ფეხბურთი

18:11 | 23.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეთორმეტე ტური: არასტუმართმოყვარეობა

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთორმეტე ტურში მასპინძლების ჰეგემონია ვიხილეთ: რვა მატჩიდან შვიდში მათ მოიგეს და მხოლოდ ერთი მატჩი დასრულდა ფრედ. მეტიც, სტუმრებმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანეს. ეს მოახერხა მარტვილელმა ვასიკო გოგოლიძემ (“კოლხეთთან”) და სამტრედიელმა ბუდუ ზივზივაძემ (თბილისის “დინამოსთან”).

წინა ტურში თუ 35 გოლი გავიდა, ამჯერად მხოლოდ 17 გოლი ვიხილეთ, რაც დაბალი შედეგიანობაა. ყველაზე დრამატული გამოდგა “კოლხეთი”-“მერანი”. აუტსაიდერები გოგოლიძის გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე “კოლხეთმა” ორი გოლი გაიტანა: ნიკა სიჭინავამ და ლევან კუხალეიშვილმა ფოთელებს მოაგებინეს და გუნდი მეათე ადგილზეა.

უმაღლეს ლიგაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა საბურთალოელმა გიორგი კოხრეიძემ, თანაც, 94-ე წუთზე შეაგდო და “საბურთალოს” 1:0 მოაგებინა “ზუგდიდთან”. კოხრეიძე რამდენიმე დღის წინ გახდა 17 წლის.

“დილამ” ისლამ მაშუკოვის სწრაფი გოლით 1:0 აჯობა თბილისის “ლოკომოტივს”, რომელსაც ამ შეხვედრამდე სამმატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდა. მაშუკოვის გოლი დიდწილად გიორგი ერისთავის დამსახურებაა, რომელმაც ფლანგზე მშვენიერი ფინტით ჩამოიშორა მეტოქე და პასიც კარგი გააკეთა. ისე, “ლოკომოტივიც” კარგად გამოიყურებოდა.

ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული შეხვედრა შედგა “ცხინვალსა” და “სიონს” შორის. ვარლამ კილასონიას გაწვრთნილებმა 2:0 იმარჯვეს და ოთხეულში მყარად დაიმკვიდრეს ადგილი.

ზოგადად, ოთხი გუნდი გამოიკვეთა ლიდერთა და აუტსაიდერთა ჯგუფშიც: ზემოთ არიან “დინამო” (თბილისი), “დილა”, “სიონი” და “ცხინვალი”, ქვედა ზონაში კი გამოიკვეთნენ “გურია”, “საპოვნელა”, “ზუგდიდი” და “მერანი”. მარტვილელებს ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ, მხოლოდ ერთხელ მოიგეს და 11 წაგება მოუგროვდათ.

სეზონის ერთ-ერთი მოულოდნელობა ქუთაისის “ტორპედოს” სუსტი თამაშია. ერთი შეხედვით, ფეხბურთელთა კარგი კონტინგენტი შეიკრიბა, მაგრამ გუნდი მე-11 საფეხურზეა. ამჯერად, ქუთაისელებმა “შუქურასთან” 0:0 ითამაშეს.

ლიდერი კი გია გეგუჩაძის გაწვრთნილი “დინამოა”, რომელიც “სამტრედიასთან” აგებდა, თუმცა 3:1 იმარჯვა. ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა ნახევარმცველმა ჯაბა ჯიღაურმა, ერთი გოლი კი გიორგი გურულმა მიითვალა. ეს გურულის პირველი გოლია სეზონში. საუკეთესო გოლი მაინც ჯიღაურისა იყო, მან ცაციით მეკარეს შორეულ კუთხეში აუჭრა ბურთი.

ბათუმელებმა კი 1:0 აჯობეს “საპოვნელას”. ერთადერთი გოლი ვალერიან თევდორაძემ საჯარიმოს გარედან დარტყმით გაიტანა. მასპინძლებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ერთხელ თავადაც გადარჩნენ.

ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც ერთმა გუნდმა შანსი არ დაუტოვა მეორეს, “ჩიხურა”-”გურია” იყო. 5:0 და “ჩიხურა” მეხუთე ადგილზეა.

“კოლხეთი” (ფოთი) – “მერანი” (მარტვილი) 2:1

“დილა” (გორი) – “ლოკომოტივი” (თბილისი) 1:0

“დინამო” (ბათუმი) – “საპოვნელა” (თერჯოლა) 1:0

“ჩიხურა” (საჩხერე) – “გურია” (ლანჩხუთი) 5:0

“დინამო” (თბილისი) – “სამტრედია” 3:1

“ტორპედო” (ქუთაისი) – “შუქურა” (ქობულეთი) 0:0

“საბურთალო” (თბილისი) – “ზუგდიდი” 1:0

“ცხინვალი” – “სიონი” (ბოლნისი) 2:0

ბომბარდირები

10 – ოთარ მარცვალაძე (დილა)

9 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბილისი)

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბილისი), დიმიტრი ტატანაშვილი (სიონი)

6 – ვილი ისიანი (სიონი), ირაკლი მოდებაძე (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ირაკლი სიხარულიძე (სამტრედია), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია)

5 – გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ავთო ენდელაძე (სამტრედია), გურამ გოშთელიანი (საბურთალო), ზვიად ქანთარია (ლოკომოტივი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121045