ფეხბურთი

17:51 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: “შედეგი კატასტროფული იყო და ამისათვის გულშემატკივარს ბოდიშს კიდევ ერთხელ ვუხდი”
“ჩვენი მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის განცხადებით, ფეხბურთში მთავარი შედეგია, მნიშვნელობა არ აქვს ოფიციალური იქნება მატჩი თუ ამხანაგური ხასიათის. განსაკუთრებით კი, ეროვნული ნაკრების დონეზე. მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მთავარი პრობლემა მენტალიტეტშია. ამის შესახებ ცხადაძემ “მიხეილ მესხის” სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში თქვა, სადაც იგი ჟურნალისტებს შეხვდა და ნოემბრის თვეში ჩატარებული ორი ამხანაგური თამაში შეაფასა.

“შედეგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად უნდა გადიოდეს, მითუმეტეს ნაკრებში. თუმცა, ამხანაგურ თამაშსაც თავისი დატვირთვა აქვს, კლუბში უფრო ადვილია შეთამაშება, ვიდრე სანაკრებო დონეზე. ესტონეთთან თამაშს ჯამში ძალიან უარყოფითად შევაფასებ. ამ მატჩმა ბევრი რამ დაგვანახა, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. სპარინგები იმისთვისაა, რომ გამოვცადოთ და შანსი მივცეთ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ოფიციალურ თამაშში ამის ნაკლები შესაძლებლობა აქვთ. ასე იყო ესტონეთშიც – ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვათამაშე, რომლებსაც მაინტერესებდა თუ რა შეეძლოთ ეროვნული ნაკრების დონეზე, მინდოდა დამენახა მათი შესაძლებლობები მოედანზე. გარდა ამისა, ნაკრებში თამაშს ფსიქოლოგიურადაც სხვა დატვირთვა აქვს. რაც შეეხება თვითონ შედეგს, რა თქმა უნდა, კატასტროფული იყო და ამისათვის ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს კიდევ ერთხელ ვუხდი”.

