ფეხბურთი

11:00 | 30.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივის” რელსები: ძირიდან ზემოთ
აგილარზე, ყენიაზე, არაბიძეზე და პრობლემებზე

თბილისის “ლოკომოტივი” ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო ტალანტებით. კლუბს აშკარა კურსი აქვს აღებული: ბავშვებისა და ჭაბუკების აღზრდა, შემდეგ კი მათი გაყიდვა. საკმარისია, თუნდაც ორი სახელ-გვარი ვთქვათ: ლევან ყენია და გიორგი არაბიძე. თუმცა სხვა არაერთი ფეხბურთელიც გაუყიდია “ლოკომოტივს” უცხოეთის ნორმალურ გუნდებში, მაგალითად, ლუკა ზარანდია “გენკში”, ლუკა კიკაბიძე “ბასტიაში”, გიორგი აბურჯანია “ანორთოსისში”, გიორგი გოროზია “სტაბეკში”. ეს მხოლოდ უცხოური კლუბები ჩამოვთვალეთ.

“ლოკომოტივის” ძირითადი გუნდი ბოლო ტურებში კარგად ათამაშდა, დუბლები (მწვრთნელი – ლაშა ჭაღიაშვილი) სულაც პირველ ადგილზე არიან, ჭაბუკთა ლიგაში ერთი გუნდი (1998/99 წელს დაბადებულები) მეორე პოზიციაზეა, ხოლო ასევე ჭაბუკთა ლიგაში (2000/2001) მესამეზე იმყოფებიან.

ამ ზაფხულს “ლოკომოტივმა” აკადემია ჩამოაყალიბა, რომლის ხელმღვანელი გიორგი ყიფიანია, ხოლო მწვრთნელი – გიორგი მინაშვილი. აკადემიაში კარგი პირობებია, უფროსი ასაკის გუნდები საგურამოში ვარჯიშობენ, სადაც ორი ბუნებრივი და ერთი ხელოვნურსაფარიანი მინდორია. უმცროსებისა კი, ვერის ბაღის მოედანზე.

“მსოფლიო სპორტი” ჭაბუკთა ლიგის მწვრთნელებს, გიორგი ჩიტაურს (1998/99-წლიანებს წვრთნის), ლაშა გაფრინდაშვილსა და მალხაზ ქოქიაშვილს (2000/2001-იანებს თავკაცობენ) გაესაუბრა. სხვათა შორის, ხსენებულმა არაბიძემ სამივე მათგანის ხელში გაიარა...

გიორგი ჩიტაური: “ჩვენი მიზანი ძირითადი გუნდისთვის ფეხბურთელთა მიწოდებაა. შარშან ზაფხულს ჩვენგან 9 ფეხბურთელი გადავიდა ზემოთ, მათ შორის, გიორგი არაბიძე, შერმადინ ართმელაძე, გიორგი კიკნაძე და სხვები. გარდა ამ მიზნისა, ასევე ვიბრძვით ჩემპიონობისთვის. ჩვენს ასაკში ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონები თუ გავხდებით, უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში გასვლის შანსი გვექნება”.

გიორგი ჩიტაური 1995 წელს დაბადებულთა იმ ბავშვებს წვრთნიდა, რომლებმაც ვასილ მაისურაძის 17-წლამდელებში საოცარ შედეგს მიაღწიეს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ. იმ დროს “ლოკომოტივიდან” ბევრი ჭაბუკი იყო. ჩიტაური იხსენებს, რომ ბავშვების წარმატებულად გაზრდაში დიდი წვლილი ესპანელ მწვრთნელ იაგო აგილარს მიუძღოდა.

“აგილარმა ესპანეთიდან ჩამოიტანა სპეციალური ვარჯიშების სისტემა, რომელიც “ბარსელონაში” იყო აპრობირებული ჯერ კიდევ 90-იან წლებში. “ტიკი-ტაკა”, რომელიც ასე პოპულარული გახდა და ყველა აალაპარაკა, აგილარმა “ლოკომოტივშიც” დააფუძნა. ჩვენმა ბავშვებმა კარგად აუღეს ალღო ამ სტილს. აგილარმა სამი წელი იმუშავა “ლოკომოტივში” და მისი დიდი დამსახურება იყო, რომ ნიკა ჭანტურია, მათე ცინცაძე და სხვები კარგად ათამაშდნენ. მეც ვწვრთნიდი იმ გუნდს, თანაც წლობით. კარგი გუნდი გვყავდა 1994 წელს დაბადებულებშიც, მაგრამ ისე ვერ განვითარდნენ, როგორც ველოდით. რაც შეეხება 1995-იანებს, რომლებზეც ვსაუბრობდით, “ლოკომოტივის” პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ ეს გუნდი ორჯერ გაუშვა ბარსელონაში, საერთაშორისო ტურნირზე და იქ ორივეჯერ ნახევარფინალში წავაგეთ”.

აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი (1997/98 წლიანები) გასულ სეზონში მიხეილ მესხის თასის გამარჯვებული გახდა და თანაც, დიდი უპირატესობით.

