ფეხბურთი

12:51 | 28.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა იოლი შეხვედრები

ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღეს ხუთი შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს “ნოუ კამპზე” გასამართი შეხვედრა იწვევს, სადაც გათამაშების ლიდერი “ბარსელონა” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდება.

მოახლოებულ მატჩს “ბლაუგრანა” შესანიშნავ ფორმაში ხვდება და რაც დრო გადის, კიდევ უფრო უმატებს. კატალონიელები ბოლოს 3 ოქტომბერს “სანჩეს პისხუანზე” “სევილიასთან” დამარცხდნენ (1:2). მას შემდეგ კლუბმა ცხრა შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც რვა მოიგო და ერთი ფრედ ითამაშა (“ვილანოვენსესთან” სათასო მატჩი, რომელშიც “ბარსელონა” მეორე შემადგენლობით გავიდა).

ბასკური კლუბი კატალონიელთათვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ითვლება, თუმცა “ბლაუგრანას” “სოსიედადთან” მხოლოდ “ანოეტაზე” უჭირს, სადაც 2007 წლის შემდეგ არ მოუგია, ხოლო “ნოუ კამპზე” არანაირი პრობლემა არ ექმნება და 1998 წლიდან გამართული ყველა მატჩი (15) აქვს მოგებული. ასე რომ, “სოსიედადს” დღესაც ძალიან გაუჭირდება და წარმატების ძალიან მცირე შანსი აქვს.

მასპინძლებს ტრავმების გამო რაფინია, სერხი რობერტო, ხავიერ მასკერანო და დუგლასი დააკლდებიან.

“სოსიედადის” მწვრთნელის რანგში კარგი დებიუტი გამოუვიდა ეუსებიო საკრისტანს, რომლის ხელმძღვანელობითაც ბასკურმა კლუბმა გასულ ტურში შინ “სევილიას” სძლია (2:0). “სოსიედადი” ამჟამად 12 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ორი ქულით უსწრებს. ბასკებს ჯონათასი, ზალდუა და ზურუტუზა ჰყავთ დაშავებულნი, ხოლო ილარამენდი დისკვალიფიცირებულია.

აღსანიშნავია, რომ “ჩური ურდინის” ახალი მწვრთნელი ეუსებიო საკრისტანი გასულ სეზონში “ბარსელონას” მეორე გუნდს წვრთნიდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, ვერმაელენი, ალბა, ალვეში, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა, მესი, ნეიმარი, სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, ელუსტონდო, ბერჩიჩი, პარდო, გრანერო, კანალესი, ბრუმა, პრიეტო, აგირეჩე.
მწვრთნელი: ეუსებიო საკრისტანი

მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

მე-2 ადგილზე მყოფი მადრიდის “ატლეტიკო” საკუთარ კედლებში “ესპანიოლს” მიიღებს და წესით, დაგეგმილი სამი ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. მადრიდელები ამ მომენტისთვის ლიდერს ოთხი ქულით ჩამორჩებიან, ხოლო უახლოეს მდევარს ორი ქულით უსწრებენ.

“როხიბლანკომ” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე “გალათასარაის” სძლია და 1/8 ფინალის საგზური ოფიციალურად გაიფორმა. შესაბამისად, დიეგო სიმეონეს შეგირდები დღევანდელ მატჩს ჩინებულ განწყობაზე ხვდებიან.

მადრიდელებს ტრავმირებული მხოლოდ ჯექსონ მარტინესი ჰყავთ, ხოლო კაპიტანი გაბი დისკვალიფიცირებულია.

“ესპანიოლმა” გასულ ტურში მნივნელოვანი გამარჯვება მოიპოვა “მალაგასთან” და მე-10 ადგილამდე აღზევდა. ცხრილში ძალიან სიმჭიდროვეა და “თუთიყუშები” ევროსაგზურების ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.

სერხიო გონსალესს ფონს გასვლა ტრავმირებული არბილიასა და დისკვალიფიცირებული ვიქტორ სანჩესის გარეშე მოუწევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, საული, კოკე, კორეა, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ესპანიოლი (4-2-3-1): პაუ, ა.გონსალესი, როკო, დუარტე, ხ.ლოპესი, დიოპი, სევილია, ვ.ალვარესი, ასენსიო, ჰ.პერესი, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

მსაჯი: ვიკანდი გარიდო

“ვისენტე კალდერონზე” გასამართი მატჩის დასრულებისთანავე “ლა როსალედაზე” ანდალუსიური დერბი გაიმართება: ბოლო ადგილოსანი “მალაგა” “გრანადას” მიიღებს და თუ ვერ მოიგებს, დიდი ალბათობით ხავი გრასია უმუშევარი დარჩება.

“ლას პალმასი” ლა კორუნიის “დეპორტივოს” უმასპინძლებს, ხოლო “სელტა” საკუთარ მოედანზე “ხიხონს” დაუპირისპირდება და ორმატჩიანი წაგებათა სერიის დასრულებას შეეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114439