ეიფორია გერმანიის თამაშის შემდეგ და მოკლე სათადარიგო სკამი

“მეკარეების მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს. გიორგი ლორიამ ბოლო ორ თამაშში კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რა დონის მეკარეა. ნუკრი რევიშვილზე ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით. სხვათა შორის, გიორგი მაკარიძეც ძალზე მაღალ დონეზე თამაშობს და ამ პოზიციაზე საფიქრალი ნაკლებად მაქვს. ჩვენი მთავარი პრობლემა მინდვრის მოთამაშეებშია – არ გვყავს ჯანო ანანიძის სრულფასოვანი შემცვლელი და სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ მოვძებნოთ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის წევრებს უმტკივნეულოდ ჩაანაცვლებენ. ალბანეთთან თამაში ფრედ არანაირი ლოგიკით არ უნდა დასრულებულიყო, მითუმეტეს, რომ 2:0 ვიგებდით, მაგრამ ბოლოს ყურადღება მოვადუნეთ. ამ შეხვედრაში ჩემთვის მთავარი პოზიტივი გიორგი ჭანტურიას თამაში იყო. მგონი პირველად მოხდა, რომ ნაკრებში 90 წუთი მაღალ დონეზე ითამაშა. მიხარია, რომ გერმანიაში მოხვდა. მასაც ვუთხარი და გავიმეორებ, რომ თუ მოინომებს და მწვრთნელებს დაუჯერებს, გერმანიაში მას უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოაყალიბებენ. გვყავს დაუშვილი, რომელსაც დაცვით ფუნქციების შესრულება ძალზე კარგად შეუძლია, მაგრამ იმ ტაქტიკით, რასაც ვთამაშობთ, ორი ჩამშლელი ნახევარმცველით თამაში არაფერში წაგვადგება. წინ გვყავს ყაზაიშვილი, ჭანტურია და ოქრიაშვილიც. იმედია, თორნიკე დაიბრუნებს ძველ სათამაშო ფორმას და ისეთ გუნდს იპოვის, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. აქვე უნდა აღვნიშნო სანდრო კობახიძე, რომელსაც შესანიშნავი საფეხბურთო განათლება აქვს. მას რამდენიმე პოზიციაზე კარგად შეუძლია თამაში და ეს ძალიან კარგია. მთავარია, რომ ყველა რგოლში გვყავდეს ძირითადი შემადგენლობის წევრების შემცვლელები. ამჟამად საქართველოს ჩემპიონატიდან ნაკრების ძირითადის წევრად მხოლოდ გიორგი ნავალოვსკი მოიაზრება და გული მწყდება, რომ აქ დაბრუნების შემდეგ რეგრესს განიცდის. მისი თამაში ამხანაგურებში ნამდვილად არ მომეწონა და მას მეტი შეუძლია. მე მჯერა ოთარ კაკაბაძისიც. კარგი ბიჭია და სწორედ მას მოვიაზრებ მომავალში ნაკრების ძირითად მარჯვენა მცველად. უკვე ვესაუბრე და ვუთხარი ის კომპონენტები, რომელზეც უნდა იმუშაოს. თუმცა, ახლა ძირითადის წევრი ლობჟანიძეა. რაც შეეხება ეიფორიას, ეს ნაკლებად მგონია. ჩვენი მთავარი პრობლემა უფრო მენტალობაშია. თუ დააკვირდებით, ბოლო თამაშებში ერთადერთი გოლი გავუშვით პირველ ტაიმში, დანარჩენი მეორეში და ძირითადად ბოლო 15 წუთში. ფეხბურთელი, როცა ბურთის მოშორებას დაიწყებს და თამაშზე მეტად იმაზე ფიქრობს, თუ როდის დამთავრდება თამაში, წარმატებას ვერ მიაღწევს. ამიტომაც საჭიროა ბურთის ხშირი კონტროლი. როდესაც უბურთოდ ხარ, უფრო მეტი სირბილი გიწევს, რაც თავისთავად დაღლას მალევე იწვევს”.

კუპერის დროინდელ ე.წ. სამშაბათობაზე და ერთნაირი ტაქტიკით მოთამაშე ასაკობრივი ნაკრებები

“ეს ძალიან კარგი იქნება და მეტიც, მქონდა იდეა, რომ თვეში ერთი სათამაშო ციკლი ამისთვის გამომეყო, მაგრამ გუნდებიდან ფეხბურთელების გამოშვებაზე იქმნება პრობლემები. კუპერის დროს უშვებდნენ, რადგან უცხოელი იყო, მაგრამ ახლა ასე არაა. რაც შეეხება ერთნაირ ტაქტიკას, რომელიც ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული, ფანტასტიური იქნებოდა. საერთოდ, არსებობს ერთი ძირითადი სქემა და შემდეგ მოდიან ისეთი ტაქტიკური მონახაზები, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევებში ანაც თამაშის ბოლო ნაწილში გამოიყენება. ერთანაირი სქემა მართლა კარგი იქნებოდა, რადგან ასაკობრივი ნაკრებებიდან ისეთი ფეხბურთელები მოვიდოდნენ ჩემამდე, რომლებიც ჩვენს სქემას ადვილად შეეწყობოდნენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით დაცვაში თამაშისას ვაწყდები სქემასთან შეუგუებლობის პრობლემას. მე მზად ვარ შევხვდე ნებისმიერს და ვისაუბროთ ამ ორივე საკითხზე”.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრების შესაძლო კანდიდატები

