინ მოხდა და მუშაობას კვირიდან შეუდგება. ხვალ კი, “ღამურებს” სალვადორ გონსალეს ვორო უხელმძღვანელებს, ხოლო “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მცველი ახალ შეგირდებს ტრიბუნებიდან უყურებს.

სამწვრთნელო ცვლილებების გარდა, “ლოს ჩეს” სერიოზული პრობლემები აქვს შემადგენლობის მხრივ. მასპინძლებს ფაქტობრივად ყველა პოზიციაზე მინიმუმ ერთი მოთამაშე დააკლდებათ. ტრავმირებულია ერთბაშად რვა მოთამაშე, ხოლო ორი დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, “ვალენსიას” ხვალინდელ მატჩში 10 მოთამაშე დააკლდება, რაც ბრწყინვალე ფორმაში “ბარსელონასთან” კი არა, ნებისმიერ საშუალო დონის გუნდთან სერიოზული დანაკლისია. იმ გუნდთან კი, რომელმაც “რეალი” მისსავე მოედანზევე გაანადგურა (4:0) და შემდეგ “რომა” უარეს დღეში ჩააგდო (6:1), 10 მოთამაშის გამოკლება ძალიან დიდი უიღბლობაა და წარმატების ისედაც მცირე შანსს (გუნდების ბოლო დროინდელი თამაშის გათვალისწინებით), კიდევ ბევრად ამცირებს.

“ვალენსიას” ყველაზე სერიოზული პრობლემა დაცვის მარჯვენა ფლანგზე აქვს. ჟოაო კანსელო დისკვალიფიცირებულია, ხოლო ანტონიო ბარაგანი ტრავმირებულია. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე გარჯა ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს რუბენ ვეზოს მოუწევს. მარჯვენა მცველები გარდა, ტრავმების გამო არ იქნებიან: დიეგო ალვეში, შკოდრან მუსტაფი, ლუკას ორბანი, ანდრე გომეში, როდრიგო მორენო, სოფიან ფეგული და ალვარო ნეგრედო, ხოლო ხავი ფუეგო დისკვალიფიცირებულია. ასეთი დანაკლისის გამო, ვორომ ახალგაზრდული გუნდიდან ერთბაშად ოთხ მოთამაშეს: დიალოს, ტროპის, ნაჩო ხილსა და ფრან ვილალბას უხმო.

“ღამურები” ამ მომენტისთვის 19 ქულით მე-9 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩებიან.

მეტოქისგან სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა “ბარსელონას” ბანაკში. კატალონიური კლუბი ბრწყინვალე ფორმაშია, ყველას ანადგურებს და უახლოეს მდევარ მადრიდის “ატლეტიკოსთან” ოთხქულიანი ჰანდიკაპი აქვს. “ბლაუგრანამ” ბოლოს “ვალენსიას” მსგავსად, “სევილიასთან” წააგო – ოღონდ 3 ოქტომბერს და მას შემდეგ “ბარსელონამ” ყველა შეხვედრა მოიგო, გარდა “ვილანოვენესთან” გამართული სათასო მატჩის პირველი რაუნდის მატჩი, სადაც ლუის ენრიკემ მთლიანად გადახალისებული შემადგენლობა ათამაშა, ხოლო საპასუხოდ მატჩში სუსტი მეტოქე იოლად გაანადგურეს “ნოუ კამპზე” და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

“ბარსელონამ” ნოემბერში 6 შეხვედრა გამართა და ყველა მატჩში მინიმუმ სამბურთიანი სხვაობით იმარჯვა, ხოლო უკანასკნელ 4 დაპირისპირებაში ორ-ორში ერთნაირი ანგარიში დააფიქსირეს: “ვილანოვენსესა” და “რომას” 6:1 სძლიეს, ხოლო “სოსიედადსა” და “რეალს” ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს.