ლაშა გაფრინდაშვილი: “ამჟამად 2000/2001 წელს დაბადებულთა გუნდს ვწვრთნით და ჭაბუკთა ლიგაში მესამე ადგილზე ვართ. ეს ამ ზაფხულს შექმნილი გუნდია, ივლისში შეკრებილი. ვცდილობთ, წინ წავწიოთ და დავაფრთიანოთ. 18 წელია, რაც ბავშვებსა და ჭაბუკებს ვწვრთნი, ასე რომ, ცუდ ტენდენციებს მეც ვამჩნევ: მეტწილად, 18-19 წლის ბიჭები ზრდას წყვეტენ და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს. ბევრს ეზარება, ზოგს ყოფითი პრობლემები აქვს. დიდი პრობლემაა მედიცინაც. ჩვენთან არა, მაგრამ ბევრია გუნდი, სადაც ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

...1995 წელს დაბადებულებთან მეც ვიმუშავე. მაგალითად, ნიკა ჭანტურია თავიდან ნახევარმცველი იყო, მაგრამ სიმაღლით გამოირჩოდა და მცველად ჩაწვიე. მას ლიდერის თვისებები ბავშვობაშივე ჰქონდა, თანაც, ჭკვიანი და ერუდირებული ბავშვი იყო. მათე ცინცაძე ფოთში მოგვეწონა და იქიდან წამოვიყვანეთ მშობლების თანხმობის შემდეგ. ცინცაძე თავდამსხმელი იყო და ნახევარდაცვაში დავწიეთ. მაშინ თასებსაც ხშირად ვიგებდით.

...ჩვენთან ისე ხდებოდა, რომ ასაკობრივი გუნდები გვეცვლებოდა, შემდეგ სხვა მწვრთნელების ხელში გადადიოდნენ. ყველაზე გამორჩეულები თავიანთ ასაკში ვინც მყავდა, ყენია და არაბიძე იყვნენ. ყენიაზე იმხელა წვლილი არ მიმიძღვის, რამდენიც სხვებზე, რადგან ორი წელი კი იყო ჩვენს გუნდში, მაგრამ ხან უმაღლესი ლიგის “ლოკომოტივში” იწვევდნენ, ხან ასაკობრივ ნაკრებებში. თუმცა რაც ჩვენთან ითამაშა, სიამოვნება იყო მისი ყურება. არაბიძე კი დიდხანს იყო ჩემს გაწვრთნილ გუნდში – 6 წელი.

...ყენიასა და არაბიძის შედარება ცოტა გამიჭირდება, რადგან განსხვავებული მანერა ჰქონდათ. არაბიძე უფრო დრიბლიორი იყო და გოლები ხშირად გაჰქონდა, ყენია კი უკეთ ხედავდა მოედანს. ისე, ორივენი დისციპლინირებულნი იყვნენ, არ ზარმაცობდნენ, ძალიან უყვარდათ ფეხბურთი.

...”ლოკომოტივშია” და ჩვენს ხელში გამოიარა 16 წლის ლაშა ოზბეთელაშვილმაც, რომელიც 17-წლამდელთა ნაკრებშია და როგორც იცით, მან გაიტანა ელიტ-რაუნდზე გამსვლელი გოლი ბოლო წუთზე. ამჟამად ოზბეთელაშვილი უფროსი ჭაბუკთა ლიგის გუნდში, ან დუბლებში გამოდის. გვითამაშია “დანა ქაფზე” და “გოთია ქაფზე”, შესაბამისად, დანიასა და შვედეთში. 1997 წლს დაბადებულებით, დანიაში 128 გუნდს შორის მესამე ადგილზე გავედით. იცით, ეს პრესტიჟული ტურნირებია, ბავშვთა შორის არაოფიციალურ მსოფლიოს ჩემპიონატს ეძახიან”.

მალხაზ ქოქიაშვილი: “ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჭაბუკები ზრდას წყვეტენ და არც მე ვარ სხვა აზრისა. უმთავრესი პრობლემა თავშია, მენტალიტეტშია. ზოგს კაზინოდან ვერ გამოიყვან, ზოგს დისკოთეკიდან, ზოგს რა ფიქრები აღარ აქვს. ფეხბურთი კი უკვე მეორადი სამსახური ხდება მათთვის. არადა, უცხოურ საერთაშორისო ტურნირებზე რომ ვყოფილვართ, მინახავს, სხვადასხვა ქვეყნის გუნდები ერთად რომ დაეწყობოდნენ, ჩამი-ჩუმს ვერ გაიგებდი. თქმაც არ სჭირდებოდათ ადრე დაძინებაზე და ადრე გაღვიძებაზე. ხშირად ვამბობთ, ქართველი ჭაბუკები ნიჭიერები არიანო და მართლაც, ამ მხრივ ბევრს სჯობნიან, მაგრამ დისციპლინაში ჩამორჩებიან.

...თუმცა კარგიც გვაქვს და ეს უნდა განვავითაროთ. მშვენიერი ტურნირი მოვიგეთ შარშან გაზაფხულზე თურქეთში: გაფრინდაშვილი იყო მთავარი მწვრთნელი და მე – ასისტენტი. 16 გუნდს შორის, პირველი ადგილი ავიღეთ 1999 წელს დაბადებულებით, რომელთაგან ახლა თითქმის ყველა ფეხბურთელი “ლოკომოტივის” უფროსი ჭაბუკთა ლიგის გუნდშია”.

0.111534