ფეხბურთი

14:26 | 29.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონური დერბი განსხვავებული მიზნებისთვის

ინგლისის ჩემპიონატის მე-14 ტურის მეორე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს “უაით ჰართ ლეინზე” გასამართი მატჩი იწვევს, სადაც ადგილობრივი “ტოტენჰემი” ლონდონურ დერბიში “ჩელსის” უმასპინძლებს.

კლუბები მოახლოებულ შეხვედრას სრულიად განსხვავებულ სიტუაციაში ხვდებიან. “ტოტენჰემი” მშვენიერ ფორმაშია, პირველი ტურის შემდეგ არ წაუგია და დღეს გამარჯვების შემთხვევაში მე-3 ადგილზე მყოფ “იუნაიტედს” ერთ ქულამდე მიუახლოვდება. “დეზებს” საქმეები კარგად მისდით ევროპა ლიგაზეც, სადაც 1/16 ფინალური ეტაპის საგზური უკვე გაიფორმეს.

რაც მთავარია, მძიმე სტარტის შემდეგ ფორმაში შევიდა ლონდონელთა საუკეთესო გოლეადორი ჰარი კეინი, რომელმაც გოლების გატანა დაიწყო და გასულ ოთხ მატჩში შვიდი გოლის გატანა მოახერხა, როდესაც ახალგაზრდა ფორვარდს მიმდინარე პრემიერლიგაში სულ რვა ბურთი აქვს გატანილი.

ყოველთვის პრობლემატური გახლდათ “დეზების” დაცვის ხაზი, თუმცა წელს ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა. კლუბს მხოლოდ 11 ბურთი აქვს გაშვებული, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია პრემიერლიგაში.

მასპინძლებს პრიტჩარდი და ჩადლი ჰყავთ ტრავმირებულნი, ალი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ბენტალებისა და ლამელას თამაში საეჭვოა.

“ჩელსის” კრიზისზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა, ამიტომაც ამის მიზეზებზე თავს აღარ შეგაწყენთ და უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს კლუბი 14 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.

შუა კვირაში ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის მატჩში გასვლაზე “მაკაბი” გაანადგურეს და ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ეს შეხვედრა “ჩელსისთვის” გარდამტეხი იქნება. რამდენად მართალია პორტუგალიელი სპეციალისტი დღესვე გამოჩნდება. “ჩელსის” ძალიან სერიოზული, პრინციპული მეტოქე ჰყავს და კრიზისისგან თავის დაღწევა თუ სურთ, აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, რაც მეტად რთული საქმეა.

“არისტოკრატებს” კურტუა და ფალკაო ჰყავთ ლაზარეთში, ხოლო რამირესისა და ტერის თამაში საეჭვოა.

გასულ სეზონში “უაით ჰართ ლეინზე” ამ კლუბების დაპირისპირება “დეზების” გამარჯვებით 5:3 დასრულდა.

ტოტენჰემი – ჩელსი

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, უოლკერი, როუზი, დაიერი, მეისონი, სონი, დემბელე, ერიკსენი, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ზუმა, კეჰილი, აზპილიკუეტა, ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი, ოსკარი, ვილიანი, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

აღნიშნული დაპირისპირების გარდა, კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება. მე-4 ადგილოსანი “არსენალი” გასვლაზე “ნორვიჩის” დამარცხებასა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გადასწრებას შეეცდება.

მოფერიანებული “ლივერპული” საკუთარ კედლებში “სუონსის” მიიღებს, ხოლო “ვესტ ჰემი” შინ “ვესტ ბრომვიჩს” დაუხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115857