სხვა

13:01 | 1.12.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახი კახიაშვილი: “გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა”

საქართველოს ოლიმპიურ ლიცენზიანტთა რიგებს სამი ძალოსანი შეემატა. ეს ამბავი აშშ-ს ქალაქ ჰიუსტონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, სადაც ცხრა სპორტსმენმა იასპარეზა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია საბოლოო გუნდურ ოლიმპიურ რეიტინგს არაუგვიანეს 4 დეკემბერს გამოაქვეყნებს და ოფიციალურად დადასტურდება, რომ რიო დე ჟანეიროში სხვებთან ერთად საქართველოც იქნება წარმოდგენილი.

ამერიკაში ქართველთაგან ყველაზე უკეთ 22 წლის საჩხერელი მძიმეწონოსანი ლაშა ტალახაძე გამოვიდა, რომელმაც შეჯიბრების ბოლო დღეს ორჭიდში 454 კგ. მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ლაშამ ატაცში ასევე მეორე შედეგი (207 კგ) აჩვენა და ვერცხლის მედალი მიიღო, აკვრაში კი 247-კგ-ით მესამე იყო.

აღსანიშნავია, რომ ქართველ ძალოსნებს მსოფლიოს ჩემპიონატის მედალი 2002 წლის შემდეგ არ მოუპოვებიათ. მაშინ ვერცხლის პრიზიორი გახდა გიორგი ასანიძე, რომელიც ამჟამად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

ორწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ (რაც დოპინგთან დაკავშირებულმა პრობლემამ გამოიწვია), ნიჭიერმა ახალგაზრდა სპორტსმენმა მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საუცხოო შთაბეჭდილება დატოვა და საყოველთაო ყურადღებაც მიიპყრო.

ჰიუსტონის ფიცარნაგზე სწორედ ტალახაძის წარმატებულმა გამოსვლამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა კარგი საბოლოო გუნდური შედეგი, თუმცა სალიცენზიო ქულები ნაკრების სხვა წევრებმაც აიღეს.

კიდევ ერთი მძიმეწონოსანი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე საუკეთესო იყო "ბ" ჯგუფში, საბოლოო ცხრილში კი მე-12 ადგილი ერგო – 422 კგ (202+220). ორჭიდში 375 კგ (168+207) მოაგროვა და მე-17 ადგილზე გავიდა 18 წლის გიორგი ჩხეიძე, რომელიც 205 კგ კატეგორიაში გამოდის. ამავე წონაში 25-ე იყო გია მაჭავარიანი - 355კგ (165+190). მე-20 ადგილი დაიკავა რაულ ცირეკიძემ (95 კგ) - 356 კგ (160+196), 24-ე - გიორგი ლომთაძემ (77 კგ) - 331 კგ (149+182), 27-ე - შოთა მიშველიძემ (69 კგ) - 300 (140+160).

ქალთა ტურნირში მძიმე წონის სპორტსმენთა შორის მე-12 იყო გუნდის უკრაინელი ახალწვეული ანასტასია გოტფრიდი (მძიმე წონა) - 263 კგ (121+142), რომელსაც ინდივიდუალური ლიცენზიის მოპოვების კარგი შანსი აქვს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატის კიდევ ერთ ახალბედა მონაწილეს, 22 წლის თათია ლორთქიფანიძეს (63 კგ), მას 33-ე შედეგი ჰქონდა - 174 კგ (79+95).

ჰიუსტონში გამართულ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს წინ უძღოდა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესი, სადაც გადაწყდა, რომ 2016 წლის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში გაიმართება.

როგორც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ წლეულს მაღალ დონეზე უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს და თბილისის კანდიდატურას ამიტომაც ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი:

“ვფიქრობთ, ასევე წარმატებით გავართმევთ თავს მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელიც უდავოდ ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ძალოსნობის პოპულარიზაციას. ჩვენ გვყავს არაერთი ნიჭიერი ძალოსანი და ეს კარგად გამოჩნდა ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ჩვენმა გუნდმა შეასრულა დასახული ამოცანა – მოვიპოვეთ გუნდური ლიცენზია და საქართველოში სამი მედლით ვბრუნდებით. პირველ ყოვლისა, მინდა დიდი წარმატება მივულოცო ლაშა ტალახაძეს, რომელიც კიდევ ბევრჯერ გვასახელებს და ამისი ყველა მონაცემი აქვს.

მთელმა გუნდმა შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, რათა მსოფლიოს 24 საუკეთესო ნაკრებს შორის მოვხვედრილიყავით და გუნდური ლიცენზია აგვეღო. ახლა უკვე მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ მზადებას რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანა”.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122675