ლუის ენრიკემ “ვილანოვენსესთან” მატჩში ლიონელ მესის დასვენების საშუალება მისცა, რაზეც ბევრს ეჭვი გაუჩნდა, რომ არგენტინელს ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ მოირჩინა, მაგრამ “ბლაუგრანას” თავკაცის თქმით, მესი ჯანმრთელადაა და მომავალი შეხვედრისთვის მზადაა. მესის გარდა, “ვილანოვენსესთან” ლუის სუარესმა და ნეიმარმა დაისვენეს, რომელთაც მიმდინარე ლა ლიგაში ერთად 26 გოლი აქვს გატანილი.

ერთადერთი, რასაც კატალონიელთა ბანაკში არეულობის შეტენა და ხასიათის გაფუჭება შეეძლო, ხავიერ მასკერანოს ამბავია, რომელსაც გადასახადების დამალვის გამო ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად, სოლიდური თანხის გადახდით, არგენტინელი პატიმრობას გადაურჩება.

“ბლაუგრანა” ტრავმების გამო რაფინიას, რობერტოს, დუგლასსა და ყოფილ “ვალენსიელს” ჟერემი მატიეს მოისაკლისებს, რომელიც ხვალ “მესტალიაზე” შეკრებილი პუბლიკის რისხვას აცდება, რასაც ვერ ვიტყვით მეორე ექს-ვალენსიელ ხორდი ალბაზე, რომელსაც გამაყრუებელი სტვენა და ძალიან ცუდი დახვედრა ელოდება (მატიეს და ალბას მოღალატედ თვლიან ვალენსიაში).

გასულ სეზონში “მესტალიაზე” გამართული ამ კლუბების დაპირისპირება “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსმა გაიტანა.

23:30 ვალენსია - ბარსელონა

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, სანტოსი, აბდენური, ვეზო, გაია, ბარბოსა, პერესი, პარეხო, ბაკალი, მინა, ალკასერი.
მწვრთნელი: სალვადორ გონსალეს ვორო

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

მსაჯი: ხაიმე ლატრე

19:00 რეალი - ხეტაფე

მინი-მადრიდული დაპირისპირება შედგება “სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც მე-3 ადგილზე მყოფი მადრიდის “რეალი” “ხეტაფეს” დაუხვდება.

“ბლანკოსის” რიგებში დაძაბული ვითარებაა და მოახებულ მატჩს ძალიან ცუდი განწყობით ხვდებიან. იმის გამო, რომ “კადისთან” მოგებულ სათასო მატჩში დენის ჩერიშევმა ითამაშა, ქვედალიგური კლუბის პრეზიდენტმა “რეალს” უჩივლა და სარჩელიც მოიგო. “ბლანკოსი” ესპანეთის თასიდან მოიკვეთა და შემდეგ ეტაპზე “კადისი” ითამაშებს.

ხვალინდელ მატჩში მადრიდელები გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ და ეცდებიან, რომ მთელი ჯავრები “ხეტაფეზე” იყარონ. “ბლანკოსს” სერიოზული პრობლემების აქვს დაცვის ხაზში. ტრავმირებულნი არიან: კარვახალი, რამოსი და ვარანე. ამრიგად, რაფაელ ბენიტესს მხოლოდ ოთხი მცველი ჰყავს განკარგულებაში. მასპინძლებს ისკოც არ ეყოლებათ, რომელიც დისკვალიფიცირებულია.

“ხეტაფეს”, რომელიც 14 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება ხუან როდრიგესი ჰყავს დისკვალიფიცირებული, ხოლო “რეალის” ყოფილი მოთამაშე მედრანი ტრავმირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-2-3-1): ნავასი, ნაჩო, პეპე, არბელოა, დანილო, კროოსი, მოდრიჩი, ხამესი, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ალექსისი, კალა, ლაგო, დ.სუარესი, ლასენი, ვ.როდრიგესი, სარაბია, ლაფიტა, ლეონი, ა.ვაზკესი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

