ჩოგბურთი

18:38 | 27.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი - 2015 წლის შეჯამება 

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის 2015 წლის სეზონი კარიერაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. ნოლემ 82 შეხვედრა მოიგო და მხოლოდ 6 მატჩი წააგო. ჯოკოვიჩმა 2015 წელს ჩოგბურთის თამაშით 21.6 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშვა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ნოლემ სეზონში 6 მასტერსი მოიგო, რისი გაკეთებაც აქამდე ვერც ერთმა ჩოგბურთელმა მოახერხა.

ბალკანელმა წლევანდელ სეზონში 15 ტურნირში მიიღო მონაწილეობა და 11 ტიტული მოიპოვა (ავსტრალიის ღია პირველობა, “ინდიან უელსი”, “მონტე კარლო”, “რომი”, “უიმბლდონი”, “ამერიკის ღია პირველობა”, “ბეიჯინგი”, “შანხაი,” “პარიზი”, წლის შემაჯამებელი ტურნირი).

ჯოკოვიჩმა წააგო ფედერერთან 3-ჯერ (“დუბაის” ფინალი, “ცინცინათის” ფინალი, წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპი), ივო კარლოვიჩთან (“დოჰას” მეოთხედფინალი), სტანისლას ვავრინკასთან (“როლან გაროსის” ფინალი), ენდი მარეიესთან (“მონრეალის” ფინალი).

სერბმა 4 დიდი “სლემის ტურნირიდან” მხოლოდ “როლან გაროსზე” ვერ მიაღწია საწადელს.

“ავსტრალიის ღია პირველობაზე” ნოლემ ანდრეი კუზნეცოვის, ფერნანდო ვერდასკოს, ჟილ მიულერის და მილოშ რაუნიჩის ბარიერები მარტივად გაიარა. ნახევარფინალში სტანისლას ვავრინკასთან ხუთსეტიანი რთული შეხვედრა გამოუვიდა, მაგრამ გადამწყვეტ სეტში სერბმა დამაჯერებლად იმარჯვა 7:6, 3:6, 6:4, 4:6, 6:0. ფინალში ენდი მარეიმ ორი სეტი იბრძოლა, მაგრამ მესამე და მეოთხე სეტში მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია 7:6, 6:7, 6:3, 6:0 და ჯოკოვიჩი “ავსტრალიის ღია პირველობის” გამარჯვებული მეხუთეჯერ გახდა.

“როლან გაროსის” საწყის ეტაპზე ნოლემ 3 სეტში იარკო ნიემინენი, ჟილ მიულერი, თანასი კოკინაკისი, რიშარ გასკე დაამარცხა. მეოთხედფინალში ბალკანელი გრუნტის მეფეს რაფაელ ნადალს შეხვდა, რომელსაც “საფრანგეთის ღია პირველობაზე” მხოლოდ ერთხელ ჰქონდა წაგებული. მან ნადალი 3 სეტში 7:5, 6:3, 6:1 გაანადგურა, მთავარი მეტოქე ჩამოიშორა, ნოვაკის ოცნება თითქოს უნდა ასრულებულიყო და გრუნტის საფარის დიდი სლემის ტურნირი პირველად უნდა მოეგო. ჯოკოვიჩი ფინალში მოულოდნელად სტანისლას ვავრინკასთან 6:4, 4:6, 3:6, 4:6 დამარცხდა და “როლან გაროსის” მოგება შემდეგი წლისთვის გადადო. ფინალში ნოვაკს ფსიქოლოგიურად გაუჭირდა, პირველი სეტის მოგების შემდეგ, მან თითქოს ვერ დაიჯერა, რომ ასე ახლოს იყო სანუკვარი ტურნირის მოგებასთან, რამდენიმე გადამწყვეტ მომენტში ვავრინკამაც დიდოსტატურად ითამაშა.