“რთული სათქმელია, ვის მოვიაზრებ და ვის არა. თავისი შესაძლებლობები ყველამ მოედანზე უნდა დაამტკიცოს. სამწუხაროდ, ჩვენი ჩემპიონატის დონე არაა ისეთი, რომ ნაკრებს შეესაბამებოდეს. მაგალითად, თუ ნაკრების თამაშისას დაცვა აკეთებს 12 ორთაბრძოლას, საქართველოს ჩემპიონატში ამის ნახევარი კეთდება. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისაა, რომ ახალგაზრდებთან ისევ ძველი მეთოდებით მუშაობენ. სიმართლე ვთქვათ, ესტონეთი ჩვენზე გაცილებით სწრაფად თამაშობდა, სწრაფად გადაადგილდებოდა და აზროვნებდა. ჩვენ ინდივიდუალურად მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ ისინი მოძრაობაში უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას და არა ადგილზე. ადგილზე თამაში უკვე აღარ არსებობს. საქართველოს ჩემპიონატში ყოველ თამაშზე უშეღავათო ბრძოლა უნდა იყოს და აი, მაშინ გაიზრდება დონე, სისწრაფეები და აზროვნება”.

გარიგებული თამაშების პრობლემა

“ყველაფერი უნდა გაირკვეს და დამნაშავეები სამაგალითოდ, ხისტად უნდა დაისაჯონ. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ახალგაზრდები სიბინძურეში ჩაითრიონ და არასწორი გზით წაიყვანონ. ფეხბურთელი ვერასდროს გაიზრდება თუ მან იცის, რომ დღეს წააგებს ან მოიგებს. უხეშად რომ ვთქვა, ამაზრზენია ასეთი ფაქტები და კარგია, რომ ფედერაცია ამ პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობს”.

ოქრიაშვილი, ჰუფნაგელი და სხვები...

“გერმანიასთან თამაშის შემდეგ ჩემთან სტუმრად ფრანკფურტის “აინტრახტის” წარმომადგენელი იმყოფებოდა და ოქრიაშვილზე მესაუბრა, თუმცა ამას მერე გაგრძელება არ მოჰყოლია. თორნიკე უდიდესი ნიჭის პატრონია და დიდი ფეხბურთის თამაში ნამდვილად შეუძლია, მაგრამ მან უნდა გაითავისოს, რომ ახლა მისი ბოლო შანსია. ღმერთმა არ ქნას ქართულმა ფეხბურთმა ასეთი ტალანტი დაკარგოს. მან აქამდე დაშვებული შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროს და მხოლოდ ფეხბურთზე და ფეხბურთის თამაშზე უნდა იფიქროს.

ჰუფნაგელის ახლა გამოძახების მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებისთვის მისი დაბევება გახლდათ. ამიერიდან იგი სხვა ქვეყნის გუნდში ვეღარ ითამაშებს. ისე კი, მას ნამდვილად მოვიაზრებ ახლო მომავალში ნაკრების წევრად. თანაც, ძირითადი შემადგენლობის. ფაქტია, რომ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის თვისება აქვს, რაც ჩვენი მთავარი პრობლემაა – მენტალურად იგი იდეალურადაა მზად. ახლა ყველაფერი მის ხელშია და დარწმუნებული ვარ, ნაკრების სრულფასოვანი წევრი გახდება.

საუბარია, რომ ამისულაშვილი სათამაშოდ საქართველოში დაბრუნდება. ეს კი ჩვენთვის ნამდვილად იქნება პრობლემური, რადგან არ ექნება ისეთი დატვირთვა, როგორიც თუნდაც თურქეთის პირველ ლიგაში აქვს. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ეს რეალობაა. გული მწყდება, რომ ლაშა დვალს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. არადა, მასაც შეუძლია ნაკრებს გამოადგეს, იმედია, ისიც იპოვის ისეთ გუნდს, სადაც ითამაშებს. უკრაინაშიც ვიყავი და “ჩერნომორეცის” მცველის, დავით ხოჭოლავას თამაში ვნახე. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებისთვის მზად არაა, მაგრამ ერთი თამაშით არაფერი წყდება. იგი საქმეში კიდევ უნდა ვნახო”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121917