მსაჯი: მატეუ ლაოსი

21:15 გრანადა - ატლეტიკო

“ბარსელონას” უახლოესი მდევარი მადრიდის “ატლეტიკო” გასვლაზე “გრანადას” დაუპირისპირდება და დაგეგმილი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. “როხიბლანკოს” ტრავმების გამო ჯექსონ მარტინესი და ტიაგო მენდეში დააკლდებიან, რომელმაც გასულ ტურში ფეხი მოიტეხა და რამდენიმე თვეს იუქმებს. სტუმართაგან ყველაზე სახიფათო ანტუან გრიზმანია, რომელსაც 6 გოლი აქვს გატანილი და მადრიდელთაგან საუკეთესო მეგოლია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს გოლების გატანა უჭირს (18 გოლი მხოლოდ). სამაგიეროდ, უკანახაზი გამოიყურება მშვენივრად და კლუბს ყველაზე ცოტა, 6 ბურთი აქვს გაშვებული.

“გრანადას”, რომელც მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ერთი ქულა აშორებს, ორი მოთამაშე დააკლდება: რენე კრინი ტრავმირებულია, ხოლო ხავი მარკესი დისკვალიფიცირებულია.

სავარაუდო შემადგენლობები

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, ბაბინი, მ.ლოპეში, ბირაგი, აგბო, ფ.რიკო, როჩინა, საკსესი, იბანესი, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, საული, კოკე, კარასკო, ფ.ტორესი, გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: პრიეტო იგლესიასი

01:00 დეპორტივო - სევილია

ძალიან საინტერესო მატჩი შედგება “რიასორზე”, სადაც მიმდინარე სეზონში მშვენივრად მოთამაშე “დეპორტივო” ანდალუსიურ “სევილიას” მიიღებს, რომელიც მიმდინარე ლა ლიგაში ძირითადად მხოლოდ ძლიერი კლუბების დამარცხებით შემოიფარგლება.

გალისიური კლუბი ამ მომენტისთვის მე-5 ადგილზეა, ხვალინდელ მეტოქეს 3 ქულით უსწრებს და ამდენივეთი ჩამორჩება თანარეგიონელ “სელტას”, რომელიც მასზე ერთი საფეხურით წინ იმყოფება.

ვიქტორ სანჩესი ხვალინდელი მატჩისთვის ლუის ალბერტოსა და სელსო ბორგესს მოისაკლისებს, ხოლო უნაი ემერის ბეტოს, პარეხას, კარიცოს, კაკუტასა და ანდრეოლის დახმარების იმედი არ ექნება.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებენ ალეხანდრო არიბასი და ფერნანდო ნავარო, რომლებიც “დეპორტივოში” ზაფხულში გადავიდნენ “სევილიადან”.

სავარაუდო შემადგენლობები

დეპორტივო (4-4-2): ლუქსი, არიბასი, სიდნეი, ფ.ნავარო, ხუანფრანი. Mოსკერა, ბერგენტინოსი, კანი, ლუისინიო, ხ.როდრიგესი, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, კოლოძიეჩაკი, რამი, ესკუდერო, მარიანო, ნ’ზონზი, კრიხოვიაკი, იბორა, ვიტოლო, კონოპლიანკა, გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა

“რიასორზე” გასამართი მატჩის პარალელურად, “ბენიტო ვილამარინზე” კიდევ ერთი ანდალუსიურ-გალისიური დაპირისპირება შედგება: “ბეტისი” ვიგოს “სელტას” უმასპინძლებს.

ტური კვირას გასამართი ოთხი მატჩით გაგრძელდება:

15:00 სოსიედადი – ეიბარი
19:00 ვილიარეალი – რაიო ვალეკანო
21:15 ხიხონი – ლას პალმასი
23:30 ბილბაო – მალაგა

დასკვნითი მატჩი კი ორშაბათს გაიმართება. “ესპანიოლი” “კორნელია ელ პრატზე” ვალენსიურ “ლევანტეს” უმასპინძლებს.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114982