“უიმბლდონზე” ნოლემ ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით გაიარა, გარდა 4 ტურში კევინ ანდერსონისა, სადაც სერბს მართლა ძალიან გაუჭირდა. შეხვედრა მეხუთე სეტამდე მივიდა, მაგრამ ანდერსონს გამოცდილება არ ეყო. ფინალში რეიტინგის ლიდერს როჯერ ფედერერი დაუპირისპირდა, 7:6, 6:7, 6:4, 6:3 აჯობა და კარიერაში ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მესამედ მოიგო.

“ამერიკის ღია პირველობაც” დიდი სლემის სხვა ტურნირების მსგავსად ბალკანელმა საწყისი ეტაპი იოლად გაიარა და ფინალში ისევ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. ამ ტურნირზეც ფედერერმა მხოლოდ ერთი სეტის მოგება შეძლო 6:4, 5:7, 6:4, 6:4 -ჯოკოვიჩი აღნიშნულ ტურნირს კარიერაში მეორედ იგებს. სულ კი ნოლეს კარიერაში დიდი სლემის 10 ტურნირი უგროვდება და თუ გავითვალისწინებთ მის სპორტულ ფორმას, მას აქვს რესურსი მინუმუმ რაფაელ ნადალის “დიდი სლემის” 14 ტურნირზე ავიდეს და მაქსიმუმ როჯერ ფედერერის რეკორდზე (17 ტიტული) გავიდეს.

რაც შეეხება ჯოკოვიჩის დაპირისპირებებს ფედერერთან, ნადალთან და მარეისთან. ნოელმ 2015 წელს ფედერერს ურთიერთშეხვედრებში 5:3 მოუგო. ფედერერმა სამივე შეხვედრა 2 სეტში მოიგო, ხოლო შეხვედრები, რომლებიც უფრო დიდხანს გაგრძელდა იქ ნოლემ იმარჯვა. როჯერს უჭირს საათების განმავლობაში სტაბილურად ითამაშოს, ხოლო ნოვაკს პირიქით. შვეიცარიელს ზუსტად იმ სამ შეხვედრაში წაუვიდა თამაში და ამიტომაც შეძლო გამარჯვების მოპოვება. სერბმა წელს ნადალი დაჩაგრა, 4-დან ოთხივე შეხვედრა მოუგო, თანაც ისე, რომ სეტიც კი არ წაუგია. ესპანელმა ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ვერც გრუნტის საფარზე. მარეიმ ნოლეს დამარცხება მხოლოდ ერთხელ მოახერხა და 6-ჯერ თვითონ წააგო. მარეის ბალკანელთან იმ ერთ შეხვედრას თუ არ ჩავთვლით, რომელიც უფრო ჯოკოვიჩმა ვერ ითამაშა, რეალური შანსი არ ჰქონია.

წლევანდელმა სეზონმა აჩვენა, რომ რეიტინგის პირველი ნომერი უკონკურენტოა. ნოლეს მეტნაკლებად კონკურენტად შეიძლება როჯერ ფედერერი ჩავთვალოთ, მაგრამ ხანგრძლივ შეხვედრებში ისიც უშანსოდაა.

სერბის ასეთი სეზონი რამდენიმე კომპონენტმა განაპირობა. მისმა უშუალო კონკურენტებმა ძალიან მოუკლეს, მაგალითად, რაფალ ნადალი, რომელსაც კარიერაში ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა. ჯოკოვიჩმა უკანა ხაზიდან თამაში უფრო დახვეწა. მისი დარტყმები ბექჰენდიდან და ფორჰენდიდან უფრო აკურატული და ზუსტი გახდა, ნოლე ასევე ოდნავ, მაგრამ მაინც ბადესთან უკეთესად ათამაშდა. ჯოკოვიჩი ფსიქოლოგიურდაც ბევრად დაღვიანებულია ვიდრე წინა წლებში.

ATP-ის რეიტინგი კარგად ასახავს ჩოგბურთელებს შორის განსხვავებას. ჯოკოვიჩი 16 585 ქულით რეიტინგს ლიდერობს და მეორეადგილოსან ენდი მარეიზე (8 670 ქულა) ორჯერ მეტი ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.174622